როგორ გადავიღოთ ირმის ნახტომი (სმარტფონითაც)

 ირმის ნახტომი, ჩვენი მშობლიური გალაქტიკაა. მისი შემადგენელი ვარსკვლავები, გაზისა და მტვრის ღრუბლები ე.წ. მკლავებშია თავმოყრილი, რომლებიც ერთ სიბრტყეში მოძრაობენ და დისკოს ფორმას სძენენ გალაქტიკას. ჩვენ, გალაქტიკის შიგნით ვიმყოფებით, ამიტომ, ბუნებრივია, მისი ყველა მკლავის დანახვა არ შეგვიძლია. მზე, ორიონის მკლავის კიდეზეა, ანუ გალაქტიკაზე რომ ზემოდან დაგვეხედა, ერთ მხარეს ორიონი იქნება, საწინააღმდეგოდ კი მშვილდოსანი.

 მზის სისტემის ეკლიპტიკური სიბრტყე (მზის გარშემო პლანეტების ბრუნვის სიბრტყე), არ ემთხვევა გალაქტიკისას – თითქმის პერპენდიკულარულია, ამიტომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან ჯერ ორიონის მკლავს ვხედავთ, შემდეგ ორიონისა და მშვილდოსნის შეერთებას (თავზე), მერე კი მშვილდოსნის მკლავს. ამ შთამბეჭდავი კოსმოსური პეიზაჟის გადაღება ყველა ფოტომოყვარულს შეუძლია, სტანდარტული ტენიკური ნაკრების გამოყენებით.

 1. უნდა მოვძებნოთ კარგად ჩაბნელებული ადგილი, ქალაქიდან შორს! (ბნელი ადგილების მსოფლიო რუკა).

 2. კარგი ფოტოების მისაღებად, კარგი ხარისხის მქონე მატრიცით აღჭურვილი ციფრული ფოტოკამერა დაგჭირდბათ (იდეალურია ქენონის, ნიკონის, სონის სრულკადრიანი კამერები, თუმცა მაღალ მგრძნობელობაზე (ISO) მათ არც სხვა სარკიანი (DSLR) კამერები ჩამოუვარდება – Canon 1100, Nikon D3100, Nikon d5300, Nikon D7100, Sony A290, Pentax K-x და მისთანები, 30 წამიანი დაყოვნებით), შტატივი (ან რაიმე მდგრადი დასადები) და დიდი შუქძალის ფართოკუთხიანი ობიექტივი (ან ცვალებადი ფოკუსური მანძილით, როგორიც აპარატს მოყვება).

ხელით მართვის რეჟიმზე გადაყვანა.

 3. ფოკუსირება. ფოკუსს ვასწორებთ ხელით (MF). ვიყენებთ პირდაპირი ხედვის (live view) რეჟიმს, გადაგვყავს მაქსიმალურ გადიდებაზე (+), იქამდე ვასწორებთ, სანამ ვარსკვლავები მკაფიო, პატარა წერტილების სახეს მიიღებენ. ფოკუსის კარგად გასწორების დამადასტურებელია იმ სუსტი ვარსკვლავების გამოჩენა, რომლებიც ეკრანზე საერთოდ არ ჩანდა.

 4. პირველი ფოტოები მაქსიმალური მგრძნობელობით (ISO) გადაიღეთ, რათა მალევე ნახოთ, რა ჩაეტია კადრში, მკაფიოა თუ არა ვარსკვლავები, კომპოზიციის სისწორე და ა.შ. ამის მერე მგრძნობელობა 1600-3200-ზე დააყენეთ (სრულკადრიანებზე ნაკლები), ობიექტივის დიაფრაგმა მაქსიმალურად გახსენით f1.4 – 2.8. – 3,5…

 5. მოგეხსენებათ, რომ დედამიწა ბრუნავს, ამიტომ ფოტოაპარატის მატრიცაზე პროეცირებული ცა მოძრაობს და მიღებულ ფოტოზე წერტილოვანი ვარსკვლავების ნაცვლად, მათი გადღაბნილი კვლები გამოჩნდება. ამის გამო, ზემოთ ხსენებული დაყოვნების 30 წამს სრულად ვერ გამოვიყენებთ, დაყოვნებას სპეციალური ფორმულით ვითვლით — 500-ს ვყოფთ ფოკუსურ მანძილზე. მაგალითად, თუ სრულკადრიანი აპარატით 50 მმ-იანი ობიექტივით ვიღებთ, დაყოვნება 10 წამი გამოვა, 24 მმ.-ზე — 21 წმ და ა.შ. თუ ე.წ. კროპ-ფაქტორიანი კამერით ვიღებთ, დაყოვნების დრო შემცირდება, ექსპერიმენტულად დაადგინეთ ადგილზევე. ამ შეზღუდვის გამო, იძულებული ვხდებით მგრძნობელობას მოვუმატოთ, ვარსკვლავების კარგად გამოჩენამდე.

 6. კომპოზიციაზეც იფიქრეთ. ირმის ნახტომთან ერთად თუ მიწაზე მდებარე ობიექტებიც გამოჩნდება, სურათი კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

7. ზოგიერთი ხარვეზის გამოსწორება შემდგომი დამუშავებით არის შესაძლებელი. იგულისხმება ფოტოების გაღიავება (ჩრდილების ამოქაჩვა), კონტრასტის დამატება, ხმაურის მოშორება და სიმკვეთრის მატება. აპარატის ეკრანზე ნანახმა ფოტოებმა შეიძლება მოგყვატყუოს, ამიტომ კარგად დარწმუნდით ზემოთ ხსენებული პარამეტრების სწორად დაყენებაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ დიდეკრანიანი გადასატანი კომპიუტერი, მასშივე ნახოთ ფოტოების ხარისხი, კომპიუტერიდანვე მართოთ აპარატი, მასზე შეუხელბლად, რაც შტატივის რყევას გამორიცხავს.

