ადრეული სამყაროს ზემასიური შავი ხვრელი

 ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსური ტელესკოპით, აუხსნელი მასის შავი ხვრელი იქნა აღმოჩენილი, რამდენიმე მილიარდი მზის მასით (nature.com).

 “ჯეიმს ვების” ინსტრუმენტით MIRI, დაკვირვება ხდებოდა გალაქტიკაზე  J1120+0641, აქტიური ბირთვით, იგივე კვაზარით მასში, რომლის წითელი წანაცვლება შვიდს უტოლდება (z=7). სპექტრული ანალიზით, ამ შავი ხვრელის გარშემო არსებული აკრეციული დისკისა და შემომფარგლავი გაზის ფიზიკური თვისებების დეტალური მონაცემები იქნა მიღებული.

კოსმოსური ტელესკოპი ”ჯეიმს ვები” (NASA).

 MIRI – ფართოდიაპაზონიანი ინსტრუმენტი – 5-28 მიკრონი. მისი ფართოზოლიანი კამერა მაღალი ხარისხის ფოტოებს იღებს. იკვლევს წითელი წანაცვლების მქონე ობიექტებს, ასევე პლანეტებს, კომეტებს, ასტეროიდებს, მზით გაცხელებულ მტვერსა და პროტოპლანეტურ დისკოებს.

 დრო, რომელიც სინათლეს ჩვენს პლანეტამდე მოსაღწევად დასჭირდა, თითქმის თვითონ სამყაროს ასაკს უტოლდება, რადგან ის დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 770 მილიონი წლის მერე გამოსხივდა. ანუ, გალაქტიკის ბირთვში არსებულ ხვრელს ამხელა მასის დაგროვებისთვის სამყოფი დრო არ ჰქონდა (როგორ შეიძლება სამყაროს დიამეტრი მის ასაკს აჭარბებდეს?).

 კვაზარი(ინგლ. quasar – quasi stellar radio source – კვაზი (შუალედური) ვარსკვლავური რადიოწყარო) – არაგალაქტიკური (ირმის ნახტომს გარეთ) ობიექტების კლასი, გამორჩეული ძალიან ძლიერი ნათობითა (სამყაროს შუქურები) და ისეთი მცირე კუთხური ზომებით, რომ წლების განმავლობაში ეს ობიექტები ვარსკვლავები ეგონათ. 

ადრე ითვლებოდა, რომ ადრეული სამყაროს ზემასიური შავი ხვრელების სწრაფი ზრდა, მხოლოდ ე.წ. მატერიის ზეეფექტურად შთანთქმის მექანიზმით იყო შესაძლებელი, მაგრამ ახალი კვლევით დადგინდა, რომ  J1120+0641-ის შავი ხვრელის მიერ მატერიის შთანთქმა და აკრეციული დისკი, მისი თანამედროვე ანალოგებისგან არაფრით განსხვავდება.

შემომფარგლავი მტვროვანი ტორის ტემპერატურა 100 კელვინით მეტი აღმოჩნდა, 1500 კელვინი (ეს ტემპერატურა შედარებით ახლოს მდებარე კვაზარების ცხელი მტვრისთვის არის დამახასიათებელი), მაგრამ ამით მასის სწრაფი ზრდა ვერ აიხსნება. ისიც გაირკვა, რომ არც კვაზარის სინათლეა ძლიერად ბლოკირებული, რაც მის გარშემო მასის მატებისთვის საჭირო ჭარბი რაოდენობით გაზისა მტვრის არსებობას გამორიცხავს.

 კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ადრეულ კვაზარებს, მათ შორის  J1120+0641-ს, შედარებით გვიანი ეპოქების კვაზარების მსგავსი თვისებები აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ზემასიური შავი ხვრელები და მათი “კვების” მეაქანიზმები უკვე მაშინ იყო ფორმირებული, როცა სამყაროს ასაკი სულ რაღაც 700 მილიონ წელიწადს აღწევდა. ადრეული კვაზარების “უჩვეულო ნორმალურობა”, სავარაუდოდ, სამყაროს ადრეული ღრუბლების პირდაპირი კოლაფსით, შავ ხვრელებად შეკუმშვით შეიძლება აიხსნას (დიდი აფეთქება, “ჯეიმს ვები” და “პანიკა”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.