2021 წლის ზაფხული, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოყვარულებს იმით დაამახსოვრდათ, რომ კოსმოსში ერთდროულად რამდენიმე ტურისტული ფრენა განხორციელდა. ჯერ “ვირჯინ გალაქტიკის” (Virgin Galactic) მომხმარებლები იმყოფებოდნენ მოგზაურობაში, რის შემდეგაც “ბლუ ორიჯინის” (Blue Origin) ტურისტული მისია დაიწყო. და ბოლოს, 2021 წლის სექტემბერს, “სფეის იქსმა” (SpaceX) ადამიანები კოსმოსში გაგზავნა, მისიის ფარგლებში – “ინსფირეიშენ ფორ” (Inspiration4 – შთაგონება). ბილეთების ზღაპრული ღირებულების მიუხედავად, უამრავი ადამიანია, ვისაც დედამიწის მიღმა სურს გასვლა. კოსმოსური ტურისტების რაოდენობა უკვე ათეულობს აღწევს, მოდით გავიგოთ, რას ამბობენ ისინი თავიანთ გამოცდილებაზე?
კოსმოსური ტურიზმით დაკავებული კომპანიები
ესენია “ვირჯინ გალაქტიკი“, “ბლუ ორიჯინი”, “სფეის იქსი” და რამდენიმე სხვა ორგანიზაცია. ასეთ მომსახურებას გვთავაზობს “როსკოსმოსიც” – 2021 წლის ბოლოს, კომპანიამ საერთაშორისო კომსოურ სადგურზე წარმატებით აიყვანა იაპონელი მილიარდერი უისაკუ მაეძავა და მისი დამხმარე, იოზო ხირანო.
კოსმოსური ფრენისთვის მზადება
კოსმოსურ ტურისტობაზე განაცხადის გაკეთებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ამისთვის მზდ ხართ. “ბლუ ორიჯინი” მოითხოვს, რომ განმცხადებლები იყვნენ 1,5-დან 1,9 მეტრამდე სიმაღლით, წონით 50-დან 101 კილოგრამამდე და საუბრობდნენ ინგლისურად. ასევე, კოსმოსურ ტურისტს არ უნდა ეშინოდეს მინიმუმ 7 სართულიანი შენობის სიმაღლისა, ჩაბნელებულ მანქანაში 15 წამში შეძლოს ღვედის შეკვრა და 90 წუთი გაუძლოს ბუნებრივი მოთხოვნილებების შემოტევას… უმნიშვნელოვანესია ფიზიკური მომზადება, ამიტომ ფრენამდე რამდენიმე თვით ადრე, თითოეული კომპანია ტურისტებს ვარჯიშებით ამზადებს, უტარებს ინსტრუქტაჟს.
კოსმოსური ტურიზმის ფასი
პროფესიონალი ასტრონავტის მახასიათებლებიც თვისებებითაც რომ გქონდეთ, ბევრი ფულის გარეშე კოსმოსში ვერ მოხვდებით. “ვირჯინ გალაქტიკის” კოსმოსური ხომალდის ერთი ბილეთი 450 ათასი დოლარი ღირს – ფრენა კი დაახლოებით 2 საათი გრძელდება. “ბლუ ორიჯინი” 12 წუთიანი ფრენისთვის 300 000 დოლარს ითხოვს. არის “აქსიომ სფეისიც” (Axiom Space), რომელიც 10-დღიან სუბორბიტულ ფრენებს 55 მილიონ დოლარად ახორციელებს.
პირველი კოსმოსური ტურისტი დენის ტიტო
პირველ კოსმოსურ ტურისტად მსოფლიოში, ამერიკელი მილიონერი დენის ტიტო ითვლება. 2001 წლის აპრილში, ის კოსმოსური ხომალდის – “საიუზ TM-32”, ეკიპაჟის წევრი გახდა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ექვსი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და ამასობაში 128-ჯერ შემოუარა დედამიწას. ფრენის წინ, მან არა მხოლოდ ფიზიკური მომზადების კურსი გაიარა, არამედ ისწავლა კოსმოსური ხომალდის მართვაც.
