ტელესკოპის სადგარი (mount)

დობსონის სადგარი

 სადგარის ეს ტიპი პირველად, ამერიკელმა ასტრო-მოყვარულმა, ჯონ დობსონმა, თავისი დიდი ზომის სამოყვარულო ტელესკოპებისთვის გამოიყენა. ასეთ სადგარზე დამონტაჟებულ ტელესკოპს დობსონისეულს, ან უბრალოდ, დობს უწოდებენ.

 დობი ორი ნაწილისგან შედგება: უძრავი საყრდენი და მოძრავი ”ჩანგალი”, რომლებიც ხისგან მზადდება. საკისარის ნაცვლად, პლასტმასის ორი რგოლი გამოიყენება, რომლებიც ლითონის თხელ ფურცლებზე სრიალებს. ასეთ სადგარზე დადებული ტელესკოპი დაბალია, რაც ძალიან მოსახერხებელია მასზე ნიუტონის სისტემის ტელესკოპის დასამონტაჟებლად (პირველი ფოტო), რომლის ოკულარი მილის ზედა ნაწილში მდებარეობს. სხვა ტიპის ტელესკოპებისთვის ასეთ სადგარს იშვიათად იყენებენ.

 კონსტრუქციის სიმარტივის, ხელმისაწვდომი მასალისა და გამოყენების სიადვილის გამო, დობსონმა ძალიან დიდი პოპულარობა ჰპოვა ასტრო-მოყვარულთა შორის. 200-300 მმ. და მეტი დიმატრის სარკის მქონე ტელესკოპებისთვის, დობსონი საუკეთესო ვარიანტია. ადვილია ცის სხვადახვა ობიქტბზე მისი დამიზნება, გადატანის დროს არ მოითხოვს დაშლა-აწყობისთვის საჭირო ინსტრუმენტებს.

 კლასიკურ დობსონს არა აქვს მცირე მოძრაობებისთვის საჭირო ხრახნები ან საათიანი ამძრავი, ამიტომ მას ისეთ ციურ სხეულებზე დასაკვირვებლად იყენებენ, რომელთა გადიდება საჭირო არ არის – გალაქტიკები, ვარსკვლავთა გროვები და ნისლეულები. პლანეტებზე დასაკვირვებლად კი დობსონი შედარებით მოუხრხებელია.

 ტელესკოპების მწარმოებლები მოტორიზებულ დობსონებსაც ამზადებენ. ასეთ სადგარს ორი ძრავი აქვს, რომელთა გამოყენებით სამიზნე ციურ ობიექტზე საათობით დაკვირვებაა შესაძლებელი. ზოგიერთი ასეთი სადგარი (Go-to), სამართავ პულტში შეყვანილ ობიექტებზე ავტომატურ დამიზნებასაც უზრუნველყოფს. თუ დობსონზე მესამე ძრავიც არის დამატებული, რომლითაც ხედვის არის ბრუნვის კომპენსაცია (”დეროტატორი”) მოხდება, მისი გამოყენება, გარკვეული შეზღუდვებით, ასტრო ფოტოების გადასაღებადაც არის შესაძლებელი.

 ეკვატორული სადგარი

 ე.წ. გერმანული სადგარი.

 ეკვატორული სადგარი ტელესკოპის ან სხვა ასტრონომიული ინსტრუმენტების დასაყენებლი მოწყობილობაა, რომლის ერთი ღერძი დედამიწის ღერძის პარალელურია, შესაბამისად, პერპენდიკულარული – ციური ეკვატორის მიმართ.

