უძლიერესი აფეთქება

 აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ასტრონომებმა, ე.წ. ტრანზიენტების (ცვლადი ელვარების ობიექტი ან მოვლენა, რომლის დროსაც ენერგიის დიდი რაოდენობა გამოიფრქვევა) კუთვნილი ასტრონომიული მოვლენა დააფიქსირეს. ანომალია სახელად FBOT (სწრაფი ცისფერი ოპტიკური ტრანზიენტი. სულ სამია ცნობილი), ზეძლიერ აფეთქებას წარმოადგენს, რომელიც ოპტიკურ, რენტგენისა და რადიოდიაპაზონში დაიმზირება (The Astrophysical Journal).

 აფეთქების წყარომდე მანძილი 500 მილიონი სინათლის წელია და ერთ ცნობილ FBOT ობიექტს ჰგავს – AT2018COW, რომელსაც “ძროხა” უწოდეს (უცნობი კოსმოსური ფენომენი). ის 2018 წლის 17 ივნისს აღმოაჩინეს, როცა 196 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ობიექტის ელვარება ყველაზე ძლიერი ზეახლის დონემდე გაიზარდა, თან რეკორდულ დროში – 3 დღე. არცერთ ცნობილ ტრანზიეტს არ წარმოუქმნია ასეთი სწრაფი ნათება, რომელიც 42 ათასი კმ/წმ-ში სიჩქარით ფართოვდებოდა. ერთი ჰიპოთეზის თანახმად, “ძროხა”, ზეახლის რაღაც სახესვაობა უნდა იყოს, თუმცა ზუსტი დეტალები დაუდგენელი რჩებოდა.

ახალი FBOT, რომელსაც CSS161010 უწოდეს, “ძროხაზე” ძლიერი და სწრაფი აღმოჩნდა. მისგან განდევნილი გაზის სიჩქარე სინათლის სიჩქარის 55%-ს შეადგენდა. ცნობილია, რომ ასეთი რამ გამა-ანთებას შეუძლია, თუმცა ამ დროს გამოფრქვეული მატერიის მასა მზის მასის მემილიონედს უტოლდება. მეცნიერთა თქმით, CSS161010-მა ზემოთ ხსენებულ პროცენტამდე 1-დან 10-მდე მზის მასის გაზი ააჩქრა. აქედან გამომდინარე, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ FBOT სამყაროს ყველაზე სწრაფი გარდამავალი პროცესია.

CSS161010-ის აღმოჩენამდე, FBOT-ის მექანიზმად ითვლებოდა მასიური ვარსკვლავის აფეთქება გამა-ანთების თანხლებით ან ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმა. ეს ახალი ტრანზიეტი კი შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის პროცესი უნდა იყოს. ამასთან ერთდ, FBOT ხდება პატარა გალაქტიკებში, რომლებშიც 10 მილიონამდე ვარსკვლავია (შედარებისთვის, ირმის ნახტომში 200 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია), რომელთათვისაც მცირე მეტალურობაა დამახასიათებელი, ანუ მათში წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტების ძალიან მცირე რაოდენობაა. მცირე მეტალურობის გიგანტური ვარსკვლავი მასის ძირითდ ნაწილს მთელი სიცოცხლე ინარჩუნებს, რის მერეც ზეახლად აფეთქებით კვდება. ამით ისიც აიხსნება, თუ რატომ არ ხდება FBOT-ის ტიპის მოვლენები გაცილებით დიდ გალაქტიკებში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.