NGC 1566: სპირალური გალაქტიკა ესპანელი მოცეკვავე

 ალბათ, ეს სპირალური გალაქტიკა იდეალური არ არის, თუმცა მაინც, ის ერთ-ერთია ყველაზე ფოტოგენურთა შორის. თანავარსკვლავედ ოქროს თევზის მიმართულებით 40 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა მილიარდობით ვარსკვლავს შეიცავს. სიბრტყით ჩვენსკენ მობრუნებული NGC 1566 რეგულარული სპირალური სტრუქტურის მქონე გალაქტიკებს მიეკუთვნება. მას ორი კარგად გამოკვეთილი, ნატიფი მკლავი აქვს, შემოხაზული ელვარე ცისფერი ვარსკვლავებისა და კოსმოსური მტვრის ბნელი ზოლებით. ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა NGC 1566 ბევრჯერ გადაიღო, ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების, ზეახალთა ანთებებისა და უჩვეულოდ აქტიური ცენტრის შესასწავლად. ის, ჩვენთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ელვარე სეიფერტის ტიპის გალაქტიკაა (კარლ სეიფერტი). ასეთი ტიპის სპირალური და უფორმო გალაქტიკების სპექტრში უამრავი ელვარე ფართო ზოლი დაიმზირება, რაც იქ რამდენიმე ათასი კილომეტრი წამში სიჩქარით ამოფრქვეული გაზის ნაკადების არსებობაზე მიუთითებს. დამზერადი სპირალური გალაქტიკების 1% სეიფერტის გალაქტიკებს მიეკუთვნება. სავარაუდოდ, მათი ბირთვების აქტიურობის მიზეზი, ათეულობით ან ასეულობით მილიონი მზის მასის მქონე ცენტრალური ზემაისური შავი ხვრელებია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.