მოძრაობს რა სატურნი თავის ორბიტაზე, სხვა გარე პლანეტების მსგავსად (მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი), ზოგჯერ, მასა და დედამიწას შორის დაშორება მინიმალური ხდება ხოლმე, რასაც პირისპირდგომას უწოდებენ (ოპოზიცია). ეს მოვლენა ყოველწლიურად ხდება, ორი კვირის წანაცვლებით გასული წლის თარიღის მიმართ. პირისპირდგომისას, სატურნის ელვარება იცვლება, რაც პლანეტის მიმართ მისი რგოლების მობრუნების კუთხეზეა დამოკიდებული. არის წლები, როცა რგოლები საერთოდაც არ ჩანს.
მცირე ზომის ტელესკოპების საშულებით, პლანეტის დისკოს, რგოლების, სარტყლებისა და ბნელი ზონების დანახვაა შესაძლებელი. საშუალო აპერტურის მქონე ტელესკოპებით ხერხდება სატურნის თანამგზავრების, კასინის სიცარიელის, ენკეს დანაყოფებისა და სხვა საინტერესო დეტალების გარჩევა (რგოლების რუკა).
მარსისა და იუპიტერისგან განსხვავებით (1), სატურნის დიდი პირისპირდგომები იშვიათია. ძალიან შორს მდებარეობის გამო, სატურნის პერიჰელიუმი (მზესთან უახლოესი წერტილი ორბიტაზე) და პირისპირდგომა დედამიწის მიმართ საკმაოდ იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს – ყოველი 59 წლის მერე. გარდა ამისა, ისევ და ისევ ძალინ შორს მდებარეობის გამო, სატურნის პირისპისრდგომასა და დიდ პირისპირდგომას შორის რაიმე დიდი განსხვავება არ დაიმზირება.
მომავალი დიდი პირისპირდგომა 2031 წლის 11 დეკემბერსა და 2032 წლის 25 დეკემბერს იქნება, ელვარებით -0,3m (შეუიარაღებელი თვალი 5m-ს ვხედავთ. მინუსი ციფრის წინ, ელვარების მატებას აღნიშნავს, მაგალითად, სირიუსი -1,5m. ვარსკვლავური სიდიდე).
სატურნი, მზესთან ოპოზიციურ მდგომარეობაში 2025 წლის 21 სექტემბერს, თბილისის დროით 09:10 საათზე (05:10 GMT) შევა. პლანეტა 0,6 მაგნიტუდით ანათებს – ეს იქნება მაქსიმალური სიკაშკაშე 2025 წელს. სატურნი, თევზების თანავარსკვლავედში, კაშკაშა მოყვითალო წერტილის სახით გამოჩნდება. ის მზის ჩასვლისას აღმოსავლეთით ამოვა და მთელი ღამის განმავლობაში შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი დარჩება.
სატურნის შთამბეჭდავი რგოლების სანახავად, მინიმუმ პატარა ტელესკოპი დაგჭირდებათ. თუმცა, რგოლები მხოლოდ 2 გრადუსით არის დახრილი, ამიტომ მათი დანახვა შეიძლება რთული იყოს.
ოპოზიციურ მდგომარეობაში სატურნსა და დედამიწას შორის მანძილი 8,55 ასტრონომიულ ერთეულამდე შემცირდება (1,279 მლრდ.კმ.). მისი დისკოს ხილული დიამეტრიც გაიზრდება – 19,4 კუთხური წამი (კუთხური ზომა).
სატურნის თანამგზავრების ხილვადობა ტელესკოპის სარკის ზომის მიხედვით (ხელსაყრელ პირობებში).
ცხრილი გვიჩვენებს, რომ იაფეტის ელვარება იცვლება, რაც მზის მიმართ მისი მხარეების მობრუნებაზეა დამოკიდებული. ზედაპირის ორივე ნაწილი ყინულით არის დაფარული, ერთზე, ნახშირბადის მაღალი შემცველობით, რაც სიკაშკაშის შემამცირებელი ფაქტორია.