როგორ შევქმნათ ჟანგბადი მთვარის მტვრისგან

 ჟანგბადის მოპოვება მთვარეზე, არსებული რესურსების გამოყენებით, გასაგებია რომ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე მისი ტრასპორტირება. ჟანგბადი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სუნთქვისთვის, მისი გამოყენება შესაძლებელია სარაკეტო საწვავის ერთ-ერთ კომპონენტად, მაგალითად, წყალბადთან ერთად. მთვარის ზედაპირზე ქარხნების არსებობა მოგვცემდა შესაძლებლობას გვექცია მთვარე კოსმოსურ გასამართ სადგურად, საიდანაც შედარებით უფრო იაფად შესაძლებელი იქნებოდა მისიების გაგზავნა მარსზე ან სულაც უფრო ღრმა კოსმოსში.

 მთვარის რეგოლითი, რომელიც აპოლოს მისიებით ჩამოიტანეს დედამიწაზე, მისი შემადგენელის შესახებ წარმოდგენას გვიქმნის. როგორც აღმოჩნდა, ჟანგბადის შემცველობა მასში 40%-45%-ს უტოლდება. შეიძლება ითქვას, რომ ჟანგბადი ყველაზე გავრცელებული ელემენტია მთვარის ზედაპირზე. არის მხოლოდ ერთი პრობლემა, ეს ჟანგბადი სხვადასხვა ტიპის ოქსიდის სახით არის წარმოდგენილი. ამიტომაც საჭიროა მისი გამოყოფა, რათა შევძლოთ გამოყენება. ამისათვის კი საჭიროა ენერგიაც. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვიგონოთ სპეციალური და ამავდროულად ეფექტური მეთოდი.

 ზუსტად ამ მიზნებისათვის შეიქმნა ექსპერიმნეტალური ჟანგბადის მომპოვებელი მოწყობილობა. ის დამონტაჟებულია ევროპის კოსმოსური კვლევისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიაში (ESTEC), რომელიც მდებარეობს ნორდვეკში (ნიდერლანდები). მოწყობილობა მუშაობს წარმოუდგენლად ჩუმად. ამ მომენტისთვის მას არ გააჩნია ჟანგბადის აკუმულირების ფუნქცია, თუმცა ეს შესაძლებლობაც მალე დაემატება.

 რეგოლითიდან ჟანგბადის გამოსაყოფად ESTEC იყენებს მდნარი მარილების ელექტროიზის მეთოდს. მთვარის გრუნტი მოათავსეს ბადიან კალათაში, რომელშიც მოთავსებულია 950°C-მდე გაცხელებული კალიუმის ქლორიდი. ასეთ ტემპერატურამდე გაცხელებული კალციუმის ქლორიდი დნება და ამ მდგომარეობაში შეუძლია შეასრულოს ელექტროლიტის ფუნქცია. რეგოლითი ასეთი ტემპერატურისას ინარჩუნებს მყარ მდგომარეობას. თუ მთვარის გრუნტში გავატარებთ დენს, მაშინ მასში არსებული ჟანგბადი დაიწყებს მიგრირებას მარილის გავლით და ანოდთან დაიწყებს შეგროვებას. 50 საათის განმავლობაში მოწყობილობამ რეგოლითიდან 96% ჟანგბადი გამოყო, უფრო მეტიც, 75% გამოიყო სულ რაღაც 15 საათში.

მარცხენა მხარეს მთვარის რეგოლითია, მარჯვენა მხარეს კი რეგოლითი დამუშავებისა და ჟანგბადის გამოყოფის მერე.

 ასეთ მეთოდს შესანიშნავი გვერდითი ეფექტი აქვს. რეგოლითიდან ჟანგბადის გამოყოფის შემდეგ რჩება მეტალი. ეს საინტერესო რამეა. რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მთვარის რა რაიონიდან მოხდა რეგოლითის აღება დამუშავებისთვის. ამის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ რა ტიპის მეტალი დაგვრჩება. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც 3D ბეჭდვისათვის, ასევე სხვადასხვა შენადნობების მისაღებად.

 ამ პროექტის საბოლოო მიზანია შეიქმნას სრულყოფილი აპარატი, რომელიც მთვარეზე სტაბილურად მუშაობას შეძლებს. თუ ყველაფერი კარგად წავა, იგეგმება მისი 2020-2030 წლებში მთვარეზე გაშვება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.