განახლდა: 30/07/2026
ბოლო 260 მილიონი წლის განმავლობაში დინოზავრები გამოჩნდნენ და გაქრნენ, პანგეა თანამედროვე კონტინენტებად და კუნძულებად დაიშალა და ადამიანებმა სწრაფად და შეუქცევადად შეცვალეს გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ (sciencealert.com).
უძველესი გეოლოგიური მოვლენების ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ჩვენს პლანეტას აქვს გეოლოგიური აქტივობის ნელი, სტაბილური „პულსი“, რომელიც დაახლოებით ყოველ 27 მილიონ წელიწადში მეორდება.
გეოლოგიური მოვლენების „პულსების“ ეს სერია, მათ შორის, ვულკანური აქტივობა, მასობრივი გადაშენება, ფილების ტექტონიკური რეორგანიზაცია და ზღვის დონის აწევა, წარმოუდგენლად ნელია; ეს არის კატასტროფული აღმავლობისა და დაღმასვლის 27,5 მილიონწლიანი ციკლი. საბედნიეროდ ჩვენთვის, აღნიშნავენ მკვლევარები, შემდეგ „პულსამდე“ კიდევ 20 მილიონი წელი გვაქვს დარჩენილი.

„ბევრი გეოლოგი თვლის, რომ გეოლოგიური მოვლენები დროში შემთხვევითია. მაგრამ ჩვენი კვლევა იძლევა საერთო ციკლის სტატისტიკურ მტკიცებულებას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს გეოლოგიური მოვლენები ერთმანეთთანაა დაკავშირებული და არ არის შემთხვევითი“ – ამბობს მაიკლ რამპინო, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გეოლოგი და კვლევის წამყვანი ავტორი.
გუნდმა ჩაატარა ბოლო 260 მილიონი წლის განმავლობაში მომხდარი 89 კარგად შესწავლილი გეოლოგიური მოვლენის ასაკის ახალი ანალიზი.
როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფიკზეა ნაჩვენები, ამ პერიოდებიდან ზოგიერთი საკმაოდ რთული იყო – რვაზე მეტი ასეთი გლობალური მოვლენა გეოლოგიურად მოკლე დროში დაემთხვა, რამაც კატასტროფული „პულსი“ შექმნა.

„ეს მოვლენები მოიცავს საზღვაო და არასაზღვაო გადაშენების პერიოდებს, მსხვილ ოკეანურ ანოქსიურ (ჟანგბადის ნაკლებობა, ზოგან სრუალდ გაქრობა) მოვლენებს, კონტინენტური ბაზალტების მასშტაბურ ამოფრქვევებს, ზღვის დონის რყევებს, ფილებში მაგმატიზმის გლობალურ პულსებს და სუბდუქციის სიჩქარის ცვლილებებისა და ფილების რეორგანიზაციის პერიოდებს“ – წერენ მკვლევარები ნაშრომში.

„ეს შედეგები მიუთითებს, რომ გლობალური გეოლოგიური მოვლენები, როგორც წესი, ურთიერთდაკავშირებულია და, როგორც ჩანს, დაახლოებით 27,5 მილიონი წლის ფარული ციკლის მქონე პულსების სახით ვლინდება.“
გეოლოგები დიდი ხანია სწავლობენ ციკლური გეოლოგიური მოვლენების პოტენციალს. 1920-იან და 1930-იან წლებში მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ გეოლოგიურ ჩანაწერებს 30 მილიონი წლის ციკლი ჰქონდა, ხოლო 1980-იან და 1990-იან წლებში მკვლევარებმა, იმ დროისთვის ყველაზე ზუსტად დათარიღებული გეოლოგიური მოვლენების გამოყენებით, „იმპულსებს“ შორის ინტერვალი 26,2–30,6 მილიონ წლად განსაზღვრეს.
ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დგება – 27,5 მილიონი წელი ზუსტად ისაა, რასაც ველოდით. გასული წლის ბოლოს, იმავე ავტორების მიერ გამოქვეყნებული კვლევა ვარაუდობს, რომ მასობრივი გადაშენებებიც ამ 27,5 მილიონი წლის პერიოდში ხდება.

„ეს ნაშრომი საკმაოდ კარგია, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს უკეთესი ნაშრომი, ვიდრე ეს [მიულერისა და დუტკევიჩის 2018 წლის ნაშრომი]“, – განუცხადა ScienceAlert-ს ალან კოლინზმა, ადელაიდას უნივერსიტეტის ტექტონიკურმა გეოლოგმა, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა.
2018 წელს, სიდნეის უნივერსიტეტის ორმა მკვლევარმა, დედამიწის ნახშირბადის ციკლისა და ფილების ტექტონიკის შესწავლა ჩაატარა დაასკვნა, რომ ციკლი დაახლოებით 26 მილიონი წლისაა.
კოლინსმა განმარტა, რომ ამ უახლეს კვლევაში ჯგუფის მიერ შესწავლილი მოვლენების უმეტესობა მიზეზობრივია – ანუ ერთი პირდაპირ იწვევს მეორეს. შესაბამისად, 89 მოვლენიდან ზოგიერთი ერთმანეთთან არის დაკავშირებული: მაგალითად, ანოქსიური მოვლენები იწვევს ზღვის ორგანიზმების გადაშენებას.

„მიუხედავად ამისა, ეს 26-30 მილიონი წლის ციკლი გრძელვადიან პერსპექტივაში რეალური უნდა იყოს, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი გაურკვეველია!“ – დასძინა მან.
რამპინოს და მისი გუნდის სხვა კვლევები ვარაუდობს, რომ მიზეზი კომეტური შეჯახებები შეიძლება იყოს და ერთმა კოსმოსის მკვლევარმა პლანეტა X-იც კი დაადანაშაულა.
მაგრამ თუ დედამიწას გეოლოგიური „გულისცემა“ აქვს, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს რაღაცასთან, რაც უფრო ახლოსაა ჩვენს სახლთან.

„ტექტონიკისა და კლიმატის ცვლილების ეს ციკლური აფეთქებები შესაძლოა ფილების ტექტონიკასთან და მანტიის ნაკადის დინამიკასთან დაკავშირებული გეოფიზიკური პროცესების შედეგი იყოს, ან შესაძლოა ისინი გამოწვეული იყოს ასტრონომიული ციკლებით, რომლებიც დაკავშირებულია დედამიწის მოძრაობასთან მზის სისტემასა და გალაქტიკაში“ – წერენ კვლევის ავტორები (დედამიწამ შესაძლოა კიდევ 1,8 მილიარდი წელი იცოცხლოს; დედამიწა).