საშიშროება კოსმოსიდან

 ჩელიაბინსკის მეტეორის ჩამოვარდნის მერე, ასტრონომიიდან შორს მყოფმა ადამიანებმაც დაიწყეს კოსმოსური მეცნიერებების მიმართ ინტერესის გამოჩენა. არსებობს კი კოსმოსიდან მომავალი რეალური საფრთხე? სამწუხაროდ, არსებობს, რადგან ზოგიერთი ასტეროიდების ზომა და მოძრაობის სიჩქარე, რომლებიც დედამიწის მიმართულებით მოფრინავს, გაცილებით მეტია იმათზე, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე უკვე ჩამოცვივდა, თუ მათ მიერ დატოვებული კრატერებით ვიმსჯელებთ.

 ნასასთან არსებული ასტრონომიული ცენტრების მოღვაწეობას უნდა ვუმადლოდეთ – ძირითადად, დედამიწისთან ახლოს მოძრავ ობიექტებზე მოთვალთვალე სამსახურებს, რომლებიც პოტენციურ საშიშროებას დედამიწის გრავიტაციულ ველში მოხვედრამდე გაცილებით ადრე გვაშორებენ, რა თქმა უნდა, ტრაექტორიის გამოთვლით, ამაზე მეტი ჯერჯერობით არც არავის შეუძლია (საშიშ ასტეროიდებზე მონადირე მთელი სიმძლავრით ამუშავდა).

 პირველ რიგში, აუცილებელია აღინიშნოს, რომ პოტენციურად საშიშ ასტეროიდებად ითვლება ყველა ობიექტი, რომლებიც მომავალში დედამიწას 0,05 ასტრონომული ერთეულის (7,5·106 კმ.) ტოლ ან უფრო ახლო მანძილზე შეიძლება მოუახლოვდეს. პატარა ზომის კოსმოსური ობიექტები დედამიწის ატმოსფეროში მთლიანად იწვება და გლობალური ზიანის მოყენებაც არ შეუძლია.

 საშიშროება იმალება ასტეროიდებში, რომლებიც ე.წ. აპოლონების ჯგუფს მიეკუთვნება (მათ შორის 2012 DA14), მათი ორბიტები დედამიწისას კვეთენ და შეჯახების საშიშროებას ქმნიან. საფრთხე ასევე დედამიწის ორბიტის შიგა ატონისა და ამურის გარე ჯგუფებიდანაც მოდის (იხილეთ ასევე ტროელები და ბერძნები იუპიტერთან).

 მზის სისტემაში, პოტენციურად საშიში ობიექტების ძირითადი მასა (98%-ზე მეტი) მთავარ ასტეროიდულ სარტყელშია თავმოყრილი (მარსსა და იუპიტერს შორის), კოიპერისა და ოორტის ღრუბელში (ამ უკანასკნელის არსებობის მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები არსებობს). პერიოდულად ამ რეგიონების ზოგიერთი ობიექტი ერთმანეთთან შეჯახებებისა თუ სხვა მასიური სხეულების გრავიტაციული ზემოქმედებით, პირველად ორბიტებს ტოვებენ და დედამიწისკენ შეიძლება წამოვიდნენ.

 დღეისათვის, ყველაზე უფრო საშიშ ობიექტად მეცნიერები ასტეროიდ 1999 RQ36-ს თვლიან. ზემოთხსენებული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლინდლი ჯონსონის თქმით, ასტეროიდი 1999 RQ36 დედამიწას 2182 წელს მოუახლოვდება (მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

 ამასთან დაკავშირებით, ნასა უკვე ახლა მუშაობს ზონდ OSIRIS-REХ-ის შექმნაზე (უკვე ასტერიდთანაა), რომელიც 2018 წელს ამ ასტეროიდისკენ გაიგზავნება, ობიექტის ერთი მხარის გაცხელებით მისი ტრაექტორიის ცვლილების ეფექტის ძალის დასადგენად. ეს მონაცემები ასტრონომებს 1999 RQ36-ისა და ასევე ზოგიერთი სხვა ასტეროიდების მხრიდან მომავალი საფრთხის უკეთ შეფასებაში დაეხმარება.

 აღსანიშნავია, რომ 1999 RQ36-ის აღმოჩენამდე პოტენციურად ყველაზე უფრო საშიშ ციურ სხეულებად ასტეროიდი აპოფისი (2004 MN4) და 2011 AG5 ითვლებოდა. აპოფისი, რომლის ზომა 270 მეტრს შეადგენს, ატონის ჯგუფს ეკუთვნის, დედამიწასთან მისი მჭიდრო მოახლოება 2029 წელს მოხდება.

