ასტროფიზიკოსთა ვარაუდით, მზის სისტემის პლანეტებთან მოძრავი ბნელი მატერიის ნაკადი, გრძელი თმის მსგავს ფორმას იღებს(nasa).
ბნელი მატერია, მატერიის ჰიპოთეტური ფორმაა, რომელიც მხოლოდ გრავიტაციული ურთიერთქმედებით ავლენს თავს, რის გამოც მისი პირდაპირი დამზერა შეუძლებელია(არც თუ ისე ბნელი ბნელი მატერია). ამავე დროს, სამყაროს მატერიის 26% სწორედ მასზე მოდის(”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები).
ჯერ კიდევ 90-იან წლებში მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ ბნელმა მატერიამ, გალაქტიკურ ორბიტაზე ერთნაირი სიჩქარით მოძრავი ნაწილაკების წვრილმარცვლოვანი ნაკადები უნდა წარმოქნას. დედამიწასთან მიახლოებისას, როგორც ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის თანამშრომელმა გერი ფრეზომ გამოითვალა, ნაწილაკები ზემკვრივ ძაფებად ან ”თმებად” ფოკუსირდება.
ჩვეულებრივი მატერიისგან განსხვავებით, ბნელი მატერია ადვილად გადის დედამიწის წიაღს. ფრეზოს აზრით, სწორედ პლანეტის მიზიდულობა ახდენს ნაწილაკთა ნაკადის დეფორმირებას, წვრილსა და უფრო მკვრივ თმის ღერებად აქცევს მას.
ასეთ თმებს, ძირებიც(ნაწილაკების ყველაზე უფრო მაღალი კონცენტრაციით) აქვს და ბოლოებიც. ფრეზოს თქმით, ბნელი მატერიის თმების ძირები დედამიწის ზედაპირიდან მილიონი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ხოლო ბოლოები – 2 მილიონი კილომეტრის იქეთ. იუპიტერის ბირთვში გავლისას, ბნელი მატერიის ”თმებმა” კიდევ უფრო მეტი სიმკვრივის ძირები უნდა წარმოქმნას, ტრილიონჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ნაკადში.
”თუ ჩვენ ამ ძირების ზუსტ ადგილმდებარეობას დავადგენთ, იქ ზონდების გაგზავნასა და ამ იდუმალი სუბსტანციის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას შევძლებთ” – დასძენს ფრეზო.
ასტროფიზიკოსის მიერ ჩატარებულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ დედამიწის შიგნით არსებული ფენების(ქერქი, მანტია, ბირთვ…) სიმკვრივის ცვლილებები ხსენებულ ”თმებზე” უნდა აისახოს, მასში სხვადახსვაგვარი ზიგზაგების წარმოქმნით. თუ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა, მაშინ ციური სხეულების გეოლოგიური რუკების შედგენასაც შევძლებთ, მათ შორის სატურნისა და იუპიტერის ყინულქვეშა ოკეანეების სიღრმების შეფასებასაც(ბნელი მატერია).