ეკლიანი გზებით ვარსკვლავებისკენ

 კაცობრიობა, დაახლოებით 600 წელიწადში დატოვებს დედამიწას… საცხოვრებელი სივრცე აღარ გვყოფნის და ამ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია: სხვა პლანეტების კოლონიზაცია. დროა, სხვა ვარსკვლავური სისტემები გამოვიკვლიოთ.

ს. ჰოკინგი.

 სად უნდა წავიდეთ? რა თქმა უნდა, ვარსკვლავებისკენ! უახლოეს ვარსკვლავი, თუ გალაქტიკური მასშტაბებით ვიმსჯელებთ, ხელით საჩვენებელ მანძილზე მდებარეობს: სულ რაღაც 4,3 სინათლის წელი. ამიტომაც ჰქვია მას პროქსიმა, რაც ლათინურად უახლოესს, იქვე მდებარეს ნიშნავს და კენტავრის ალფას სამმაგ ვარსკვლავურ სისტემას ეკუთვნის. ამასთან ერთად, ამ ვარსკვლავის გარშემო ჩვენთვის შესაფერისი ეგზოპლანეტა ბრუნავს, 1,3 დედამიწის მასით (დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა კენტავრის სისტემაში).

 იური მილნერი და სთივენ ჰოკინგი პროექტ Breakthrough Listen Initiatives (მოწინავე, გამრღვევი ინიციატივები)-ის საჯაროდ წარდგენაზე.

 პირველ რიგში, ჩვენი მზის მიზიდულობა უნდა დავძლიოთ, სხვანაირად რომ ვთქვათ, მისი გრავიტაციული ორმოდან უნდა ამოვიდეთ. აქ, დამხმარედ თვითონ მზე შეიძლება მოგვევლინოს, უფრო ზუსტად, მისი ზედაპირიდან მომავალი სინათლისა და ნაწილაკების ნაკადი (მზის ქარი).

 სინათლე რომ სხეულზე წნევით მოქმედებს, ამაზე ჯერ კიდევ იოჰან კეპლერი საუბრობდა (1604 წ.), რასაც კომეტების კუდების გადახრით ხსნიდა. ჯეიმს მაქსველმა (1873 წ.) ამ ზემოქმედების არსებობა მის მიერვე შედგენილი ელექტრომაგნიტური ველის განტოლებების საფუძველზე თეორიოულად დაამტკიცა. იდეა მზის იალქნის გამოყენებისა მარსისკენ გასამგზავრებლად უკვე 1924 წელს გამოითქვა. ფიზიკოს-თეორეტიკოსებმა და მეწარმე-მილიარდერებმა, მზის იალქნიანი ვარსკვლავმფრენების კონკრეტული პროექტები შეიმუშავეს (რაც კენტავრის ალფასკენ გასაგზავნი მისიის შესახებ გაინტერესებდათ…). ამათგან, ყველაზე მოკრძალებულმა ხომალდმა, კენტავრის ალფასთან ნანოტვირთი უნდა მიიტანოს, 16 კვადრატული მეტრის ფართობის იალქნის გამოყენებით. უფრო გრანდიოზული იალქნის ფართობი კი 15 საფეხბურთო მოედინის ფართობს გაუტოლდება. ასი წლის მერე (!), ხომალდის სიჩქარე სინათლის სიჩქარის 0,05-0,1 იქნება, შემდეგ კი 50 წლიანი დამუხრუჭება, სამიზნე ვარსკვლავთან მიახლოებასთან ერთად. იგივე დრო დასჭირდება უკან დაბრუნებას… როდის იქნება ყოველივე ეს? პრაგმატულად მოაზროვნე ნასელების აზრით, ნახევარი საუკუნის მერე, 2069 წელს. მანამდე კი მზის იალქნით მომავალი ფრენის პარამეტრების გარკვეული შეფასების გაკეთებაში არაფერი გვიშლის ხელს.

 რატომ მაინცდამაინც იალქანი? იმიტომ, რომ ეს არის მარტივი და ყველაზე იაფი გამწევი ძალა. რა თქმა უნდა, მზის იალქნით დედამიწიდან აფრენა შეუძლებელია, ჯერ საფრენი აპარატი გაცილებით მძლავრი საშუალებებით უნდა მოხვდეს ორბიტაზე.

 თვითონ იალქანიც ძალიან მსუბუქი უნდა იყოს, რომ მზის ზეგავლენის სფეროს დააღწიოს თავი. არა და ამ იალქანმა არა მარტო თავისი თავი უნდა დაძრას, არამედ მასზე მიმაგრებული მცირე ტვირთიც. ამის გამო, იალქანს დამატებითი ბიძგი დაჭირდება, მაგალითად, დედამიწიდან გამოშვებული ლაზერის სხივი. მზიდან შორს კი წინასწარ მომზადებული სარკეები ჩაერთვება საქმეში, რომლებიდანაც მათთან ახლოს მოძრავი ხომალდისკენ, მზის არეკლილი სინათლე იქნება მიმართული.

 ზემოთ ხსენებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების გარდა, არსებობს მზის კორპუსკულარული გამოსხივებაც – პროტონების ნაკადი, სიჩქარით 450 კმ/წმ. აქტიური მზის პერიოდებში კი ამ გამოსხივების ინტენსივობა ორი-სამი რიგით შეიძლება გაიზარდოს, რაც დამატებით გაწევას მოგვცემს. მაგრამ, როგორ იმოქმედებს ეს გამოსხივება იალქნის თხელ სტრუქტურაზე? იქნებ, საცერივით დახვრიტოს და კოსმოსურ მტვრად აქციოს იგი… გარდა ამისა, პრობლემა ისაა, რომ აქ განხილული ფრენის სამიზნე არ არის ეკლიპტიკის სიბრტყეში და ამისათვის დამატებითი მანევრები იქნება საჭირო. მოკლედ, სამუშაო ძალიან ბევრია…

 სხვა ვარსკვლავები, გალაქტიკბი? ზესიჩქარეებით მოძრავი ხომალდისთვისაც კი წარმოუდგენლად დიდი მანძილებია. ზოგიერთი მათგანიდან ჩვენამდე მოსული სინათლე მაშინ გამოსხივდა, როცა ეგვიპტური პირამიდების მშენებლობაც კი არ იყო დაწყებული, ზოგიერთიდან კი მაშინ, როცა ჩვენს პლანეტაზე მამონტები ბინადრობდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ანდრომედას გალაქტიკის 2,5 მილიონიანი წლის სიძველის სინათლეზე, რაზე ფიქრსაც სივრცე-დროის გამრუდებისა და ე.წ. ჭიის ხვრელების იდეამდე მივყავართ… (კიდევ კოსმოსური იალქნების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.