უცნაურია, მაგრამ ფაქტია – 1952 წელს,  გერმანელმა მეცნიერმა სახელი ”ელონი” მარსის კოლონიზაციას დაუკავშირა

 მილიარდერი ბიზნესმენი ელონ მასკი, კოსმოსურ მოგზაურობათა ტექნოლოგიების სახელგანთქმული ინოვატორია. მისი კომპანია SpaceX იაფ და ენერგოეფექტურ კოსმოსურ ხომალდებს ამზადებს. სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ხომალდებმა, მომავალ ათწლეულებში, ადამიანები ჩაიყვანოს მარსზე. თუკი SpaceX წარმატებით განახორციელებს ამ პიონერულ მისიას, სახელი ”ელონი” პლანეტა მარსს სამუდამოდ…

  საოცარია, მაგრამ ფაქტია: სახელები ”ელონი” და ”მარსი” პირველად ერთმანეთს ძალიან დიდი ხნის წინ დაუკავშირდა.

  მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი, ე.წ. ”შურისძიების იარაღის”, რაკეტა V-2 -ის შემქნმელი იყო გერმანელი კოსმოსური ინჟინერი ვერნერ ფონ ბრაუნი. V-2 მსოფლიოში პირველი, შორი ტრაექტორიის, მართვადი ბალისტიკური ნაღმია. რაკეტა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს 1944 წელს შევიდა ექსპლუატაციაში ჰიტლერის სასოწარკვეთილი მთავრობის მოთხოვნით. ვერმახტელებმა სულ 3000 V-2 ისროლეს, რასაც 9000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საგულისხმოა, რომ V-2 -ს საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეები ამზადებდნენ.

ირველ რიგში: გენერალი, დოქტორი ვალტერ დორნბერგი(ნაწილობრივ მოჩანს), გენერალი ფრიდრიხ ოლბრიხტი(რაინდის ორდენით), მაიორი ჰაინც ბრანსტი და ვერნერ ფონ ბრაუნი(სამოქალაქო ტანსაცმელში). პინემუნდე, 1941 წლის მარტი.

 ფონ ბრაუნი იყო ასტრონომი, რომელიც სარაკეტო ინჟინერიამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიტაცა. 1934 წელს მან ბერლინის უნივერსიტეტში აეროკოსმოსური ინჟინერიის დოქტორის ხარისხი მიიღო. თემით ”თხევად საწვავზე მომუშავე რაკეტის კონსტრუირების პრობლემები და მათი თეორიული და ექსპერიმენტული გადაწყვეტა”. თემას სამხედრო მნიშვნელობის საიდუმლო დოკუმენტის სტატუსი მიენიჭა და 1960 წლამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყო. ფონ ბრაუნი დაუყოვნებლივ არმიის რიგებში გაამწესეს და ბალისტიკური იარაღების შექმნა დაავალეს. სარაკეტო-ბალისტიკური კვლევითი განყოფილება ბალტიის ზღვის სანაპიროზე, პინემუნდეში მდებარეობდა(Peenemünde Schießplatz). ფონ ბრაუნის ხელმძღვანელობით პინემუნდეში თხევად-საწვავიანი სარაკეტო ძრავები მზადდებოდა, გამოსაცდელად კი თვითმფრინავებიდან ყრიდნენ მათ. საბოლოოდ, აქვე დააპროექტეს საჰაერო-თავდაცვითი ზებგერითი რაკეტა ”Wasserfall”(ჩანჩქერი) და ბალისტიკური ნაღმი A-4, რომელსაც მოგვიანებით, სახელი შეუცვალეს და დღეს ის V-2(Vergeltungswaffe 2 – შურისძიების იარაღი) სახელით არის ცნობილი.

ბალისტიკური ნაღმი V-2 სტარტს ფიქსირებული საყრდენიდან იღებს. 1943 წლის ზაფხული.

