მზის მომაკვდავი ანალოგი

 ”ჰაბლით” მიღებულ მონაცემებზე მუშაობისას ასტრონომებმა გედის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე, კემპბელის წყალბადის ვარსკვლავი HD 184738 გამოიკვლიეს, ის ევოლუციის ბოლო სტადიაზე იმყოფება. გამოსახულება საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება მზე დაახლოებით 5 მილიარდი წლის მერე, როცა ის გაფართოებას დაიწყებს და ახლოს მდებარე პლანეტებს გაანადგურებს (NASA).
_თანამედროვე წარმოდგენებით, თერმობირთვული საწვავის ამოწურვასთან ერთად მზე ძალიან გაფართოვდება და ახლო პლანეტებს გადაყლაპავს(მათ შორის დედამიწასაც). ეს დაახლოებით 5 მილიარდი წლის მერე მოხდება. ვარსკვლავის მასის დიდი ნაწილი კოსმოსურ სივრცეში გამოიფრქვევა, ხოლო დარჩენილი ბირთვი თეთრ ჯუჯად გადაიქცევა(როგორ კვდებიან ვარსკვლავები).
_სწორედ ასეთი სურათი შეგვიძლია დავინახოთ ვარსკვლავ HD 184738-ის გამოსახულებაზე – ნივთიერებათა ნაკადები მოწითალი-ნარინჯისფერი ღრუბლების სახით არის წარმოდგენილი. კემპბელის წყალბადის ვარსკლავი WC-ეს ტიპის მნათობთა საკმაოდ იშვიათ მიმდევრობას ეკუთვნის, რომელშიც მზის მასის მქონე ხნიერი ვარსკვლავები შედიან. უფრო მასიურ WN ვარსკვლავებთან ერთად ასეთ მნათობებს ვოლფ-რაიეს ვარსკვლავებს უწოდებენ. ორივე მიმდევრობის წარმომადგენლები გამოტყორცნილი ნივთიერებებით არიან გარსშემორტყმულნი და მაღალი ნათობა გააჩნიათ. მათი ერთმანეთისგან გარჩევა დომინანტი ელემენტების სპექტრით არის შესაძლებელი – WC-ეს ტიპის ვარსკვლავებში ძალიან ბევრი ნახშირბადია, ხოლო აზოტი ცოტა.
_ამ კლასის ვარსკვლავები 1867 წელს ასტრონომებმა შარლ ვოლფმა და ჟორჟ რაიემ აღმოაჩინეს. ირმის ნახტომში 230 ასეთი ვარსკვლავია აღმოჩენილი. მათი საშუალო ნათობა დაახლოებით 4000-ჯერ აჭარბებს მზისას(ჰერცშპრუნგ-რესელის ვარსკვლავური დიაგრამა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.