ბასარდის ვარსკვლავმფრენიც გამოირიცხა…

 ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც კაცობრიობა წააწყდება, როდესაც მისი ტექნიკური განვითარების დონე საშუალებას მისცემს მას დაიწყოს ფიქრი შორეულ კოსმოსში მოგზაურობაზე და ფრენებზე სხვა ვარსკვლავური სისტემებისკენ, არის ამძრავი სისტემა, რომელმაც უზარმაზარი ვარსკვლავთშორისი მანძილების გავლა უნდა შეგვაძლებინოს. იონური და ტრადიციული სარაკეტო ძრავები, რომლებსაც ახლა დედამიწასთან ახლო კოსმოსში გადასაადგილებლად ვიყენებთ, ზემოთ ხსენებული მიზნებისთვის არ გამოგვადგება. თუმცა, კაცობრიობის “რეზერვშია” მთელი რიგი ფანტასტიკური იდეებისა, რომელთა შორის არის ბასარდის პირდაპირი წვის ძრავაც (Bussard ramjet). ხომალდი, რომელიც ასეთი ძრავით იქნება აღჭურვილი, კოსმოსურ სივრცეში მოძრაობასთან ერთად, მასში გაფანტულ გაზს შეაგროვებს, რომელიც ძირითადად პროტონებისგან შედგება, ანუ წყალბადის ბირთვებისგან, და საწვავის სახით პირდაპირ მიაწვდის თერმობირთვული სინთეზის რეაქტორს (თერმობირთვული რეაქცია – ვარსკვლავების ენერგიის წყარო).

 ამერიკელმა ფიზიკოსებმა, პიტერ შატჩნაიდერმა და ალბერტ ჯეკსონმა, ბასარდის პირდაპირი წვის თერმობირთვული რეაქტორის იდეის დეტალური ანალიზი ჩაატარეს. ამ ანალიზის შედეგები ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის იდეის მოყვარულებს ნამდვილად ვერ გაახარებს. რობერტ ბასარდის მიერ 1960 წელს შემოთავაზებული მეთოდი გამოუსადეგარია.

 აღსანიშნავია, რომ ბასარდის ძრავისთვის საჭირო მაგნიტური ველის მიღების შესაძლებლობა სულ რაღაც 9 წლის წინ იქნა თეორიულად შესწავლილი. სწორედ ეს იყო ამ იდეისადმი ინტერესის განახლების მიზეზი.

 კვლევის ავტორებმა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენეს, რომელიც ვენის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში შეიქმნა, ელექტრონულ მიკროსკოპიაში საჭირო მაგნიტური ველების გამოსათვლელად. პროგრამა გამოყენებული იქნა დამუხტული ნაწილაკების დაჭერისა და მათთვის მიმართულების მიცემის პრინციპის ფუნქციონალურობის დემონსტრაციისთვის. მაგნიტურ ველს საკმაოდ კარგად შეუძლია ვარსკვლავთშორისი წყალბადის შეგროვება და მისი ნაკადის მიმართვა თერმობირთვული რეაქტორისკენ, რომელმაც კოსმოსური ხომალდი უზარმაზარ სიჩქარემდე უნდა ააჩქაროს.

 თუმცა, როცა საქმე მაგნიტური ხაფანგისა და მილის ზომის გამოთვლამდე მივიდა, მაშინვე იმედგაცრუებამ იჩინა თავი. 10 მილიონი ნიუტონი გაწევის ძალის მისაღებად, რომელიც, მაგალითად, “შატლების” რეაქტიული ძარვებისაზე ორჯერ მეტია, ხაფანგის “ძაბრის” დიამეტრი 4000 კილომეტრი უნდა იყოს. თეორიულად, განვითარებულმა ცივილიზაციამ ასეთი კონსტრუქციის შექმნა კი უნდა შეძლოს, მაგრამ არა თვითონ მაგნიტური მილის, რომლის სიგრძე 150 მილიონი კილომეტრი გამოდის, რაც დედამიწიდან მზემდე მანძილს უტოლდება.

 ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბასარდის ვარსკვლავთშორისი ძრავის პერსპექტიული და საინტერესო იდეა, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აძლევდა კაცობრიობას ვარსკვლავთშორისი ფრენების იმედს, მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილადვე რჩება. და თუ ჩვენ მაინც გვსურს ოდესმე ჩვენი გალაქტიკური მეზობლები მოვინახულოთ, უფრო რეალისტური იდეები უნდა მოგვივიდეს თავში (ა.შ.შ-ს თავდაცვის სამინისტრო – ვარპ-ძრავა – ბნელი ენერგია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.