კოსმოსური სტუმარი, რომელიც მზის სისტემას დღემდე უცვლის დინამიკას

განახლდა: 27/06/2026

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია Gaia-ს მონაცემების ანალიზმა ასტრონომებს საშუალება მისცა (arxiv.org), სრულიად ახლებურად შეეფასებინათ მზის სისტემის დინამიკური ისტორია და გამოევლინათ სხვა ვარსკვლავთან უძველესი მიახლოების შესაძლო გავლენა გრძელპერიოდიანი კომეტების განაწილებაზე. პლანეტოლოგების, ნათან კეიბის (პლანეტარული მეცნიერებების ინსტიტუტი) და შონ რეიმონდის (ბორდოს უნივერსიტეტი) მიერ წარმოდგენილი კვლევა იმაზე მიუთითებს, რომ ვარსკვლავის მოახლოებას შეეძლო არსებითად შეეცვალა ოორტის ღრუბლის ობიექტების ორბიტები და კომეტების ისეთი ტალღა გამოეწვია, რომლის ნაწილიც, შესაძლოა, დღესაც კი შეიმჩნევა.

 კვლევის მიხედვით, დაახლოებით 2,5 მილიონი წლის წინ მზემ და ვარსკვლავმა HD 7977-მა ერთმანეთთან შედარებით ახლო მანძილზე გაიარეს. ამ მიახლოების ზუსტი პარამეტრები ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა Gaia-ს მონაცემები – 33 სინათლის წუთიდან (593,6 მილიარდი კილომეტრი), 208 სინათლის წუთამდე (3,74 ტრილიონი კილომეტრი) დისტანციაზე მიუთითებს. ამავდროულად, გრძელპერიოდიანი კომეტების ორბიტების ანალიზი იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ რეალური მიახლოება კიდევ უფრო მჭიდრო, დაახლოებით 50 ათასიდან, 83 ათასამდე სინათლის წუთი იყო. ასეთ გრავიტაციულ ზემოქმედებას შეეძლო მძლავრი შეშფოთება გამოეწვია ოორტის ღრუბელში და მრავალი ყინულოვანი სხეული მზის სისტემის შიდა რეგიონებისკენ მიემართა.

 GAIA – გლობალური ასტრომეტრიული ინტერფერომეტრი ასტროფიზიკისთვის. ტელესკოპი არ არის ინტერფერომეტრი, მაგრამ თავდაპირველი სახელი მაინც შერჩა.

 Gaia-ს ზომავს მილიარდობით ვარსკვლავის ზუსტ მდებარეობას, მოძრაობასა და მახასიათებლებს შორეულ კვაზარებსა და გალაქტიკებთან მიმართებით. სპექტროსკოპიული მონაცემებისა და ზეზუსტი ასტრომეტრიული დაკვირვებების კომბინაციით, მან შესაძლებელი გახადა ირმის ნახტომის ობიექტების, მათ შორის ვარსკვლავ HD 7977-ის, სამგანზომილებიანი მოძრაობის რეკონსტრუქცია. ამან, თავის მხრივ, გზა გაუხსნა მეზობელ ვარსკვლავებთან მზის სისტემის გრავიტაციული ურთიერთქმედებების სავარაუდო ისტორიის აღდგენას.

კოიპერის სარტყელი და ოორტის ღრუბელი.

 ჩვეულებრივ პირობებში, მზის სისტემის გარეუბნებში ყინულოვანი სხეულების ორბიტებზე მოქმედი მთავარი ფაქტორი ირმის ნახტომის დისკოს გრავიტაციაა. ის თანდათანობით ანაწილებს პირველადი პროტოპლანეტური დისკოს ობიექტებს და აყალიბებს სფერულ სტრუქტურას, რომელიც ოორტის ღრუბლის სახელითაა ცნობილი. სავარაუდოდ, სწორედ აქედან მოდიან ახალი გრძელპერიოდიანი კომეტები, რომლებიც მზის სისტემის შიდა ნაწილში პირველად შემოდიან. თუმცა, თუ HD 7977-თან მიახლოება კეიბისა და რეიმონდის მიერ შემოთავაზებულ დისტანციაზე მოხდა, ამ ვარსკვლავის გრავიტაციულ გავლენას, მოკლე დროის განმავლობაში, გალაქტიკური დისკოს ზემოქმედებისთვის შეეძლო გადაეჭარბებინა. ასეთ შემთხვევაში, კომეტების ორბიტების განაწილებაში უნდა იკარგებოდეს დამახასიათებელი „გალაქტიკური“ ნიშნები, რაც მკვლევრებმა ახალი გრძელპერიოდიანი კომეტების ორბიტების ანალიზისას მართლაც აღმოაჩინეს.

