სად დაეშვება მარსის 2020 წლის როვერი – ”შეუპოვრობა” ?

 NASA-ს როვერი ”შეუპოვრობა” (Perseverance) პლანეტა მარსის უძველესი მდინარის დელტასთან ახლოს ახლოს დაეშვება, სადაც სავარაუდოდ, სიცოცხლის კვალი შეიძლება იყოს. დ ე ლ ტ ა  შესართავის რეგიონია, სადაც მდინარე წყალსატევის ქვაბულს უერთდება, იქნება ეს ტბა, ზღვა თუ ოკეანე. აქ მდინარეს დიდი რაოდენობით ნაშალი მასალა ჩამოაქვს, ამიტომ დედამიწაზე ასეთი ადგილები მრავალფეროვანი სიცოცხლით ხასიათდება. მარსმავალი ”Perseverance” მარსის უძველესი მდინარის დელტაში გრუნტისა და ქვების ნიმუშებს შეაგროვებს და დაწვრილებით გამოიკვლევს.

 მარსზე ოდესღაც არსებული მდინარის კალაპოტი და დელტა. დელტა მდინარის შესართავის რეგიონია, სადაც უამრავი ნაშალი იყრის თავს. დედამიწაზე დელტა სიცოცხლის ფორმების დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. სურათი: @ESA / DLR / FU ბერლინი / ემილი ლაქდაუალა.

 მეცნიერების მიერ დელტის რეგიონი 342 კვადრატად იქნა დაყოფილი; აქედან ნახევარი დაწვრილებით შეისწავლეს ორბიტული თანამგზავრის მიერ მოწოდებული სურათების გამოყენებით და დეტალური რუკა შეადგინეს, რომელიც მეცნიერებს აპარატის უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაში და დეტალური სამოგზაურო მარშრუტების დაგეგმვაში დაეხმარება. რადგან მარსზე GPS არ არის, მთელი მისიის განმავლობაში, მეცნიერებს ორბიტული თანამგზავრების მიერ მოწოდებული სურათების იმედად ყოფნა მოუწევთ. NASA-ს მარსმავალი ”შეუპოვრობა” წითელი პლანეტისკენ 2020 წლის ივლისში ან აგვისტოში გაემგზავრება და დანიშნულების ადგილს 2021 წლის თებერვალში მიაღწევს.

კრატერი ჯეზერო  და მარსის უძველესი მდინარის დელტის რუკა

 კრატერი ჯეზერო მარსის ვულკანური რეგიონის, დიდი სირტის (Syrtis Major) ჩრდილო-აღმოსავლეთის კიდეზე მდებარეობს.  მისი დიამეტრი 45 კილომეტრია. კრატერს ბრტყელი ძირი აქვს, და ამის გამო როვერის დაშვებისთვის ძალიან მოხერხებულია. მდინარის გამოსაკვლევი დელტაც ამ კრატერს უერთდება.

 კრატერი ჯეზერო მარსის ყოფილი ვულკანური რეგიონის – დიდი სირტის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მარჯვნივ – ისიდას ველია. სურათი @NASA Ames/USGS/JPL/Corrine Rojas.

 ანტიკური მარსული მდინარის დელტამ და კრატერმა ჯეზერომ, საინტერესო წარმონაქმნებით და დეპოზიტებით, NASA-ს გეოლოგების ყურადღება ჯერ კიდევ 2015 წელს მიიპყრეს. ორბიტული თანამგზავრების მეშვეობით ის დაწვრილებით შეისწავლეს, და გამოქვეყნებულმა ნაშრომმა მეცნიერებს, ახალი 2020 წლის როვერის საკვლევი ადგილის შერჩევის დროს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დიდი დახმარება გაუწია.

 უძველესი მარსული მდინარის დელტის და კრატერ ჯეზერო-ს გეოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული 2015 წლის რუკა. სურათი: @ Goudge et al. (2015).

 ტერიტორია დაწვრილებით გამოიკვლია 2019 წელს შექმნილმა საერთაშორისო ჯგუფმა. ინტერნეტ-ბაზაში განთავსებული სატელიტური სურათები დეტალურად შეისწავლა ასობით მოხალისე გეოლოგმა; ამ ჯგუფს NASA-ს სარაკეტო ამძრავების ლაბორატორიის (JPL – Jet Propulsion Laboratory, პასადენა, კალიფორნია) გეოლოგიური დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა. გადაწყვეტილება მარსმავალ ”შეუპოვარის” კვლევის ადგილისა და მარშრუტის შესახებ, ამ ჯგუფის მონაწილეების დასკვნების საფუძველზე იქნა მიღებული.