 ფონ ბრაუნს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ როგორ ექცეოდნენ V-2-ს წარმოებისთვის დაქირავებულ საკონცენტრაციო ბანაკის მუშებს. ნაცისტებმა ის მხოლოდ ერთხელ წაიყვანეს  ქარხანაში და სპექტაკლი მოუწყვეს, თითქოს დაქირავებულებს კარგ პირობებში უწევდათ მუშაობა და პრივილეგიებით სარგებლობდნენ. სინამდვილეში მათი უმეტესობა განათლებული ადამიანი იყო და ისინი ხშირად უარს ამბობდნენ მტრის იარაღის დამზადებაზე, რის გამოც მათ რეგულარულად სცემდნენ, სჯიდნენ და აშიმშილებდნენ.

 ფონ ბრაუნი SS-ის მაიორი იყო, მაგრამ ფორმით არასოდეს დადიოდა, თვით ფიურერის და მისი ამალის ვიზიტებზეც კი, რის გამოც SS-ის ზოგიერთმა გაღიზიანებულმა თანამშრომელმა მას კომუნისტებთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი. ინჟინერი დააპატიმრეს, მაგრამ რადგანაც სამშობლოს ღალატის ბრალი ვერაფრით დაუმტკიცეს, გამოუშვეს და კვლავ იარაღის წარმოება ჩააბარეს. ამ დროისთვის მას უკვე ამერიკაში გაქცევა ჰქონდა გადაწყვეტილი. 1945 წელს ფონ ბრაუნი ავსტრიის სანატორიუმიდან მცველებს გაეპარა და იქვე განლაგებულ ამერიკულ გარნიზონს ტყვედ ჩაბარდა.

 ფონ ბრაუნი, 1500 გერმანელ მეცნიერთან ერთად, საიდუმლოდ გადაიყვანეს ამერიკაში, სადაც ისევ სამხედრო სექტორში დაიქირავეს, ამჯერად, ამერიკული ბალისტიკური იარაღის შესაქმნელად.

ფონ ბრაუნი თაბაშირში ჩასმული ხელით – ავსტრიიდან გამოქცევისას ის ავარიაში მოყვა, რადგან მის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. ინჟინერი ამერიკელებს 1945 წლის მაისში ტყვედ ჩაბარდა.

 ფონ ბრაუნმა ნახევარი ცხოვრება იარაღის ინდუსტრიაში გაატარა, მაგრამ ის ბავშვობიდან ფანატიკურად იყო გატაცებული კოსმოსით. ოცნებობდა ისეთი სარაკეტო ძრავების შექმნაზე, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები მთვარეზე, მარსზე და სხვა ციურ სხეულებზე იმოგზაურებდნენ. ამის რეალური შანსი 1957 წელს მიეცა; თუმცა მანამდე უამრავი თეორიული და ფანტასტიკური შინაარსის ნაშრომი და ნოველა გამოაქვეყნა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისა და მარსის კოლონიზაციის შესახებ(!).

ფონ ბრაუნი, ამერიკის არმიის ბალისტიკური იარაღის განყოფილების თანამშრომლის მოწმობა.

 ალბათ ბევრმა არ იცის, რომ სტენლი კუბრიკის შედევრში – ”2001: კოსმოსური ოდისეა”, აღწერილი კოსმოსური სადგურის დიზაინი ფონ-ბრაუნის ნოველას ეფუძნება. 1952 წელს ფონ ბრაუნმა გამოაქვეყნა ფანტასტიკური, მეგალომექანიკური, მაგრამ საოცარი წინასწარმეტყველური დამთხვევებით სავსე ნოველა ”პროექტი მარსი”  სადაც მარსის საკაცობრიო მისიები და პლანეტის კოლონიზაციაა აღწერილი. მისიაში, ავტორის წარმოდგენით, 10 მასიური კოსმოსური ხომალდი, 70 ასტრონავტი და 9 სატრანსპორტო აპარატი მონაწილეობს.

