რა არის ეკლიპტიკა?

 ეკლიპტიკა (ლათინურიდან (linea) ecliptica, ბერძნულიდან ἔκλειψις – დაბნელება) არის ცის სფეროს დიდი წრე, რომლის გასწვრივ ხდება მზის ხილული წლიური მოძრაობა ვარსკვლავების მიმართ, შესაბამისად, ეკლიპტიკის სიბრტყე არის დედამიწის ბრუნვის სიბრტყე მზის გარშემო (დედამიწის ორბიტის სიბრტყე).

 ორბიტის სიბრტყე

 გზას, რომლზეც ჩვენი პლანეტა წლის განმავლობაში მზის გარშემო მოძრაობს, დედამიწის ორბიტა ეწოდება, ხოლო სიბრტყეს, რომელშიც მდებარეობს დედამიწის ორბიტა – დედამიწის ორბიტის სიბრტყე.

 დედამიწის ორბიტის სიბრტყე კვეთს ცის სფეროს – წარმოსახვით სფეროს, რომლის ცენტრში დედამიწაა. ცის სფერო გლობუსს ჰგავს, რომელზეც დედამიწიდან დამზერადი ვარსკვლავები, პლანეტები და სხვა ციური სხეულებია გამოსახული. ეკლიპტიკა კი წრეა, რომლითაც დედამიწის ორბიტის სიბრტყე, ცის სფეროს კვეთს. თავის მხრივ, სიბრტყე, რომელშიც ეკლიპტიკა ძევს, ეკლიპტიკის სიბრტყეს უწოდებენ, ის, დედამიწის ორბიტის სიბრტყეს ემთხვევა.

 მზის ხილული მოძრაობა ცაზე

ანალემა, რვიანის ფორმის მრუდია, რომელიც შემოიხაზება, თუ მთელი წლის განმავლობაში ყოველ დღე, დღე-ღამის ერთსა და იგივე დროს აღვნიშნავთ სად მდებარეობს ცაზე მზე.

 მზის გარშემო დედამიწის ბრუნვასთან ერთად, ჩვენი მნათობი ცის სფეროზე ეკლიპტიკის გასწვრივ გადაადგილდება. მზის მდებარეობა ცაზე წლის განმავლობაში ნელ-ნელა იცვლება, თითქმის 1 გრადუსით დღეში. ზაფხულში ის ზემოთ ადის, ზამთარში კი ქვემოთ, თუმცა, წლის განმავლობაში ყოველთვის საწყის მდგომარეობას უბრუნდება. ამგვარად, ეკლიპტიკა არის მზის ხილული წლიური გზაც ცის ფეროზე.

რისი დანახვაა შესაძლებელი ეკლიპტიკასთან ახლოს?

 მზის სისტემის ობიექტების უმეტესობა ეკლიპტიკის სიბრტყის ახლოს მდებარეობს. ანუ, მზის გარშემო ისინიც დაახლოებით იმავე სიბრტყეში ბრუნავს, როგორც დედამიწა.

 მთლიანოაბში, მზის სისტემას ბრტყელი დისკოს ფორმა აქვს, რაც მისი ფორმირების თავისებურებებით არის გამოწვეული. ყველა პლანეტა და სხვა მცირე ზომის ობიექტი, ამ მტვრის დისკოში ჩამოყალიბდა და დაახლოებით იმავე სიბრტყეში დარჩა (ჰიპოთეზა გაზისა და მტვრის დისკოს შესახებ).

 მზის სისტემის პლანეტები

 მზის სისტემის პლანეტები ეკლიპტიკის სიბრტყესთან ახლოს მოძრაობენ. პლანეტების ორბიტები ეკლიპტიკის სიბრტყიდან მხოლოდ რამდენიმე გრადუსით არის გადახრილი. ყველაზე დიდი გადახრა აქვს მერკურის (7 °); სხვა პლანეტებისთვის — 0,8 °-დან 3,2 °-მდე.

 ეკლიპტიკასთან ახლოს მოძრაობის გამო, პლანეტები ხშირად ხვდებიან ერთმანეთს ცაზე. როდესაც ერთმანეთთან მზის სისტემის ორი პლანეტის ხილული დაშორება მინიმალურია, ამ მდგომარეობას შეერთებას უწოდებენ (მათთან შეერთებაში შეიძლება აღმოჩნდეს რომელიმე შოერეული ობიექტიც), ხოლო სულ მცირე სამი პლანეტა თუ ჩნდება ერთმანეთთან ახლოს ცის მცირე სექტორში – პლანეტების აღლუმს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.