ჰოგის ობიექტი

 ეს სურათი კოსმოსური ობსერვატორია “ჰაბლის” საშუალებით არის გადაღებული. ამ უცნაური ფორმის გალაქტიკას „ჰოგის ობიექტი“ ჰქვია (Hoag’s Object). ის გველის თანავარსკვლავედში მდებარეობს, დედამიწიდან 600 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. 100 ათასი სინათლის წლის ზომის გალაქტიკა, თითქმის იდეალურ წრეს წარმოადგენს, ცისფერი ვარსკვლავებით, რომლებიც ყვითელ ბირთვსაა გარსშემორტყმული. გარსში ცისფერი, მასიური ვარსკვლავები დომინირებს, ბირთვი კი ძირითადათ ხნიერი, ყვითელი ვარსკვლავებისაგან არის შედგენილი. გარე წრესა და ბირთვს შორის არსებულ სივრცეში, შესაძლებელია, არის ვარსკვლავთგროვები, ალბათ ძალიან მკრთალი, რის გამოც ისინი არ ჩანს. ეს გალაქტიკა 1950 წელს ართ ჰოგმა (Art Hoag) აღმოაჩინა. თავიდან, ჰოგი თვლიდა, რომ ეს იყო პლანეტური ნისლეული, რომელიც ევოლუციის ბოლო სტადიაზე მყოფმა მზის მაგვარმა ვარსკვლავმა წარმოქმნა. ძალიან მალე თავისი იდეა უარყო და დაასკვნა, რომ ეს გალაქტიკაა. 1970 წლის დაკვირვებებმა დაამტკიცა, რომ ჰოგის ობიექტი მართლაც გალაქტიკაა, თუმცა მისი ბევრი მონაცემი ჯერ კიდევ გამოცანად რჩება. წრიული ფორმის გალაქტიკები, გალაქტიკების შეჯახებით ფორმირდება. ზოგჯერ, ასეთი შეჯახების დროს, გალაქტიკები ერთმანეთში გაივლიან და თავიანთი შემადგენელი გაზისა და მტვრის გროვებით ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების პროვოცირებას ახდენენ. ჰოგის ობიექტის სტრუქტურაში კი ასტრონომებმა ასეთი შეჯახების ვერანაირი კვალი ვერ იპოვეს. ვარსკვლავური ცისფერი წრე, ალბათ, არის ის, რაც მეორე გაკლაქტიკისგან დარჩა. ასტრონომთა აზრით, ეს შეხვედრა 2-3 მილიარდი წლის წინათ მოხდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.