ქვიშის ნაწილაკი მთვარედან

 მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპით გადაღებულ ამ ფოტოზე, მთვარის ზედაპირის გაფხვიერებული ქანების, იგივე რეგოლითის, შუშად ქცეული სფერული ფორმის ნაწილაკია წარმოდგენილი. ეს ნიმუშები (101 გრამი) დედამიწაზე 1970 წელს ჩამოიტანეს, საბჭოთა ავტომატური ზონდით – „ლუნა-16“. 0,5 მმ. დიამეტრის ნაწილაკების ზედაპირზე ჩანს 0,1 მმ. დიამეტრის კრატერი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრავმა მიკრომეტეორიტმა, კოსმოსური მტვრის ნაწილაკმა წარმოქმნა. წარმოიდგინეთ მისი ზომა!

მთვარის რეგოლითის ტიპიური ნაწილაკი აგლუტინატი (“ლუნა-16”).

 ყოველწლიურად, მთვარის ზედაპირზე 106 კილოგრამამდე კომეტური და ასტეროიდული წარმოშობის მიკრომეტეორიტები ცვივა. მათი ზომა 10 ნმ-დან, 11 მმ-მდე. ფარგლებში მერყეობს, შეჯახების სიჩქარე კი 10 – 72 კმ/წმ. სწორედ ასეთი და მეტი ზომის მეტეორიტებით ბომბარდირებით გაჩნდა რეგოლითი. ის, დანაწევრებული ქანებისა და მინერალებისგან შედგება — ე.წ. ბრეკჩიისგან, შუშისებრი ნაწილაკებისგან — მეტეორიტების დარტყმებით გაჩენილი ნადნობისგან, ასევე ე.წ. აგლიუტინატებისგან — შუშით “დაცემენტებული” მცირე ზომის ფრაგმენტებისგან.

 რეგოლითის წარმოქმნის სიჩქარე ძალიან მცირეა, სულ რაღაც 1,5 მილიმეტრი მილიონ წელიწადში. ამიტომ, გეოლოგიურად, შედარებით ხალგზარდა “მთვარის ზღვების” რეგოლითის ფენის სისქე 4 – 5 მეტრია, ხოლო ძველი ზედაპირისა —10–15 მეტრი.

“ლუნა-16 (სსრკ).

 რეგოლითის ნაწილაკები ძალიან განსხვავდება დედამიწაზე არსებული ყველა სახის ნაწილაკებისგან, მათ შორის, ქვიშის მარცვლებისგან. რეგოლითის მცირე ნაწილაკების ზედაპირი ფოროვანი და არაერთგვაროვანია, თანდათან იცვლება აგლუტინაციის ზემოქმედების ქვეშ (მეტეორიტის შეჯახებისას გამდნარი შუშის წვეთების გაფრქვევა და მიწებება), აგრეთვე, ეროზიის გამო, მიკრომატეორიტული ფენის დნობისა და მოცილების შედეგად, მაღალი სიჩქარეებით შეჯახებების დროს. გარდა ამისა, ზედაპირის ეროზია ხდება ატომურ დონეზეც, მაიონიზებელი ზემოქმედების გამო მზის ქარის იონებისა და გალაქტიკური კოსმოსური სხივების მხრიდან.

 რეგოლითი შემადგენლობით ერთგვაროვანია და რამდენიმე ასეული კილომეტრის რადიუსში მდებარე ქანების ნაზავს წარმოადგენს. მთვარის “ზღვები” ბაზალტით არის დაფარული. მაშასადამე, “ლუნა-16”-ის მის მიერ ჩამოტანილი რეგოლითის ნიმუშები შეიცავს ამ ქანების ფრაგმენტებს და მათ ძირითად მინერალებს – პიროქსინს და ოლივინს. “ლუნა-20” და “აპოლო-16” მთიან რელიეფზე დაეშვა, ამიტომ მათ მიერ შეგროვებულ ნიმუშებში ჭარბობს ანორთოზიტური ქანები და პლაგიოკლაზური შპატი.

 რეგოლითის ნაწილაკები სხვადასხვა ფორმებშია: სფერული, კუთხოვანი ბლოკები, მინის ფრაგმენტები, არარეგულარული ფორმები (“შვეიცარული ყველი”).

 რეგოლითის ნაწილაკთა წვეტიანი შვერილები ერთად შეკვრის საშუალებას აძლევს მათ, დამატებით მოჭიდულობას კი  ე.წ. ვან დერ ვაალსის ძალები უზრუნველჰყოფს, რის გამოც რეგოლითის ფენა იკვრება და მცირე სიმაღლის ვერტიკალურ კედლებს წარმოქმნის. სწორედ ამიტომ არის მთავრის ზედაპირზე ასტრონავტების მიერ დატოვებული კვლები ასეთი მკაფიო.

 დედამიწის მშრალ ქვიშაზე ასეთი კვალი არ რჩება, ქვიშის მარცვლების დიდი ზომებისა და მომრგვალო ფორმების გამო. შედარებით მკაფიო კვალი რჩება სველ ქვიშაზე, მაგრამ ისინი მალევე ქრება — გრავიტაცია უფრო ძლიერია (ექვსჯერ), ვიდრე მთვარეზე.

მთვარის მტვერი იუჯინ სერნანის სახეზე (“აპოლო-17”).

 100 მიკრომეტრზე მცირე ზომის რეგოლითის ნაწილაკებს მთვარის მტვერს უწოდებენ. ის ნეგატიურად მოქმედებს საკვლევ და ადამიანისთვის სასიცოცხლო პირობების შესაქმნელად საჭირო მოწყობილობაზე. მთვარის მისიების დროს, ეს მტვერი ეწებებოდა სკაფანდრის ზედაპირს, ხვდებოდა მთვარის მოდულის შიგნითაც, კანზე, თვლებსა და სასუნთქ გზებში, რითაც დისკომფორტს უქმნიდა ასტრონავტებს.

 ამიტომ, მეცნიერები არა მარტო ახალი ცოდნის მისაღებად სწავლობენ რეგოლითის თვისებებს, არამედ მომავალი ასტრონავტების ჯანმრთელობაზე და კოსმოსური ტექნოლოგიების ფუნქციონირებაზე გავლენის დასადგენადაც (რას ჩავიცვამთ მარსზე?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.