აფრენისას მას, როგორც 61 წლის მამაკაცს, ჰქონდა გულის პრობლემები. ორბიტაზე ყოფნისას კი გადამეტებული ძალით ახტა “იატაკიდან” და სადგურის ერთ-ერთ ლუქს მიარტყა თავი. სიძნელეების მიუხედავად, ამ უჩვეულო მოგზაურობით მაინც აღფრთოვანებული დარჩა: “ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი თავგადასავალი. ზეცაში ავედი და ანგელოზივით დავფრინავდი, ზემოდან დავხედე დედამიწას. ვიცოდი, რომ ეს ძალიან სარისკო თავგადასავალი იქნებოდა და უარესისთვისაც ვემზადებოდი. თუმცა, მთელი ექვსი დღე ეიფორიაში ვიყავი“.
კოსმოსური ტურისტი რიჩარდ გერიოტი
კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც კოსმოსში იმყოფებოდა, არის პროგრამისტი რიჩარდ გერიოტი. 2008 წელს, 12-დან 24 ოქტომბრამდე, ის იყო საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟის წევრი. „კოსმოსში ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, თითქოს, სქანელაზე თავით ქვემოთ ზის. პირველ დღეებში ტურისტებსაც აქვთ მსუბუქი თავის ტკივილი, მაგრამ ეს შეიძლება ჩვეულებრივი ასპირინით აღმოიფხვრას“ – ამბობს გერიოტი.
პროგრამისტმა ასევე თქვა, რომ კოსმოსში ჩნდება “უთანხმოება” სხეულთან. თავი წინ შეიძლება დახაროთ და ამ დროს გრძნობდეთ, რომ ის უკან მოძრაობს. ეს ეფექტი დაახლოებით სამი დღე გრძელდება, მაგრამ შემდეგ ორგანიზმი ეჩვევა. ფიზიკური მომზადება, რიჩარდ გარიოტის თქმით, მართლაც მნიშვნელოვანია – კოსმოსური სამოსი ხისტია და მოძრაობის შემზღუდველი.
კოსმოსური ტურისტი სიან პროქტორი
დაახლოებით იგივეს ამბობს მისია “ინსიფრეიშენ ფორის” მონაწილე სიან პროქტორი. პირველი ორი დღე, მას თავბრუსხვევა და გულისრევა აწუხებდა. ეს იყო ეგრეთ წოდებული „კოსმოსური ავადმყოფობის“ ნიშნები, რომელიც ჩნდება ორგანიზმის შეგუებისას უწონად მდგომარეობასთან, ორგანიზმში სისხლის გადანაწილების დროს. მესამე დღეს, სიან პროქტორის დაავადებები გაქრა, მაგრამ მისი გუნდი უკვე დედამიწაზე დასაბრუნებლად ემზადებოდა – სიანმა ვერ მოახერხა ფრენით სრულად ტკბობა (ასტრონავტების ტვინიც ”დაცურავს”).
ალბათ მიხვდით, კოსმოსური ტურიზმი ძვირადღირებული სიამოვნებაა, რომლისგანაც 100%-იან სიამოვნებას ერთეულები თუ იღებენ. სტატისტიკის მიხედვით, ასტრონავტების ნახევარი კოსმოსური ავადმყოფობით იტანჯება (როცა უწონობა ტვირთია: რაზე არ ლაპარაკობენ ასტრონავტები).
მიუხედავად ამისა, კოსმოსური ტურიზმი ვითარდება და ასეთ მისიებში მონაწილეობის მსურველიც ძალიან ბევრია. ყოველწლიურად, კომპანიები მოგზაურებს სულ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევენ – 2022 წლის ბოლოს, “სფეის იქსი” ტურისტებს ღია კოსმოსში გასვლის საშუალებას მისცემს (სასტიკი კოსმოსი).