”ჯუნო” – გრავიტაციული მანევრი

5 ივლისს NASA-ს კუთვნილი კოსმოსური სადგური ”ჯუნო”(რომაულ მითოლოგიაში ოჯახის, დედობის, ქალებისა და ქალთა ნაყოფიერების ქალღმერთი), მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტის ორბიტაზე გავიდა. როგორ მოახერხა მან ასეთი მოგზაურობისთვის საჭირო სიჩქარის აღება? დედამიწისგან ისესხა…

ორბიტაზე გასასვლელად, ”ჯუნოს” მთავარი ძრავა 35 წუთით იქნა ჩართული, რამაც მისი მოძრაობის მიმართულების მცირე ცვლილება გამოიწვია. ამასთან ერთად, აპარატის ელექტროენერგიით მომმარაგებელი მზის პანელები, მნათობისკენ შეტრიალდა.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=kozc5oB7S6w

NASA იუპიტერის ორბიტაზე ”ჯუნოს” გასვლის დასტურს აღნიშნავს.

 დედამიწიდან იუპიტერამდე მანძილის გადასალახავად, უამრავი საწვავი და შესაბამისად, აპარატის დამძიმებაა საჭირო. ამის თავიდან ასაცილებლად, მზის სისტემის შორეულ კუთხეებში მოხვედრილი სხვა აპრატების მსგავსად(”ვოიაჯერი”, ”პიონერი”…), გრავიტაციული მანევრი იქნა გამოყენებული. დედამიწის გარშემო მეორე წრის გაკეთებისას, აპარატმა ჩვენი პლანეტისგან კინეტიკური ენერგიის მცირე ნაწილი მიიღო. დედამიწა შედარებით მცირე აჩქარებას ანიჭებს, რადგან ეს სიდიდე პლანეტის მასის პროპორციულია. იუპიტერი გაცილებით ძლიერი ამაჩქარებელია. 2007 წელს, ზონდმა – ”ახალი ჰორიზონტები”, იუპიტერთან გრავიტაციული მანევრი განახორციელა და ყველაზე სწრაფ ხელოვნურ ობიექტად გადაიქცა კოსმოსის კვლევის ისტორიაში.

 დედამიწამ თავისი კინეტიკური ენერგიის ნაწილი ”ჯუნოს” გადასცა, რაც დაუბრუნებელი დანაკარგია. თუმცა, ზონდისა და დედამიწის მასებს შორის დიდი სხვაობის გამო, ჩვენს პლანეტას ბევრი ვერაფერი დააკლდება: მილიონი წლის მერე ის, მზის გარშემო შემოვლას წამით გვიან დაასრულებს.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=sYp5p2oL51g

”ჯუნოს” ტრაექტორია. 2011 წლის 5 აგვისტოს სტარტის მერე, აპარატი ისევ დედამიწისკენ დაბრუნდა, რათა მისი მიზიდულობის ძლაით დამატებითი აჩქარება მიეღო.

 შემდგომი რამდენიმე თვე, კვლევითი ინსტრუმენტებისა და სხვა ქვესისტემების კალიბრირებაზე წავა. ოფიცილურად იუპიტერის შესახებ მონაცემების მიღებას მენციერები ოქტომბრიდან დაიწყებენ. ”ჯუნომ” უნდა გაიგოს, აქვს თუ არა იუპიტერს მყარი ბირთვი, შეადგინოს პლანეტის მაგნიტური ველის(ყველაზე ძლიერის მზის სისტემის პლანეტებს შორის) რუკა, დაადგინოს ამიაკისა და წყლის რაოდენობა მის ატმოსფეროში, შეისწავლოს იუპიტერისეული თითქმის უწყვეტი პოლარული ნათება.

 ”ჯუნო”(NASA) – ამ კოსმოსური აპარატის მიზანია იუპიტერის პოლარულ ორბიტაზე გასვლა, პლანეტის მაგნიტური ველის შესასწავლად. ამასთან ერთად, მისიის დროს მოხდება ჰიპოთეზის შემოწმება, რომლის მიხედვითაც იუპიტერს მყარი ბირთვი გააჩნია. ”ჯუნო” შეისწავლის გიგანტის ატმოსფეროსაც, დაადგენს მასში წყლისა და ამიაკის შემცველობას, რითაც უფრო ზუსტად გაირკვევა, ამ პლანეტის ფორმირების რომელი თეორიაა უფრო კორექტული. ”ჯუნო” ასევე, იუპიტერის ქარების რუქასაც შეადგენს. ”ჯუნო” არის პირველი ა.ს.ს. მზის ბატარეებზე, რომელიც მზიდან ასე შორს მდებარე პლანეტის შესასწავლად შიქმნა. პროექტი ”ჯუნო” 2005 წლიდან მუშავდება. სადგურის აწყობაზე კომპანია Lockheed Martin Space Systems-ი მუშაობდა, NASA-ს რეაქტიული  მძრაობის ლაბორატორიის მმართველობის ქვეშ. 2011 წლის მარტში ”ჯუნომ” წარმატებით გაიარა ტემპერატურული ტესტები ვაკუუმიან კამერაში. ”ჯუნოს” გასაშვებად გამოყენებულ იქნა რაკეტამატარებელი ატლას-5. იუპიტერამდე ფრენის დრო 5,2 წელს შეადგენს. იუპიტერის გარშემო წაგრძელებულ ორბიტაზე 11 დღიანი პერიოდით იმოძრავებს, მაქსიმალური მიახლოებით 5000 კილომეტრი. აპარატი იუპიტერის ორბიტაზე 1 წელი დარჩება. ”ჯუნოს” პროექტირება და გაშვება ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს 1 მილიარდზე მეტი დაუჯდა. სტარტი 2011 წლის 5 აგვისტოს განხორციელდა(”ჯუნო” იუპიტერს მიუახლოვდა; იუპიტერის მზვერავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.