ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა(SISSA, იტალია), კოსმოსური ობიექტის ახალ ტიპი შეისწავლა, რომლის გრავიტაციის ძალა შავი ხვრელის შესადარია, მაგრამ არ გააჩნია მოვლენათა ჰორიზონტი. მის სრულ კოლაფსს კვანტური ეფექტები ეწინააღმდეგება(Phys.org).
მენციერებმა მათემატიკური მოდელი წარმოადგინეს, რომელიც ფარდობითობის ზოგად თეორიასა და ვაკუუმის პოლარიზაციის ეფექტს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ ცარიელ სივრცეში, ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპიდან გამომდინარე, ხდება კვანტური ფლუქტუაციები – ნაწილაკი-ანტინაწილაკი წყვილის მუდმივი გაჩენა-გაქრობა.
ვაკუუმის ფლუქტუაციები, ალბათ, კვანტური ფიზიკის ყველაზე უფრო უჩვეულო ეფექტია – ვაკუუმი არც თუ ისეთი ცარიელია, როგორიც შეიძლება გვეგონოს(ვაკუუმი: ორიგინალური და ყალბი). სინამდვილეში, ეს ”ცარიელი სივრცე” ვირტუალური ნაწილაკების გამუდმებული გაჩენა–განადგურებით დუღს და გადმოდის, სოწრედ ამ მოვლენას უწოდეს ”ვაკუუმის ფლუქტუაცია”. ტერმინი ფლუქტუაცია საშუალო მაჩვენებლიდან შემთხვევით გადახრებს ნიშნავს.
ეს ნაწილაკები ვირტუალურია, რადგან დროის ძალიან მცირე მონაკვეთში არსებობენ და დეტექტორებით მათი რეგისტრირება შეუძლებელია. ასეთნაირად, არც ენერგიის მუდმივობის კანონი ირღვევა(მოკლედ – მატერია – ენერგია).
გარეშე ზემოქმედებისას, მაგალითად, ელექტრონის შემომფარგლავი ელექტრომაგნიტური ველით, ვირტუალური ნაწილაკების ორიენტაცია იცვლება, გაჩენილი წყვილის დადებითი მუხტის მქონე ნაწილაკი, ელექტრონთან ახლოს ექცევა, რაც ელექტრული მუხტის ნაწილობრივ ეკრანირებას იწვევს. ამ ეფექტს ნეიტრონული ვარსკვლავის შავ ხვრელამდე შეკუმშვის შეჩერება შეუძლია, თუნდაც მისი მასა ოპენჰაიმერ-ვოლკოვის ზღვარს აჭარბებდეს(ნეიტრონული ვარსკვლავების მასის ზედა ზღვარი).
ნეიტრონული ვარსკვლავის წონასწორობას გრავიტაცია განსაზღვრავს, ასევე დეგენერირებული გაზის წნევა(პაულის პრინციპი!!!), რომელიც მჭიდროდ ჩაპრესილი ნეიტრონებისგან არის ფორმირებული. გრტავიტაცია თუ ნეიტრონების განზიდვის ძალას გადაძლევს, ვარსკვლავი შავ ხვრელში კოლაფსირებს. ვაკუუმის პოლარიზაცია შუალედური ობიექტის არსებობას უშვებს, ნეიტრონულ ვარსკვლავსა და შავ ხვრელს შორის – ე.წ. კვაზიკლასიკური რელატივისტური ვარსკვლავი.