NASA-ს ”მარსმავალ 2020”-ის ვერტმფრენი – ”გამომგონებლობა”

NASA-ს ინჟინერი მარსის ვერტმფრენს ”მარს 2020” როვერის ქვეშ ამაგრებს. ამ სურათზე როვერის ”მუცელი” ამობრუნებულია და ზემოდანაა. სარაკეტო ძრავების ლაბორატორია, პასადენა, კალიფორნია. NASA/JPL-Caltech

NASA-ს ”მარსმავალი 2020” – ”Perseverance” (შეუპოვრობა), წითელ პლანეტაზე ვერტმფრენს – “Ingenuity” (გამომგონებლობა) წაიყვანს. ის როვერის ”მუცელზე” იქნება დამაგრებული. მარსის ათვისების მთელი ისტორიის მანძილზე, ”გამომგონებლობა” პირველი საფრენი აპარატი იქნება, რომელსაც უცხო პლანეტის ატმოსფეროში გამოცდიან. ის ”მარსმავალ 2020”-თან ერთად, JPL-სარაკეტო ძრავების ლაბორატორიაში ააწყვეს (პასადენა, კლიფორნია).

ვერტმფრენი მზის ბატარეებით და ორმაგი როტორითაა აღჭურვილი. მას თან ახლავს ავტონომიური მართვის სისტემა. მთელი ეს სისტემები სპეციალური ხუფის მიღმა მოთავსდება, რომელიც როვერსაც და ვერტმფრენსაც დაშვების დროს ავარდნილი მტვრის ნაწილაკებისაგან და კენჭებისგან დაიცავს. დაშვების შემდეგ ვერტმფრენი ისევ კაფსულაში დარჩება, სანამ როვერი სატესტო ფრენის დაგეგმილ ადგილს – ჯეზერო კრატერს არ მიაღწევს.

მარსის ვერტმფრენი ”გამომგონებლობა” მაღალი რისკის კატეგორიის აპარატია, რომელიც უმნიშვნელოვანესია მომავალი მისიების დიზაინის განსაზღვრისათვის: ვერტმფრენის ჩამოვარდნა ან სხვაგვარი დაზიანება თავად მარსმავლის მისიას არ დააზარალებს, თუმცა, წარმატების შემთხვევაში, მომავალი როვერები გაცილებით უფრო რთული საფრენი აპარატებით აღიჭურვებიან და უფრო მრავალფეროვან ამოცანებსაც განახორციელებენ.

NASA-ს მარსის ვერტმფრენის გუნდი ”გამომგონებლობას” ოქროსფერ თერმულ საფარ ფირს აკრავს. სურათი გადაღებულია 7,62 მეტრის სიგანის მქონე სპეციალურ ოთახში, რომელსაც ”კოსმოსიმულატორს” უწოდებენ. ეს ფაქტიურად გიგანტური ვაკუუმ-კამერაა, რომელშიც, ინჟინრების გასვლის შემდეგ, მარსის გაუხშოებული ატმოსფეროს სიმულირება მოხდება. NASA-ს სარაკეტო ძრავების ლაბორატორია, პასადენა, კალიფორნია. NASA/JPL-Caltech

“ვერტმფრენმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას მარსის ძალიან გაუხშოებულ ატმოსფეროში ავტონომიური, კონტროლირებადი ფრენის განხორციელება შეუძლია.”- ამბობს JPL-ს ინჟინერი და პროექტის მენეჯერი მიმი ონგი. – “ჩვენი ვერტმფრენის პირველი და უმთავრესი ამოცანა საფრენი მანევრირების ტესტის ჩაბარებაა, ამიტომ მასზე სამეცნიერო ინსტრუმენტებს არ დავამაგრებთ. მაგრამ თუ ”გამომგონებლობა” ამ ტესტს წარმატებულად ჩააბარებს, შორს არ იქნება ის დრო, როდესაც მარსის ვერტმფრენები ისეთივე მნიშვნელოვანი სამეცნიერო აპარატები იქნებიან, როგორც ლენდერები ან როვერები.”

”გამომგონებლობის” შემდეგი თაობები მარსმავლებისთვის ძნელად მისასვლელ, რთულ ლანდშაფტებს გამოიკვლევენ, როგორიცაა, მაგალითად კლდეები, გამოქვაბულები და ღრმა კრატერები. გარდა ამისა, ვერტმფრენებს შეუძლიათ მარსის ზედაპირის დიდი ფართობები დაათვალიერონ და ადამიანებისა და მათი აპარატებისთვის გადაადგილების ოპტიმალური მარშრუტები განსაზღვრონ.

კოსმოსური სააგენტო, მარსის კვლევას ჯერ კიდევ NASA-ს მთვარის ახალი პროგრამის – Artemis ფარგლებში ჩაუყრის საფუძველს. -“ძმებმა რაითებმა პირველი საცდელი გაფრენა ქითი ჰოკში, ჩრდილოეთ კალიფორნიაში განახორციელეს, მაგრამ თვითმფრინავები დეიტონში ააგეს.” – ამბობს NASA-ს ადმინისტრატორი ჯიმ ბრაიდსთაინი. –”მარსის ვერტმფრენი პასადენაში, კალიფორნიაში ააგეს, თუმცა მისი მისია, 2020 წლის მარსმავალთან ერთად, უცხო სამყაროს გამოკვლევაა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ გაუკვალავს გზას NASA-ს მომავალი Artemis-ის თაობა მთელ კაცობრიობას მზის სისტემაში.”

“ორი შესანიშნავი კოსმოსური ხომალდი კვლევის ისტორიულ მისიაში მიემგზავრება.” – ამბობს თომას ზურბუხენი, ვაშინგტონის NASA-ს სათაო ოფისის კოსმოსურ მისიათა ადმინისტრატორი. –”მარსმავალი 2020 და მისი ვერტმფრენი ”გამომგონებლობა” წითელი პლანეტის კვლევის მომავალ ტექნოლოგიურ ათწლეულს განსაზღვრავს.”

”მარსმავალი 2020”, მიმაგრებულ ვერტმფრენთან ერთად, 2020 წლის ივლისში Atlas V  რაკეტით, კანავერალის კონცხიდან გაფრინდება. რაკეტა ფლორიდის საჰაერო ძალების  კოსმოსური ფრენების კომპლექსში უკვე ელოდება თავის მგზავრებს. 2021 წლის 18 თებერვალს როვერი კრატერ ჯეზეროში დაეშვება.

ვიდეო: https://youtu.be/s595S1Vf3PE

მეტი მისიის შესახებ: https://mars.nasa.gov/mars2020/

მეტი მარსის ვერტმფრენის – ”გამომგონებლობა”-ს შესახებ:

https://en.wikipedia.org/wiki/JPL_Mars_Helicopter_Scout

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.