ბეთელგეიზემ ”თვალი ჩაგვიკრა” – ასტრონომები სანახაობის მოლოდინში

 თვალი შეავლეთ მონადირე ორიონს, ზამთრის ცის მშვენებას, რომელიც, ცოტა არ იყოს, უჩვეულოდ გამოიყურება –   თანავარსკვლავედის ალფა ვარსკვლავი, ბეთელგეიზე, დიდი ნარინჯისფერი სფეროს ნაცვლად, მიკნავებულ წერტილად გადაქცეულა. ასეთი მკრთალი ბეთელგეიზე 21-ე საუკუნეში ჯერ არ ყოფილა.

ზამთრის ცის ჩვეული სანახაობა – უმშვენიერესი ორიონის თანავარსკვლავედი და ნარინჯისფერი გიგანტი – ბეთელგეიზე (დაკლიკე ფოტოზე…). ის დიდი ხანია ზეახალ ვარსკვლავად აფეთქების კანდიდატია (Canon EOS 5D Mark II; f-1,8; iso-320; 15sc; fl-50mm/კაკაბეთი, 2017 წლის 17 დეკემბერი, ალექსანდრე არტ-დვალი, კახა გოგოლაშვილი).

 ჯერ კიდევ 2019 წლის 8 დეკემბერს, ვილანოვას (მიჩიგანი, აშშ) უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს სტატია ”ზეგიგანტი ვარსკვლავის – ბეთელგეიზეს სიკაშკაშე იკლებს”, ხოლო 20 დეკემბრისთვის ამერიკის ცვალებადი ვარსკვლავების ასოციაციის (AAVSO) მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ  სიკაშკაშის მრუდის მიხედვით,  ბეთელგეიზეს ელვარებამ მთელი ერთეულით იკლო: +0,5 ვარსკვლავური სიდიდიდან  +1,5-დე. ეს ბეთელგეიზესთვის უცნაური ”საქციელი” არ იქნებოდა, რომ არა მისი ვარსკვლავური სიდიდის უეცარი ვარდნა კიდევ მთელი ნახევარი ერთეულით, რის შედეგადაც ის მეზობელ +1 სიდიდის ალდებარანსაც (კუროს თანავარსკვლავედი) კი ჩამორჩება. ეს კი ასტრონომებისთვის იმის ნიშანია, რომ ვარსკვლავის წიაღში რაღაც განსაკუთრებული ხდება.

 მოწითალო-ნარინჯისფერი ზეგიგანტი ბეთელგეიზე, მზეზე 12-ჯერ უფრო მასიური ვარსკვლავია და ჩვენი სისტემიდან 700 სინათლის წლით არის დაშორებული. მისი ცვალებადობა ჯერ კიდევ 1836 წელს შენიშნა ინგლისელმა ასტრონომმა, სერ ჯონ ჰერშელმა. აქამდე ვარსკვლავი რეგულარული ინტენსიობით იცვლიდა ზომას, წელს კი მთელი 8 ასტრონომიული ერთეულით შეიკუმშა. ჩვენი მზის ადგილას, მისი ახლანდელი ზედაპირი მხოლოდ იუპიტერის ორბიტას თუ მისწვდებოდა.

ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების შედარებითი ზომები.

 ბეთელგეიზე ჩვენს გალაქტიკაში ზეახალ ვარსკვლავად გადაქცევის ერთ-ერთი უახლოესი კანდიდატია. აქამდე დაფიქსირებული ზეახალი ვარსკვლავები სხვა გალაქტიკებში დაიკვირვებოდა. ირმის ნახტომის ფარგლებში ბოლო ზეახალი 1604 წელს, მეეტლის თანავარსკვლავედში აენთო (კეპლერის ვარსკვლავი). უახლოესი კი 1987 წელს, მაგელანის დიდი ღრუბელში აფეთქდა.  ბეთელგეიზეს მსგავსი ზეგიგანტები წყალბადის ბირთვული საწვავის მარაგს სულ რაღაც 10 მილიონ წელიწადში ამოწურავენ (შედარებისთვის, მზის მსგავს ვარსკვლავებს ის 10-12 მილიარდი წლის განმავლობაში ყოფნით), რის შემდეგადაც ვარსკვლავის ბირთვი კოლაფსს განიცდის და II ტიპის ზეახალ ვარსკვლავად აფეთქდება.

 არის თუ არა სიკაშკაშის ამჟამინდელი კლება ბირთვის კოლაფსი? უნდა ველოდოთ თუ არა ზღაპრულ სანახაობას? ასტრონომები დარწმუნებულნი არ არიან, თუმცა ინსტრუმენტები სრულ მზადყოფნაშია: ოპტიკური ტელესკოპები, ლაზერული ინტერფერომეტრიის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორია – LIGO და ნეიტრინოების დეტექტორი ობსერვატორიები, როგორიცაა ანტარქტიკის ყინულების ქვეშ განთავსებული ”Ice Cube”.

პულსირებადი ბეთელგეიზე ულტრაიისფერ დიაპაზონში, ორბიტული ტელესკოპი ”ჰაბლი” (NASA/HST).

საბედნიეროდ, მზის სისტემა ბეთელგეიზედან 700 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, ამიტომ შორსაა იმ 50 სინათლის წლის დიამეტრის სასიკვდილო ზონიდან, რომელიც, აფეთქების შემთხვევაში, საშინელი სიმძლავრის რადიაციულ დარტყმას მიიღებს.

ზეახალი ვარსკვლავების კანდიდატები 1000 სინათლის წლის მანძილზე. Dave Dickinson

და მაინც, როგორ გამოჩნდება ჩვენს ცაზე ორიონის თანავარსკვლავედში ანთებული ნარინჯისფერ-წითელი ვარსკვლავი? ამის მაგალითად ისევ დიდ მაგელანის ღრუბელში აფეთქებული 1987 წლის ზეახალი გამოგვადგება, რომელიც იგივე II b ტიპის იყო: ბეთელგეიზეს სიკაშკაშე აფეთქების მომენტში -10 ვარსკვლავურ სიდიდეს მიაღწევს, რაც სავსე მთვარეზე 16-ჯერ ნაკლები, თუმცა ვენერას სიკაშკაშეზე 100-ჯერ მეტია. მაშასადამე, ის არა მარტო დღისითაც გამოჩნდება, არამედ ღამით ”საკუთარ” ჩრდილებსაც წარმოქმნის.

 აფეთქება შეიძლება მოხდეს ხვალ, ან.. უახლოეს 100 ათას წელიწადში. თუმცა ამჟამინდელ მოვლენებზე დაკვირვება ყველას შეუძლია: თუ თანავარსკვლავედის სურათები გაქვთ, ბეთელგეიზეს ზომებში ცვლილებას იოლად შეამჩნევთ. და ამისთვის ზამთარი – საუკეთესო დროა. თუ აფეთქება არ მოხდა, 2020-ში ვარსკვლავი ისევ თავის ჩვეულ ზომას დაუბრუნდება. თუ მოხდა – საუკეთესო საახალწლო სანახაობას მოვესწრებით, თუმცა.. ორიონის თანავარსკვლავედი ასეთი ლამაზი აღარასოდეს იქნება (ბეთელგეიზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.