 წიგნში ფონ ბრაუნმა ზუსტად და დაწვრილებით აღწერა მარსის კოლონიზაციის აერონავტიკული და საინჟინრო პარამეტრები, მათემატიკური აპარატის ჩათვლით, თანაც იმდენად საინტერესოდ, რომ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო, რომლებიც პროგრამის დაფინანსების სურვილსაც კი გამოთქვამდნენ. მათ შორის იყო სახელგანთქმული უოლტ დისნეიც. სამწუხაროდ, 1950-იანი წლების ტექნოლოგიური შეზღუდვებიდან გამომდინარე, მარსის კოლონიზაცია თეორიად დარჩა.

 ფონ ბრაუნი (მარჯვნივ) და მისი მეგობარი უოლტ დისნეი: ისინი ერთმანეთს 1954 წელს, დისნეის სტუდიაში შეხვდნენ და მას შემდეგ ხშირად თანამშრომლობდნენ.

 ფონ ბრაუნი წლების განმავლობაში იყო კოსმოსის შესახებ გადაღებული მულტფილმებისა და დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმების კონსულტანტი. პირველად სწორედ უოლტ დისნეიმ დაუთმო ეთერი ფონ ბრაუნს საგანმანათლებლო გადაცემებისთვის.

 და აი, საინტერესო დამთხვევაც –  მარსის დამოუკიდებელი მთავრობის მეთაურს, ნოველაში მოიხსენიებენ როგორც ”ელონს”:“მარსის მთავრობას 10 წევრი ჰყავს, მთავრობის ლიდერი 5 წლით არის არჩეული და მისი სახელია ელონი” – წერს ფონ ბრაუნი.

 ფონ ბრაუნი და პრეზიდენტი ჯონ კენედი: კენედიმ ახლად ჩამოყალიბებული კოსმოსური სააგენტო მოინახულა, სადაც ფონ ბრაუნმა მას მთვარეზე გაფრენის იდეები პირველად გაუზიარა.

 1950-იან წლებში სახელი ”ელონი” ცხადია არც არაფერს ნიშნავდა, გარდა იმისა, რომ ის ითარგმნება როგორც ”მუხის ხე”, რაც ბევრ ერში სიბრძნისა და სიძლიერის სიმბოლოდ ითვლება. ინჟინერ ფონ ბრაუნსა და მარსის ენთუზიასტ კოლონიზატორს – მილიარდერ ელონ მასკს, არც ნათესაობა აკავშირებთ და სრულიად ნათელია, რომ სახელების ეს დამთხვევაც შემთხვევითია, თუმცა თავისთავად – საინტერესოც.

1972 წ, ინჟინერი ვერნერ ფონ ბრაუნი რაკეტა Saturn V-ს ძრავის, F-1 ფონზე – ამ ხომალდმა ადამიანები მთვარეზე რამდენჯერმე წაიყვანა. ა.შ.შ კოსმოსისა და რაკეტების ცენტრი.

 ფონ ბრაუნმა მარსის კოლონიზაციის ოცნება ვერ აისრულა, თუმცა ის ამერიკის კოსმოსური ფრენების პიონერია. სახელდობრ, ის იყო რაკეტა Saturn V-ის მთავარი ინჟინერი, თხევად საწვაზე მომუშავე ხომალდის, რომელმაც 1968 – 1972 წლების განმავლობაში, მთვარეზე საკაცობრიო მნიშვნელობის რამდენიმე მისია განახორციელა.

  რაკეტა Saturn V, დღემდე ის ერთად-ერთი კოსმოსური ხომალდია, რომელმაც ასტრონავტები, ”აპოლონის” მისიის ფარგლებში, უცხო მიწაზე გადასვა. ნაცისტური გერმანიის სამსახურში გატარებული წლებით შელახული ბიოგრაფიის მიუხედავად, ინჟინერი ვერნერ ფონ ბრაუნი, კაცობრიობის ისტორიაში კოსმოსური პროგრამების რევოლუციონერად რჩება(Falcon Heavy – წარმატებული სტარტი!!!; დედამიწის პირველი ფოტო კოსმოსიდან).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *