განახლდა: 09/07/2026
ასტრობიოლოგთა მიერ შექმნილ რთულ სამგანზომილებიან კლიმატურ მოდელებს თუ დავუჯერებთ, დედამიწაზე მცენარეული საფარი კიდევ 1,8 მილიარდი წელი იარსებებს. ეს მონაცემი მნიშვნელოვნად აღემატება წინა ვარაუდებს.
ჩვენი პლანეტის სიცოცხლისთვის მთავარ საფრთხედ კვლავ მზე რჩება. ვარსკვლავი ევოლუციონირებს და თანდათან უფრო ინტენსიურად ანათებს: მზე ახლა დაახლოებით მესამედით მეტ ენერგიას ასხივებს, ვიდრე მზის სისტემის ჩასახვის მომენტში, 4,5 მილიარდი წლის წინ.
ვარსკვლავის სიცოცხლე ორი ძალიან მუდმივი ჭიდილია, გრავიტაციის, რომელიც მნათობს კუმშავს და მაღალი ტემპერატურით წარმოქმნილი წნევის, რომელიც ამ შეკუმშვას ეწინააღმდეგება. მაღალი ტემპერატური წყარო თერმობირთვული რეაქციაა. თუ რეაქცია შესუსტდება, გრავიტაცია გადაძლევს და ვარსკვლავ კიდევ უფრო მეტად კუმშავს. თერმობირთვული რეაქციის შესუსტების მიზეზი, ბირთში წყალბადის სინთეზის შედეგად წარმოქმნილი ჰელიუმია, რომელშიც ამ ეტაპზე თერმობირთვული რეაქცია ვერ დაიწყება, ეს გაცილებით გვიან მოხდება. რადგან ბირთვში რეაქციაში მონაწილე ნაწილაკების (წყალბადის ბირთვი, პროთიუმი) საერთო რაოდენობა მცირდება, მათი „დაჯახებების“ სიხშირე მცირდება. შესაბამისად, წნევა ოდნავ სუსტდება. იმ წამსვე, როგორც კი ეს შიდა წნევა ოდნავ დაიკლებს, გრავიტაცია ბირთვის შეკუმშვას აგრძელებს. მატერია კიდევ უფრო მკვრივი ხდება, ატომები ერთმანეთს უფრო ხშირად ეჯახებიან და ტემპერატურა მატულობს. ეს ტემპერატურის მატება იწვევს იმას, რომ დარჩენილი წყალბადი უფრო სწრაფად იწყებს “წვას” (სინთეზს). ეს სინთეზი ისევ წარმოშობს დიდ ენერგიას, რომელიც ისევ “გარეთ უბიძგებს” ვარსკვლავის გარე ფენებს. გრავიტაცია მუდმივად ცდილობს გაიმარჯვოს, ხოლო მზე მუდმივად “ცდილობს” უფრო მეტი სითბო გამოიმუშაოს, რომ წნევა აწიოს და შეკუმშვა შეაჩეროს. სწოერედ ეს იქნება ჩვენი მარჩენალის ტემპერატურის მატების მიზეზი.
მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ დაედგინათ მომენტი, როდესაც მზის სითბო დედამიწის ბიოლოგიას საბოლოოდ გაანადგურებდა. 1982 წელს გაკეთებული პირველი პროგნოზების მიხედვით, დედამიწის მცენარეული საფარი გადახურებისა და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის კლების გამო უკვე 100 მილიონ წელიწადში დაიღუპებოდა.
საქმე ისაა, რომ დედამიწას გააჩნია თანდაყოლილი ბუნებრივი „თერმოსტატი“: ტემპერატურის მატებისას პლანეტა აქტიურად იწყებს ნახშირორჟანგის შეკავშირებას და მის მიწისქვეშა ქანებში შენახვას. ეს პროცესი დედამიწას კატასტროფული გადახურებისგან იცავს, თუმცა ამავდროულად, მცენარეებისთვის სასიკვდილო ხაფანგს ქმნის, რადგან მათ ფოტოსინთეზისთვის აუცილებელ მთავარ საკვებ წყაროს ართმევს.
იმის გასარკვევად, თუ რამდენ ხანს შეძლებს პლანეტა ასეთ პირობებში ბალანსის შენარჩუნებას, არაკომერციული კვლევითი ორგანიზაცია Blue Marble Space-ის (აშშ) მეცნიერებმა, იაკობ ჰაკ-მისრამ და ერიკ ვულფმა, 29 სხვადასხვა კლიმატური სცენარი შეიმუშავეს. მათი კვლევის შედეგები ჟურნალ JGR Atmospheres-ში გამოქვეყნდა. წინამორბედებისგან განსხვავებით, მათ გაითვალისწინეს ბუნების საოცარი ევოლუციური მდგრადობა.

მეცნიერებმა მოდელებში შეიტანეს მონაცემები ფოტოსინთეზის განსაკუთრებული ტიპების მქონე მცენარეების შესახებ, როგორებიცაა სუკულენტები, ორქიდეები და ზოგიერთი წყალმცენარე. ეს ორგანიზმები ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კრიტიკულად მინიმალური კონცენტრაციის პირობებშიც კი წარმატებით გადარჩენასა და განვითარებას ახერხებენ.
ახალმა გათვლებმა გარდაუვალი დასასრულის თარიღი მიაახლოვა იმ პერიოდს, როდესაც დედამიწის ოკეანეები საბოლოოდ აორთქლდება და კოსმოსში გაიფანტება, დაახლოებით ორი მილიარდი წლის შემდეგ. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ეს კვლევა სერიოზულ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს, რომელიც ადასტურებს, რომ რთულ ბიოსფეროებს კოსმოსური ცვლილებების მიმართ გაცილებით მაღალი გამძლეობა აქვთ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. თავად ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მათი დასკვნები მხოლოდ თანამედროვე მცენარეების შესაძლებლობებს ასახავს, მაშინ როდესაც მილიარდობით წლის განმავლობაში ევოლუციამ (მეცნიერება და კრეაციონიზმი: მარადიული ბრძოლა) შესაძლოა სიცოცხლის უფრო ადაპტირებული და თერმომედეგი ფორმები შექმნას (პლუტონი — სიცოცხლის ბოლო თავშესაფარი მზის სისტემაში; ნიკელბეკი, მზე და სიცოცხლის წარმოშობა; დედამიწის დღეები დათვლილია).