 დასაწყისითვის, JPL-ს გეოლოგიური დეპარტამენტის ჯგუფმა, კარტოგრაფიის სპეციალისტების დახმარებით, საკვლევ ტერიტორიას 1,2 კილომეტრიანი ცხაური მოარგო, და ამ 342 კვადრატიდან 7 აარჩია, როგორც ყველაზე უფრო გამორჩეული და მრავალფეროვანი, გეოლოგიური მახასიათებლების მხრივ. შემდეგ მეცნიერთა საერთაშორისო კონგლომერატს ამ კვადრატების კიდევ უფრო დაწვრილებითი რუკების შედგენა დაევალა, რაც ტოპოგრაფიას (სიმაღლეებისა და დაბლობების განსაზღვრა), გეოქიმიას, და დიდი წარმონაქმნებისთვის კერძო სახელების დარქმევასაც კი გულისხმობდა. ამ მიზნით მეცნიერებმა ორბიტული ხომალდის ”Mars orbiter” მაღალი გარჩევადობის ოპტიკური ინსტრუმენტების მონაცემები გამოიყენეს. შედეგად  მიიღეს ინტერაქტიური რუკა, რომელიც მოიცავს ქანებისა და დანალექების მასშტაბებს, სრულ მინერალოგიას, ქანების ქიმიურ შედგენილობას, ფერებს, ბორცვებს, არხებს, მდინარის შენაკადებს და ტექტონიკას.

კვადრატების სრული ტოპოგრაფიულ – მინერალოგიური რუკა. სურათი @ NASA/JPL/University of Arizona/Corrine Rojas.

კვადრატი ”საგუარო” კრატერ ჯეზეროში

 2019 წლის სექტემბერში JPL გეოლოგებისა და კარტოგრაფების ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. 7 კვადრატის მონაცემი გაერთიანდა რეგიონად, რომელსაც ”საგუარო”, ანუ ”გიგანტური კაქტუსების ველი” ეწოდება.

კვადრატი ”საგუარო” კრატერ ჯეზეროში. სურათი @ Williams et al. (2020).

 რუკა წარდგენილი იქნა 2020 წლის მარტში, ჰიუსტონში, მთვარის და პლანეტების მეცნიერებათა 51-ე კონფერენციაზე, სადაც მარსის როვერის სამოგზაურო და კვლევითი სტრატეგიის პირველადი გეგმა შეიმუშავეს.

მარსის 2020 წლის როვერი – ”შეუპოვრობა”

NASA-ს 2020 წლის მარსის როვერი ”შეუპოვრობა” წითელი პლანეტის ანტიკური მდინარის დელტას და კრატერ ჯეზეროს გამოიკვლევს. მისი მთავარი მიზანი ქანებში სიცოცხლის ნიშნების ძიებაა. აპარატი აღებული ნიმუშების ნაწილს შეინახავს, რომ მოგვიანებით მეცნიერებმა ისინი დედამიწისკენ გამოაგზავნონ.

მარსის 2020 როვერმა ”შეუპოვრობამ”, გეოქიმიურ-კარტოგრაფიული კვლევების საფუძველზე, მიიღო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც  მარსის ზედაპირზე ამ ურთულესი აპარატის მიზნობრივ, გათვლილ მანევრირებას განაპირობებს. მისი მეშვეობით მეცნიერები საინტერესო ლოკაციების მონახულებისა და ნიმუშების აღება-კონსერვაციის გეგმას შეიმუშავებენ. თუმცა, რუკების 1-კილომეტრიანი მასშტაბის შკალაც კი დიდია იმისთვის, რომ მარსმავალის აქტივობები საკმარისად დეტალურად დაიგეგმოს. ამიტომ, სხვა ინტრუმენტებთან ერთად, ”Perseverance” აღჭურვილი იქნება რევოლუციური, მაღალი გარჩევადობის კამერით, რომელსაც “Mastcam-Z” ეწოდება.

“Mastcam-Z” – NASA-ს ”Perseverance” მარსმავალის მაღალი გარჩევადობის კამერა.

როვერის მარსზე დაეშვებას, მართვას, მარშრუტის დაგეგმვას, ნიმუშების აღებას და დედამიწაზე გამოგზავნილი სურათებისა და მონაცემების ინტერპრეტაციას ათასობით სპეციალისტი სჭირდება, მათ შორის სამი – ”Mastcam-Z” ინსტრუმენტზე იმუშავებს.  კამერამ ტესტირება არიზონას შტატის ეროვნულ პარკში, სედონაში გაიარა.

სედონას სახელგანთქმული პარკი ცნობილია რკინის ოქსიდებით მდიდარი მინერალებით, რაც მარსის ზედაპირზე გაბნეული გეოლოგიური წარმონაქმნების ანალოგია, იმ განსხვავებით, რომ დედამიწის ატმოსფეროს ინტენსიურმა ეროზიამ ქანები მნიშვნელოვნად გააპრიალა და მოამრგვალა, მარსის სალი კლდეები კი უკიდურესად ბასრი კიდეებით ხასიათდება.

 მარცხნივ – სედონას პარკი, რკინის ოქსიდებით მდიდარი ქანებით; მარჯვნივ – მარსმავალ ”ცნობისმოყვარეობის” მიერ გადაღებული პანორამა Marias Pass: სურათი @ CNASA/JPL-Caltech/Malin Space Science Systems mosaic.

მეტი: Mars 2020Mastcam-ZMars

მარსმავალ 2020-ის ვერტმფრენი ”სკაუტი”.

https://www.planetary.org/explore/space-topics/space-missions/mars2020.html

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.