 ცნობილია ასევე მსგავსი ზომის ასტეროიდი (250 მ.) 2007 TU24, რომელიც 2008 წლის 29 იანვარს მთვარემდე მანძილზე 1,5-ჯერ მეტ მანძილზე მოუახლოვდა დედამიწას. ყველაზე უფრო ახლოს დედამიწასთან მოძრაობდა მცირე ზომის ობიექტები – 2004 TS26,  2004 FU162 , 2009 VA. საინტერესოა, რომ ციური სხეულების ვარდნისგან სარგებელს არა მარტო მეცნიერები, არამედ უბრალო ხალხიც იღებს. ჩელიაბინსკის მეტეორიტის ვარდნის მერე ფრაგმენტების მოძიება მათი შემდგომი გაყიდვისათვის, ფაქტიურად მაშინვე დაიწყო. ნამსხვრევების ფასი სხვადასხვა საიტებზე 10-დან 500 ათას რუბლამდე ადიოდა. ოთხი წლის წინათ, ჩელიაბინსკის მეტეორიტის მაგვარი ობიექტი ჩამოვარდა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ისიც 15 თებერვალს. კანზასის მეტეორიტული მუზეუმის დირექტორის დონ სთიმპსონის თქმით, პირველი ნამსხვრევები ყველაზე უფრო ძვირად გაიყიდა – 100 დოლარი ერთ გრამში. ფასი, მეტეორტის ტიპზე და მოვლენის გახმაურებაზეც არის დამოკიდებული. აფრიკაში ნაპოვნი 300 გრამიანი ხონდრიტი (ქვის მეტეორიტი) 131 დოლარად იყო შეფასებული, ხოლო სულ რააღაც 90 გრამიანი ახონდრიტი (ქვა-მეტალის) კი 3000 დოლარად გაიყიდა (ხონდრიტები და ახონდრიტები). მეტეორიტების მფლობელებს არაფრის არ უნდა ეშინოდეთ: კოსმოსური სხეულები ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მათი ცვენისაგან გამოწვეული სშიშროების ხარისხი განსხვავებულია და ზომის, დედამიწასთან მინიმალური მოახლოებისა და ჩამოვარდნის ალბათობის მიხედვით ფასდება.  კილომეტრზე მეტი ზომის ასტეროიდები კაცობრიობას ძალიან დიდი უსიამოვნებებით ემუქრება. აპოფისის ზომის ასტეროიდების ჩამოვარდნის შედეგებზე გეოლოგიური მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გლობალური კატასტროფები მათ არ გამოუწვევია, თუმცა არავის უნდა, რომ ასეთი ობიექტისა და დედამიწის შეხების ადგილთან ახლოს აღმოჩნდეს, რადგან აფეთქება მძლავრი ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი იქნება.

 თუმცა, მიუხედავად დიდი პოტენციური საშიშროებისა, დედამიწისთან ახლოს მოძრავ ობიექტებზე კონტროლის სააგენტო ფინანსურ პრობლემებს რეგულარულად აწყდება. ამის გამო, მაგალითად, გაძნელებულია მცირე ზომის ობიექტთა ძებნა. დღეისათვის, თვალვალი მხოლოდ დიდი ზომის ასტეროიდებზე ხდება, რომელთა დიამეტრი კილომეტრზე მეტია. პატარა ასტეროიდები და მეტეოროიდები მაშინ ფიქსირდება, როცა შეჯახებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი (მაგალითად, 2008 TC3), რაც კატასტროფის თავიდან აცილების შანსებს ამცირებს.

 ამგვარად, პოტენციური საშიშროება კოსმოსიდან ისევ არსებობს. თუმცა, ტექნოლოგიების თანამედროვე განვითარება მეცნიერებს კატასტროფული შედეგების მომტანი ობიექტების ვარდნის თავიდან აცილების საქმეში თავდაჯერებულობას მატებს.

3 comments

  1. ჩამოვარდნილი მეტეორიტების ძებნა მართლაც ფულიანი საქმეა 😀 მაგრამ საქართველოში არა.

  2. რატომაც არა, მოგისინჯავს მოძებნა, მეტალოდეტექტორი და ხელშეუხებელი, რკინის ნივთებისაგან ნაკლებად დაბინძურებული მინდვრები…

  3. კი გასაგებია,მეტალოდეტექტორს ადვილად იშოვი(აწყობაც არაა პრობლემა)
    მაგრამ ვის რაში აინტერესებს საქართველოში მსგავსი რამ.ისევ საზღვარგარეთ თუ გაყიდი აუქციონით.წვალებაა რა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.