 დედამიწის ბრუნვის გამო, ციური სხეულები თვალთახედვის არედან გადიან, რაც დიდ უხერხულობას ქმნის დაკვირვებისას, ხოლო ასტრო-ფოტოგრაფირებისას კი კრიტიკულ მნიშვნელობამდე ამცირებს დაყოვნების დროს. ეკვატორული სადგარი, დედამიწის ბრუნვის კომპენსირებას ციური ეკვატორის სიბრტყეში ბრუნვით ახდენს. სადგარის ღერძზე მექანიზმია დაყენებული, რომელიც პლანეტის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით აბრუნებს მას, სიჩქარით ერთი სრული ბრუნი 24 საათში. ასეთი ტელესკოპის დამზერის არეში მოხვედრილი ციური ობიექტები აღარ ”გარბიან”, ასტრო-გადაღების შესაძლებლობები კი მნიშვნელოვნად იზრდება.

 ეკვატორული სადგარის ერთი ღერძი, დედამიწის ბრუნვის ღერძის პარალელურია და პირდაპირი აღვლენის ღერძი ეწოდება (ინგლ. Right Ascension), ან საათობრივი, ან პოლარული ღერძი. სწორედ ეს ღერძი გვეხმარება დედამიწის ბრუნვის კომპენსირებაში. პერპენდიკულარულ ღერძს, დახრილობის ღერძს უწოდებენ, ან Dec ღერძი (ინგლ. Declination). მისი საშუალებით, ხდება ციური ეკვატორის სიბრტყიდან, დამზერის ობიექტისკენ ტელესკოპის მიბრუნება.

 პირდაპირი აღვლენის ღერძის დახრილობა დედამიწის ზედაპირის მიმართ, იმ ადგილის გეოგრაფიულ განედს უტოლდება, რომელზეც ტელესკოპი დგას. პოლუსზე ის დედამიწის ზედაპირის პერენდიკულარული იქნება, ეკვატორზე კი – პარალელური.

მიდევნების გარეშე და მიდევნებით გადაღებული სურათი. დედამიწის ბრუნვის გამო, ციური სხეულების გამოსახულება იდღაბნება.
მიდევნების გარეშე გადაღბულ ფოტოზე პოლარული ვარსკვლავი არ იდღაბნება, რადგან დედამიწის ბრუნვის ღერძი თითქმის ზუსტად მისკენაა მიმართული.
ეს ფოტოები გადაღებულია მიდევნებიან სადგარზე დამაგრებული ციფრული ფოტოაპარატით.

 არსებობს გერმანული, ინგლისური და ამერიკული სადგარები. 1) პოლარული ღერძის ერთი ბოლო, დახრილობის ღერძის მატარებელია. არასიმეტრიულობის გამო საჭიროებს საპირწონეს. 2) პოლარული ღერძის ორივე ბოლო საყრდენზეა დადებული, შუაში კი დახრილობის შესაცვლელი საკისარი აქვს დაყენებული. 3) ეკვატორული სადგარის ვარიანტი, რომლის პოლარული ღერძის ერთ ბოლოზე ”ჩანგალია”, რომელიც დახრილობის ღერძის მატარებელია.

 სხვა ძირითადი ტიპის სადგარებისგან განსხვავებით, მაგალითად, ალტ-აზიმუტური (აქვს ბრუნვის ვერტიკალური და ჰორიზონტული ღერძები), ეკვატორული სადგარი გარკევული რაოდენობის დადებითი და უარყოფითი მხარეებით გამოირჩევა, ამიტომ სადგარის არჩევა ხდება ტელესკოპის ზომის, ტიპისა და დანიშნულების მიხედვით. გამარტივებულია ცაზე მიდევნება. ბრუნავს მხოლოდ პოლარული ღერძი. ანუ, ობიექტებზე მისადევნებლად, მხოლოდ ერთი ძრავია საჭირო; გამარტივებულია ასტრო-გადაღება, რადგან ობიქტები ადგილზე წრეს არ შემოწერს და ტელესკოპს დამატებითი საკომპენსაციო მექანიზმებიც არ ესაჭიროება (როგორ მუშაობს ტელესკოპი; როგორ გადავიღოთ ირმის ნახტომი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.