კოსმოსურმა ტელესკოპმა ”ჯეიმს უებ” პლანეტა მარსი სპექტრის ინფრაწითელ დიაპაზონში გამოიკვლია

 კოსმოსური ტელესკოპი ”James Webb” NASA-ს, ESA-ს და CSA – კანადის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტია. ახლახანს მისი საშუალებით ჩვენი მეზობელი პლანეტა – მარსი გამოიკვლიეს. ტელესკოპმა მონაცემები სპექტრის ინფრაწითელ დიაპაზონში შეაგროვა და ორბიტერების, მარსმავლებისა და სხვა აპარატების მიერ შეგროვებული მონაცემები მნიშვნელოვნად შეავსო.

 პლანეტა მარსის ზედაპირისა და ატმოსფეროს ინფრაწითელი სპექტრები – კოსმოსური ტელესკოპი ”James Webb”, ©ESA.

 ”უების” ტელესკოპი 1.5 მილიონი კილომეტრის მანძილზე, მზე-დედამიწის ლაგრანჟის მე-2 წერტილში (L2) განთავსდება, საიდანაც მარსის მზით განათებული მხარე მთლიანად დაიკვირვება. ”უებს” კოსმოსში უშორესი და უმკრთალესი ობიექტების გამოკვლევაც კი შეუძლია ინფრაწითელ დიაპაზონში, ხოლო მარსი იმდენად ახლოსაა, რომ ტელესკოპისთვის მისი დაწვრილებით შესწავლა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს; კერძოდ, მას შეუძლია სპექტრულად დააფიქსიროს ისეთი დეტალებიც კი, როგორიცაა ამინდი – ქვიშის ქარიშხლები, სეზონური ცვლილებები, ასევე – დღე-ღამის მონაცვლეობა, ატმოსფერო ღამით და ა.შ.

 გასაგებია, რომ ”უების” უაღრესად მგრძნობიარე ინსტრუმენტისთვის მარსიდან არეკვლილი მზის პირდაპირი შუქი შეიძლება დამაბრმავებლად მკვეთრი იყოს და გამოიწვიოს ისეთი მავნე ეფექტი, რომელსაც ”დეტექტორის სატურაცია/გამოთეთრება” ეწოდება. ამიტომ ასტრონომებმა ტელესკოპის მართვა ისე დააპროგრამეს, რომ ის მარსიდან არეკვლილ შუქს უმცირესი ”დოზებით” იღებს. კვლევის ასეთ რეჟიმს კი  სპექტრული ანალიზის სპეციალური ტექნიკა უნდა შეუსაბამონ.

 “უების” ტელესკოპმა მარსის პირველი გამოსახულება 2022 წლის 5 სექტემბერს, ახლო დიაპაზონის ინფრაწითელი კამერის – NIRCam (Near-Infrared Camera) მეშვეობით გადაიღო, ხოლო წინასწარი მონაცემები 18 სექტემბერს გამოქვეყნდა. სურათზე მოცემულია მარსის ზედაპირის ერთიდაიგივე უბნების გამოსახულებები, ინფრაწითელი სპექტრის ორ სხვადასხვა უბანში – 2.1 და 4.3 მიკრონზე, შედარებისთვის კი მოცემულია ციფრული რუკა, რომელიც NASA-ს აპარატების და მარსის ორბიტერის ლაზერული ალტიმეტრის – MOLA  (Mars Orbiter Laser Altimeter) მეშვეობითაა გენერირებული.

პლანეტა მარსის კვლევის პირველი შედეგები – სპექტრის ინფრაწითელი დიაპაზონის სხვადასხვა უბანში, James Webb, © ESA/NASA

 პლანეტა მარსის ზედაპირისა და ატმოსფეროს სპექტრები უების ახლო დიაპაზონის ინფრაწითელი სპექტროგრაფით – NIRSpec (Near-Infrared Spectrograph) იქნა მიღებული, რამაც მოგვაწოდა დეტალები მათი ქიმიური შედგენილობების შესახებ. მომავალში, სპექტროსკოპიის მეშვეობით, მარსის ზედაპირის თითოეული ვიწრო უბანი უდიდესი სიზუსტით იქნება გამოკვლეული, ვინაიდან მარსის გრუნტისა და ატმოსფეროს ქიმიური შედგენილობები მრავალფეროვანია და, გეოგრაფიული ლოკაციებზე დამოკიდებულებით, შესამჩნევად იცვლება. კერძოდ, ატმოსფეროში მნიშვნელოვანია ისეთი აირების დაფიქსირება, როგორიცაა მეთანი და წყალბადის ქლორიდის ორთქლი; აქედან, მეთანი შეიძლება ასოცირდებოდეს ცოცხალ ორგანიზმებთან, ხოლო ადამიანისთვის და ტექნიკისთვის უაღრესად მავნე წყალბადის ქლორიდის ორთქლი – გრუნტში არსებულ, ასევე მავნე ნივთიერებებთან.

 უკვე ათეულ წელზე მეტია ESA ორ მარსის ორბიტერს მართავს: ”Mars Express” და ატმოსფერული აირების დეტექტორს – ”ExoMars Trace Gas Orbiter”, და მათი მეშვეობით წითელი პლანეტის გრუნტისა და ატმოსფეროს თავისებურებებზე მნიშვნელოვან მონაცემებს აგროვებს. სულ მალე, ESA-ს (ევროპის კოსმოსური სააგენტო) და  JAXA-ს (იაპონიის აეროკოსმოსური სააგენტო) თანამშრომლობით, პროგრამა MMX (Martian Moons eXploration) ფარგლებში, მარსის მთვარე ფობოსზე კოსმოსური აპარატი გაიგზავნება.

 უფრო მეტი ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპის ოპტიკური ხელსაწყოების შესახებ ბმულზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.