 ხელით გადაღებისას გამოიყენეთ წამმზომი (”თაიმერი”). გადაღება მოხდება ღილაკზე დაჭერიდან 10 წამის  მერე, რა დროშიც შეხებით გამოწვეული რყევა მიილევა. შეგიძლიათ გადაიღოთ ე.წ. RAW-ფაილები, კადრები, რომელსაც ფოტოკამერა არ ამუშავებს და ასე რომ ვთქვათ, ორიგინალური სახით გაძლევთ მათ. თუ კადრი ცოტა მეტად ბნელი გამოვიდა, მას Lightroom-ისა და მისი მსგავსი პროგრამებით გაათეთრებთ. თუ კადრი უინტერესოა, გადღაბნილი, ძალიან ბნელი და ხმაურიანია (ზედმეტი ISO, გარეგანათება…), მას ვეღარაფრით ვუშველით…

—————————————

გადაღება სმარტფონით, გიორგი კაჯილაშვილისგან

Xiaomi Mi A3 (გიორგი კაჯილაშვილი).

 1. ირმის ნახტომის გადასაღებად აუცილებელია შევარჩიოთ ადგილი, რომელიც არაა დაბინძურებული ხელოვნური განათებით, ამაში დაგვეხმარება საიტი www.lightpollutionmap.info, ამის შემდეგ დაგვჭირდება გავიგოთ, თუ დროის კონკრეტულ მონაკვეთში საიდან გამოჩნდებე ჩვენი გალაქტიკის ნათელი ზოლი. შევდივართ საიტზე www.stellarium.org აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ღამის ცა უნდა იყოს მაქსიმალურად მოწმენდილი და  არ უნდა ჩანდეს მთვარე.

 2. კარგი სურათების  გადასაღებად გამოგვადგება ფლაგმანური სმარტფონები, ასევე ბიუჯტური კლასის წარმომადგენლებიც, მთავარია თითოეულ მათგანს გააჩნდეს ე.წ. PRO (Manual) რეჟიმის მხარდაჭერა. მსგავსი ფუნქციონალით გამოირჩევა HUAWEI, ONEPLUS, LG, XIAOMI-ისა და ნაწილობრივ SAMSUNG-ის სმარტფონები. ასევე დაგვჭირდება შტატივი (რაიმე მდგრადი სადგარი), რათა მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან სმარტფონის რყევა და სურათის გადღაბნა.

 3. PRO რეჟიმის გააქტიურების შემდეგ, საჭიროა დავარეგულიროთ ე.წ. „თეთრის ბალანსი“, ეს ინდივიდუალური გემოვნების საკითხია, ამიტომ პირველ ცდაზე სასურველია “AUTO” – ზე დავტოვოთ.

 4. ფოკუსი. შორეული ობიექტების გადაღებისას, აუცილებელია ფოკუსური მანძილი იყოს მაქსიმალური, ამიტომ „Manual Focus”-ს აუცილებელია მაქსიმალურ რიცხვით მნიშვნელობაზე ვაყენებთ.

 5. ISO (მგრძნობელობა), გამოვიყენოთ მაქსიმალური მგრძნობელობა, რეკომენდებულია დავაყენოთ 1600-3200-ზე. ცვალებადი დიფრაგმის არსებობის შემთხვევაში (Samsung galaxy s9,s9+, note 9, s10, s10e, s10 plus, note 10, note 10 plus) აუცილებელია მაქსიმალურად გავხსნათ იგი.

 6. ე.წ. „Shutter speed” (დაყოვნება)-ი აუცილებელია მაქსიმალურ დაყოვნებაზე დავაყენოთ, როგორც წესი, აღნიშნული პარამეტრი სმარტფონებზე 32 წამს არ აღემატება, რაც სასურველი შედეგის მისაღებად სავსებით საკმარისია.

 7. რამდენიმე ლინზის არსებობის შემთხვევაში, უმჯობესია ავირჩიოთ ჩვეულებრივი WIDE ლინზა, რადგან მისი მახასიათებლები ყოველთვის აღემატება ტელეფოტო ან UltraWide ლინზის მახასიათებლებს.

 8. ასევე აუცილებელია გადაღების დაწყებამდე დავაყენოთ თაიმერი, რათა სენსორზე შეხების შემთხვევაში თავიდან ავიცილოთ სმარტფონის რყევა. უმჯობესი იქნება სურათში მოჩანდეს პეიზაჟიც, რადგან ასეთ შემთხვევაში კამერის ლინზა მეტი სინათლის „შეგროვეებას“ შეძლებს და სურათი უფრო ნათელი და ლამაზი გამოვა.

 სურათების შემდგომი დამუშავებისთვის გამოგვადგება შემდეგი პროგრამები: LightRoom, PhotoShop Express და Snapseed.

—————————————

Canon 750D 18-55mm – 1 800 ლ.
Canon 800D 18-55mm – 2 000 ლ.
Nikon D3400 18-55mm – 1 400 ლ.
Nikon D5600 18-55mm – 2 000 ლ.
Nikon D5300 18-55mm – 1 650 ლ. 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.