ყველაზე დიდი და ყველაზე მასიური ვარსკვლავი

 ასტრონომთა ვარაუდით, სამყაროში 1024 რაოდენობის ვარსკვლავი უნდა არსებობდეს. ზოგიერთ მათგანთან შედარებით, ჩვენი მზე ნამდვილი ნამცეცაა. და მაინც, რომელი მათგანი იმსახურებს ციური გიგანტის ტიტულს? დასაწყისისთვის, უნდა შევთანხმდეთ – ყველაზე დიდი რადიუსის თუ ყველაზე დიდი მასის?

 გალაქტიკური გიგანტი

 დღეისათვის ცნობილ ვარსკვლავთა შორის, ყველაზე დიდი რადიუსი ფარის თანავარსკვლავედში მდებარე ცვალებად ზეგიგანტს, ფარის UY-ს უნდა ჰქონდეს. დედამიწიდან 9500 სინათლის წლის მანძილზე მდებარე, მზის მსგავსი ქიმიური შემადგენელის მქონე ზეგიგანტის რადიუსი, ჩვენი მნათობის რადიუსზე 1708(±192)-ჯერ მეტია.

 7,5 მილიარდი კილომეტრის გარშემოწერილობის ვარსკვლავის, თვითმფრინავით შემოსაფრენად 950 წელი დაგვჭირდებოდა. სინათლე იმავე მანძილს 6 საათსა და 55 წუთში დაფარავს. მზის ადგილზე რომ მოგვეთავსებინა, მისი ზედაპირი, სადღაც იუპიტერსა და სატურნს შორის იქნებოდა.

 უზარამზარი ზომისა და მასის გათვალისწინებით, ფარის UY-ს სიმკვრივე 7×10⁻⁶ კგ/მ³-ს უნდა უტოლდებოდეს, რაც წყლის სიმკვრივეზე მილიარდჯერ ნაკლებია.

 სამყაროს მასშტაბების აბაზანაში რომ ჩაგვედო, ის ტივტივს დაიწყებდა. დედამიწის ატმოსფეროზე მილიონჯერ ნაკლები სიმკვრივის ზეგიგანტი, ბუშტივით დაეკიდებოდა ჰაერში, თუ რა თქმა უნდა, მისთვის საკმარის სივრცეს გამოვძებნიდით.

 ფარის UY დიდი ვრსკვლავია, თუმცა არა მძიმეწონოსანი. მძიმეწონოსანთა მეფეა – R136a1, მდებარე მაგელანის დიდ ნისლეულში, დედამიწიდან 165 000 სინათლის წლის მანძილზე.

R136a1

წყალბადის, ჰელიუმისა და სხვა მძიმე ელემენტებისგან შემდგარი გავარვარებული სფეროს რადიუსი, სულ რაღაც 35-ჯერ მეტია მზისაზე, სამაგიეროდ ამ უკანასკნელზე 265-ჯერ მასიურია. აღსანიშნავია, რომ 1,5 მილიონი წლის ვარსკვლავმა უკვე 55 მზის მასა დაკარგა.

 R136a1, არასტაბილურობით გამორჩეული ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავებს ეკუთვნის. უძლიერესი ვარსკვლავური ქარების გამო(2600 კმ/წმ.), ამ ვარსკვლავებს მკაფიო ზედაპირი არ გააჩნია და გადღაბნილი კონტურების მქონე ცისფერ სფეროს შეიძლება მივამსგავსოთ. ყოველ წამში 3,21×1018 კგ.  მატერიას კარგავ, ანუ ერთი დედამიწის მასას ყოველ 22 დღეში.

 მზეზე 9 მილიონჯერ მეტი ენერგიის მფრქვეველი R136a1, ჩვენი მნათობის ადგილზე რომ ყოფილიყო, 94 000-ჯერ ელვარე მოგვეჩვენებოდა. ფაქტიურად, აქამდე აღმოჩენილთა შორის ყველაზე უფრო ელვარე ვარსკვლავია.

 მზისი ზედაპირის ტემპერატურა 53 000 გრადუსს უტოლდება და ასეთი ვარსკლავი 2 მილიონ წელზე მეტს ვეღარ იცოცხლებს. მისი სიკვდილი, კოლოსალური ელვარების ზეახლის ანთებით დასრულდება, ისე, რომ მის ადგილზე შავი ხვრელიც კი არ დარჩება (ჰიპერახალი ვარსკვლავი).

 ჯერჯერობით, ვარსკვლავთა მიზერული რაოდენობა გვაქვს შესწავლილი და არავინ იცის, რა სიურპრიზები გველის მომავალში(ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.