საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიღწეული წარმატების შემდეგ “Bigelow Aerospace” დამოუკიდებელ სადგურს ააგებს

 2020 წლის 28 იანვრის ინტერვიუში, ”Bigelow Aerospace”-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა რობერტ ბიგელოუმ განაცხადა, რომ მისი კომპანია NASA-ს მიერ გამოცხადებულ ”საერთაშორისო კოსმოსური სადგურის კომერციალიზაციის” საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ბიზნესმენს სერიოზული ეჭვები აქვს, რომ პროგრამის დაფინანსება მწირია და არასაიმედო. სამაგიეროდ, მზად არის საკუთარი, თავისუფლად მანევრირებადი საერთაშორისო კოსმოსური სადგური ააგოს და დედამიწის ორბიტაზე განათავსოს. შედეგად, NASA-მ კომპანია ”Axiom Space” შეარჩია –  პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, რამდენიმე პორტი სწორედ მათ მოდულებს დაეთმობა (NextSTEP – Next Space Technologies for Exploration Partnerships).

მილიარდერი რობერტ ბიგელოუ აცხადებს, რომ ”Bigelow Aerospace” NASA-ს ”საერთაშორისო კოსმოსური სადგურის კომერციალიზაციის” პროგრამაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან შემოთავაზებული დაფინანსება შეუფერებლად მცირეა. @ SpaceNews/ჯეფ ფოუსტი

 NASA-მ განცხადებების მიღება 2019 წლის ივნისში დაიწყო – 560 მილიონი დოლარის ფარგლებში, კერძო აეროკოსმოსურ კომპანიებს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე – სკს (ISS – International Space Station) რამდენიმე პორტზე მოდულების მიერთებასა და თავისუფლად მანევრირებადი კომპლექსის აგებას სთავაზობდნენ. ”ამ თანხებში ვერაფრით ვერ ჩავეტეოდით. მართალია, მოგვიანებით NASA-მ საკუთარი თანხის დასახელება შემოგვთავაზა, მაგრამ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო” – ამბობს ბიგელოუ.

 თუმცა, NASA-მ მოვლენათა მსგავსი განვითარების შესაძლებლობა დასაწყისშივე გაითვალისწინა და კონკურსში ჩადო პირობა, რომ 561 მილიონი დოლარის ფარგლებში, კომპანიებს შეეძლოთ სრული პროგრამული ჩამონათვალიდან აერჩიათ ის მაქსიმუმი, რასაც კერძო ბიზნეს-ინტერესებიდან გამომდინარე, ნამდვილად შეასრულებდნენ.

 თავისუფლად მანევრირებადი სადგურებისთვის წაყენებული ტექნიკური მოთხოვნილებების დაზუსტებას NASA ჯერ კიდევ 2019 დეკემბერში აპირებდა, თუმცა დეტალები დღემდე უცნობია. ბიგელოუ აცხადებს, რომ ის NextSTEP-ის პროგრამაში მონაწილეობას კვლავ გეგმავს, თუ დაფინანსებასთან დაკავშირებული შეფერხებები აღარ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ”Bigelow Aerospace” დამოუკიდებლად მუშაობს NASA-ს მიერ გამოცხადებულ ”მთვარის დასახლების კონცეფციაზე”, თუმცა აღნიშნავს, რომ დაფინანსების გაზრდის გარეშე ვერც სკს მოდულების კომერციალიზაციის პროგრამა და ვერც სხვა წამოწყებები მდგრად განვითარებას ვერ მოახერხებს.

 “თავისთავად, კომერციალიზაციაში ცუდი ან რთული არაფერია. მაგრამ დღეს არსებული რომელიმე ცალკეული ინდუსტრია ასეთ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება. დიდი სტრუქტურების მართვას და რეგულარულ მიმოსვლით ფრენებს უზარმაზარი თანხები სჭირდება. როგორც ჩანს, NASA აპირებს, რომ მხოლოდ კლიენტის როლი მოირგოს – ეს შეუძლებელია. გარკვეულ დონემდე ასეთი სქემა იმუშავებს, მაგრამ უკვე დაწყებული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში აღმოცენებული კომპანიები, მნიშვნელოვანი სამთავრობო სუბსიდიების გარეშე ფეხზე ვერ წამოდგება” – აღნიშნავს მილიარდერი.

 ”Bigelow Aerospace”-ის გასაშლელი მოდული BEAM საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, რომელმაც იმდენად გაამართლა, რომ სადგურის პორტზე 2028 წლამდე (ან უფრო ხანგრძლივად) დარჩება. @ NASA.

 მილიარდერს, NASA-ს მთვარის ათვისების პროგრამის ბედიც აღელვებს, რადგან მიაჩნია, რომ თანხები არასწორი მიმართულებით იხარჯება. ასეთია, მაგალითად, ახალი კონსტრუქციის მთვარის ლენდერების პროგრამა (https://www.nasa.gov/specials/artemis/), რომლებმაც ადამიანები მთვარის ზედაპირზე ავტომატურად უნდა დასვან. “თუ 2024 წლისთვის NASA მთვარის ლენდერების გარდა არაფერზე იმუშავებს (და ამ მხრივაც სერიოზული ეჭვები მაქვს), მაშინ განმეორდება ის, რაც ნახევარი საუკუნის წინ იყო. ვაშა, მთვარეზე დავბრუნდით! დროშები და ნაფეხურები!” და სხვა მსგავსი სისულელე, რაც არანაირად არ უწყობს ხელს მთვარის დასახლებული ბაზების მშენებლობას.”

 ბიგელოუ წუხს, რომ მთავრობის მიერ NASA-სთვის გამოყოფილი მწირი თანხები, შესაძლოა საკმარისი იყოს მთვარეზე პერმანენტული ბაზების დაარსებისთვის, მაგრამ მარსის ათვისების პროგრამას სერიოზული საფრთხე ემუქრება, რადგან მთელი შემოსავალი ისევ ამ ბაზების ფუნქციონირების უზრუნველყოფას მოხმარდება. ცნობისთვის, რობერტ ბიგელოუ უკვე დიდი ხანია მთვარის ბაზების აუცილებლობაზე საუბრობს, მაგრამ აღნიშნავს, რომ NASA-ს მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვის დეტალებს მხოლოდ ახლახანს გაეცნო.

 კომპანიამ მთვარის სადგურების გასაშლელ მოდულებზე მუშაობა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყო. სწორედ ამ სამუშაოს ნაწილი იყო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წარმატებით დამაგრებული BEAM; ბიგელოუ ამბობს, რომ ის დღესაც მზად არის მთვარის დასახლებული სადგურის მშენებლობის პროგრამაში მონაწილეობისთვის, მაგრამ მხოლოდ სერიოზული ფინანსური რეორგანიზაციის შემთხვევაში. “თუ ელონი (ელონ მასკი) და ჯეფი (ჯეფ ბეზოსი) მარსისკენ მთვარის ბაზების გავლით მიდიან, ჩვენ მათთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით ნამდვილად წარმატებით განვახორციელებთ მთვარის დასახლებული ბაზის პროგრამას” (ასტრონავტები პირველ გასაშლელ კოსმოსურ მოდულში შევიდნენ; გასაშლელი საცხოვრებელი მოდული; მთვარის კოლონიზაცია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.