განახლდა: 27/07/2026
არამიწიერი გონის ძიებაში მეცნიერებმა შესაძლოა სიგნალების ნაწილი გამოტოვეს. ასტრონომებს თითქმის არ შეუსწავლიათ რადიოტალღების ერთ-ერთი პერსპექტიული დიაპაზონი და არასაკმარისად აფასებდნენ იმ ვარსკვლავების რაოდენობას, რომლებიც უკვე მოხვდნენ ტელესკოპების ხედვის არეალში.

SETI-ს პროექტების უმეტესობა უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ფოკუსირებულია ეგრეთ წოდებულ „წყლის ორმოზე“ (water hole) — რადიოდიაპაზონის მონაკვეთზე 1,42-სა და 1,66 გიგაჰერცს შორის. აქ მდებარეობს წყალბადისა და ჰიდროქსილის ჯგუფის სპექტრალური ხაზები, რომლებიც ერთად წყალს ქმნიან. ითვლებოდა, რომ ნებისმიერი ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაცია ამ დიაპაზონს ვარსკვლავთშორისი კომუნიკაციისთვის უნივერსალურად მიიჩნევდა. ზუსტად ამიტომ ხელოვნურ რადიოსიგნალებს აქ ეძებდნენ და ძიებას მხოლოდ იშვიათად აფართოებდნენ დაახლოებით 20 გიგაჰერც სიხშირეებამდე. ამასთან, მილიმეტრიანი დიაპაზონი პრაქტიკულად შეუსწავლელი რჩებოდა.
21-სანტიმეტრიანი ტალღა (ანუ ნეიტრალური წყალბადის ხაზი) არის კოსმოსში ყველაზე გავრცელებული ელემენტის – ატომური წყალბადის მიერ გამოსხივებული რადიოტალღა, რომლის სიგრძეც ზუსტად 21 სანტიმეტრია (სიხშირე 1420 მჰც). წყალბადი ყველაზე გავრცელებული ელემენტია სამყაროში, ასტრონომები ამ ტალღას იყენებენ გალაქტიკების სტრუქტურისა და „უხილავი“ კოსმოსური მატერიის შესასწავლად. აქედან გამომდინარე, უცხო ცივილიზაციებიც სწორედ ამ სიხშირეზე იკვლევენ კოსმოსს და თუ ყურადღების მიქცევა მოუნდათ, ამ სიხშირეზე გამოუშვებენ ტექნონიშნების მქონე სიგნალებს (WOW და სხვა სიგნალები…).

2024 წელს, მანჩესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ასტრონომ ლუიზა მეისონის ხელმძღვანელობით მოქმედმა მკვლევართა ჯგუფმა, ტექნონიშნების მოსაძებნად პირველად გამოიყენა რადიოინტერფერომეტრ ALMA-ს საარქივო მონაცემები. ეს კომპლექსი ითვლება ყველაზე მგრძნობიარე ტელესკოპად 35 გიგაჰერცზე მაღალ სიხშირეებზე დაკვირვებისთვის, თუმცა ადრე მისი შესაძლებლობები SETI-ს ფარგლებში თითქმის არ გამოიყენებოდა (მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ).

ვიწროზოლიანი სიგნალების, ტექნონიშნების ყველაზე სავარაუდო ნიშნის, ძიებისას მეცნიერებმა გააანალიზეს სპექტრის ორი უბანი 90,6 და 93,2 გიგაჰერცის ახლოს. ამისათვის მათ შეისწავლეს ოთხი საარქივო დაკვირვება, რომელთა ხედვის არეალშიც Gaia-ს კატალოგის 28 ვარსკვლავი ხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პოტენციური ტექნონიშნების აღმოჩენა ვერ მოხერხდა, გაირკვა, რომ მილიმეტრიანი დიაპაზონი მსგავსი ძიებისთვის შესაფერისია. უფრო მეტიც, ამ სიხშირეებზე ბევრად ნაკლებია დედამიწიდან რადიოჩარევა, ხოლო ვარსკვლავთშორისი გარემო უფრო სუსტად ამახინჯებს გავრცელებულ სიგნალებს.
მეისონისა და მისი კოლეგების მეორე კვლევის თანახმად, არამიწიერი ცივილიზაციების უკვე ჩატარებული ძიების მასშტაბი შესაძლოა სერიოზულად ყოფილიყო დაკნინებული. ჩვეულებრივ, ასტრონომები ითვალისწინებენ მხოლოდ Gaia-ს კატალოგში შეტანილ ვარსკვლავებს, თუმცა ის ბევრ მკრთალ და შორეულ ობიექტს ვერ მოიცავს. მათი რაოდენობის შესაფასებლად, გუნდმა გამოიყენა ბესანსონის გალაქტიკური მოდელი, რომელიც იძლევა ირმის ნახტომში ვარსკვლავების განაწილების აღდგენის საშუალებას (ის ითვალისწინებს ვარსკვლავების დაბადების ისტორიას, ევოლუციას, მათ სიკაშკაშესა და მოძრაობას, რაც ასტრონომებს საშუალებას აძლევს ზუსტად გათვალონ, რეალურად რამდენი ვარსკვლავი უნდა ხვდებოდეს ტელესკოპის ხედვის არეალში).

ორივე სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი იყო ბირმინგემში, სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ეროვნულ ასტრონომიულ კონფერენციაზე (Royal Astronomical Society National Astronomy Meeting, NAM 2026).
გაირკვა, რომ Breakthrough Listen-ის ერთ-ერთ უდიდეს მიმოხილვაში, რომელიც მოიცავდა რადიოდაკვირვებების 1327 მიმართულებას, Gaia-ს მონაცემებით დათვლილი დაახლოებით 288 ათასი ვარსკვლავის ნაცვლად, რადიოტელესკოპები ფაქტობრივად ფარავდნენ 6,1 მილიონზე მეტ ვარსკვლავურ ობიექტს. მიზეზი ისაა, რომ ერთი არჩეული სამიზნის დაკვირვებისას ხედვის არეალში უნებლიედ ხვდება მრავალი სხვა ვარსკვლავი, რომლებიც ასევე შეიძლება იყვნენ ხელოვნური რადიოსიგნალების პოტენციური წყაროები. ეს ნიშნავს, რომ წინა ძიებები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი იყო, ვიდრე ითვლებოდა, ხოლო შეზღუდვები შესაძლო არამიწიერი გადამცემების გავრცელებაზე უფრო მკაცრი გახდა.

მეისონმა აღნიშნა, რომ აღმოჩენილი სიგნალების არარსებობა არ ნიშნავს მოაზროვნე სიცოცხლის არარსებობას სამყაროს უკიდეგანო სივრცეებში. უფრო მეტიც, ამ კვლევების შედეგების მიხედვით, ძიება ერთდროულად ორი მიმართულებით უნდა გაფართოვდეს: შესწავლილ იქნას რადიოსპექტრის ადრე პრაქტიკულად შეუსწავლელი ნაწილი და უფრო ზუსტად გაითვალისწინონ ყველა მნათობი, რომლებიც ტელესკოპების ხედვის არეალში ხვდება. მიდგომა საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული უკვე დაგროვილი დაკვირვებების არქივები და შესამჩნევად გაიზარდოს არამიწიერი ტექნოლოგიების ძიების სივრცე (SETI: მიიღე მონაწილეობა უცხოპლანეტელების ძებნაში; კიდევ უცხოპლანეტელების შესახებ).