ორი ზეახლის აფეთქების მომენტი „რეალურ დროში“

 ასტრო-ფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც ნოთრდამის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ გარნავიჩი ხელმძღვანელობდა, ორი ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების მომენტის „გამოჭერა“ მოახერხა. კოსმოსური ობსერვატორიის – „კეპლერი“, საშუალებით 50 ტრილიონამდე ვარსკვლავზე დაკვირვებით დაგროვებული მონაცემების სამწლიანი დეტალური შესწავლის მერე, ისტორიაში პირველად, ვარსკვლავის ბირთვში გაჩენილი და მისი მთლიანად დაშლის გამომწვევი დარტყმითი ტალღების, ხილულ დიაპაზონში რეგისტრირება მოხდა.

 მზეზე 10-20-ჯერ მასიური ვარსკვლავები, უმეტეს შემთხვევაში, სიკვდილის წინ, დედამიწის ორბიტის(1 ა.ე. = 150 000 000 კმ.) შესაფერისი ზომის სუპერგიგანტებად გარდაიქმნება. თერმობირთვული საწვავის მთლიანად ამოწურვის მერე(რკინის ბირთვის ჩამოყალიბებასთან ერთად), ასეთი გიგანტის ცენტრში, ძალიან პატარა, 25 კილომეტრამდე ზომის ზემკვრივი ნეიტრონული ვარსკვლავი წარმოიქმნება, რომელზე გაჩენილი დარტყმითი ტალღები ვარსკვლავის ნარჩენებს გაზურ-მტვროვან ნისლეულად აქცევს. მიაღწევს რა ტალღა ვარსკვლავის გარე ფენების ზღვარს, ელვარე ანთება წარმოიქმნება, რომლის შესახებაც, აქამდე, მხოლოდ თეორიული ცოდნა გვქონდა(ჰიპერახალი ვარსკვლავი).

 „ვარსკვლავის შიგნიდან მოქმედი დარტყმითი ტალღით გაჩენილი კაშკაშა ანთება, დაახლოებით 1 საათი გრძელდება. ამიტომ, მილიონობით ვარსკვლავზე უწყვეტი დაკვირვების შემთხვევაში, თუ გაგვიმართლა, ასეთი ანთბის დაფიქსირებას შევძლებთ“ – ამბობს გარნავიჩი.

 2001 წელს, „კეპლერის“ შორსმჭვრეტელმა თვალმა ასეთი ორი ანთება მაინც დააფიქსირა, თუმცა მათ ამოსაცნობად ძალიან დიდი დრო იყო საჭირო. დედამიწიდან 700 მილიონი წლის მანძილზე მდებარე ერთ-ერთ სუპერგიგანტს – KSN 2011a, მზეზე 300-ჯერ დიდი ზომა ჰქონდა. მეორე გიგანტი – KSN 2011d, მზეზე 500-ჯერ დიდი იყო, დისტანცია – 1,2 მილიარდი სინათლის წელი. ორივე აფეთქება II ტიპის ზეახლების კლასს ეკუთვნის. თერმობირთვული რეაქციის შეწყვეტასთან ერთად, გარეთ მიმართული ენერგიის წყარო წყდება და ვარსკვლავის მთელი მასა ცენტრისკენ იწყებს ვარდნას(კოლაფსი) და მნათობი, თავისივე სიმძმის ძალის ზემოქმედებით, ნეიტრონულ ვარსკვლავად იკუმშება(ყველაზე დიდი ყვითელი ჰიპერგიგანტი; ბეტელგეიზეს გამოცანა).

 ამ პროცესების ფიზიკის შესწავლით, მეცნიერები სამყაროს განვითარებაში ზეახლების როლის მნიშვნელობაში გაერკვევიან. სწორედ ასეთი ვარსკვლავებია მძიმე ქიმიური ელემენტების „ფაბრიკები“, რომლებზეც სხვა ვარსკვლავები, პლანეტები და თვით სიცოცხლე აღმოცენდა.

 შეგახსენებთ, რომ „კეპლერის“ ძირითადი ამოცანა იყო სხვა ვარსკვლავების გარშემო ბრუნავ ეგზოპლანეტების აღმოჩენა. თუმცა, მას სხვა გალაქტიკების წიაღში „ჩახედვაც“ შეუძლია და ეგზოპლანეტებთან კავშირის არმქონე უამრავი მონაცემი გადმოსცა, რომელთაც მაღალი სამეცნიერო ღირებულება გააჩნია. სწორედ ამ მონაცემთა ანალიზისთვის შეიქმნა ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფი – KEGS(კეპლერის ექსტრაგალაქტიკური კვლევა).

 სამწუხაროდ, ამ ტელესკოპის მუშაობის პრინციპი, ასეთი მასშტაბური მოვლენებისაც კი(ზეახალი), თვალსაჩინოებად გამოსადეგი ფოტო და ვიდეო მასალის შექმნის საშუალებას არ იძლევა. ის, რასაც წარმოდგენილ ვიდეოზე ხედავთ, მულტიპლიკაციაა, ოღონდ არა მხატვრის ფანტაზია, არამედ რეალურ მონაცემებთან მკაცრად შეთანხმებული მულტიპლიკაცია(როგორ კვდებიან ვარსკვლავებივარსკვლავი – ვრცლად).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.