 ნათან კეიბის თქმით, ორბიტების განაწილება იმაზე მიუთითებს, რომ მზის სისტემა შესაძლოა იმყოფებოდეს კომეტური აქტივობის მომატებულ ფაზაში, რომელიც დაკავშირებულია წარსულში მომხდარ ვარსკვლავურ მოახლოებასთან და არა ჩვეულებრივ გალაქტიკურ ზემოქმედებასთან. ეს ნიშნავს, რომ დღეს დამზერილი კომეტების პოპულაცია ნაწილობრივ არის შორეულ წარსულში ვარსკვლავის გავლის „ექო“, რომლის შედეგებიც მილიონობით წლის შემდეგაც აგრძელებს გამოვლენას.

 ჰიპოთეზის შესამოწმებლად მკვლევრებმა ჩაატარეს კომეტების ორბიტების რიცხვითი მოდელირება HD 7977-ისა და მზესთან მოახლოების სხვადასხვა სცენარისთვის. მიღებული შედეგები შედარდა 112 გრძელპერიოდიან კომეტასთან, რომლებიც 1989 წლიდან მოყოლებული დაიმზირებოდა. მზის სისტემის შიდა ნაწილში პირველად შემავალი ახალი კომეტების განაწილება უფრო მეტად ვარსკვლავის მოახლოების სცენარს დაემთხვა, მაშინ როდესაც განმეორებით გავლილი კომეტები უკეთეს შესაბამისობაშია ირმის ნახტომის გრავიტაციული ველის გავლენასთან.

 ამავდროულად, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მოდელი სრულად არ არის თანხვედრაში დაკვირვებებთან. კერძოდ, კომეტების ორბიტების ზომების განაწილება ბოლომდე არ შეესაბამება გაანგარიშებულ მნიშვნელობებს, რაც შეიძლება მიუთითებდეს ან გამოყენებული მოდელების არასრულყოფილებაზე, ან დამატებით ფიზიკურ ფაქტორებზე, რომლებიც სიმულაციებში არ იქნა გათვალისწინებული. ასეთ ფაქტორებს შორის შეიძლება იყოს არაგრავიტაციული ზემოქმედებები, მათ შორის კომეტების ნივთიერების აორთქლებით გამოწვეული რეაქტიული ძალები და მზის გამოსხივების წნევა.

 GAIA-ს ორი სარკე ერთ მილიარდპიქსელიან მატრიცაზე ახდენს სინათლის ფოკუსირებას.

 ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჰიპოთეზის შემოწმება უახლოეს წლებში შესაძლებელი გახდება Gaia-ს მისიის ახალი მონაცემების წყალობით, რაც ვარსკვლავ HD 7977-ის ტრაექტორიის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს. დამატებით დაკვირვებებს ასევე ელიან ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიისგან, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა გააფართოოს ცნობილი კომეტების ბაზა და აამაღლოს მათი ორბიტების სტატისტიკური მოდელების სიზუსტე. ამრიგად, მომავალ დაკვირვებებს შეუძლია ან დაადასტუროს, ან უარყოს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ უძველესი ვარსკვლავური მოახლოება დღემდე ახდენს გავლენას მზის სისტემაში გრძელპერიოდიანი კომეტების დინამიკაზე (70 ათასი წლის წინ, მზის სისტემას ორმაგი ვარსკვლავი მოუახლოვდა; Gliese 710 გვიხლოვდება; მზე – პლანეტების ქურდი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.