კოსმოსური ტელესკოპი „ჰაბლი“ სამყაროს შთამბეჭდავი ფოტოებით ჩვენს მომარაგებას აგრძელებს. ახლახანს მის მიერ გადაღებული, იუპიტერზე მომხდარი მზის სამმაგი დაბნელების შესახებ გაუწყებდით(თანამგზავრთა ჩრდილები იუპიტერზე), ამჯერად კი NASA-ს სპეციალისტებს კიდევ ერთი საინტერესო ფოტო ჩაუვარდათ ხელში. კადრში გრავიტაციული ლინზირების ეფექტია გამოსახული, რომელიც ალბათ ქრისტოფერ ნოლანის ფილმშიც – „ინტერსტელარი“, შეამჩნიეთ.
გრავიტაციულ ლინზას მასიური კოსმოსური ობიექტი წარმოქმნის, რომლის მასა იმდენად დიდია, რომ თავისი გრავიტაციული ველით ელექტრომაგნიტური გამოსხივების გავრცელების გზას ამრუდებს. ეფექტი, ჩვეულებრივი ლინზას მიერ სინათლის სხივების გადახრას ჰგავს.
ფოტოზე გალაქტიკური გროვა SDSS J1038+4849 არის წარმოდგენილი. მისი უძლიერესი გრავიტაცია გარშემო სივრცეს ამრუდებს და გრავიატციული ლინზას ეფექტს ქმნის. მოვლენა ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა, ამ შემთხვევაში კი ე.წ. აინშტაინის რგოლს ხედავთ, რომელიც სინათლის წყაროს, მალინზირებელი ობიექტისა და დამკვირვებლის ერთ ხაზზე ყოფნის დროს დაიმზირება(გრავიტაციული ლინზირება; კიდევ გრავიტაციულ ლინზებზე).