ირმის ნახტომის ცენტრი და დიდებული NGC 1232

 ირმის ნახტომის ცენტრალური ნაწილი, მშვილდოსნიდან მორიელამდე – მართლაც საუკეთესო ადგილია პლანეტა დედამიწის ღამის ცაზე.

 ამ ფართოკუთხიან გამოსახულებაზე ის 30 გრადუსს მოიცავს. 2010 წელს გადაღებულ ფოტოზე ჩანს მტვრის ჩახლართული ზოლები, ელვარე ნისლეულები და ვარსკვლავთგროვები, გაბნეული ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავებით მდიდარ ცენტრალურ ნაწილში. მარცხნიდან, ნისლეულები ლაგუნა, სამნაწილიანი ნისლეული და კატის თვალი. თვითონ გალაქტიკის ცენტრი 26 ათასი სინათლის წლის იქეთ მდებარეობს…

 გალაქტიკები არა მარტო იმით გვაკვირვებს, რასაც მათში ვხედავთ, არამედ იმითაც, რისი დანახვა ჩვენ არ შეგვიძლია. ამის მშვენიერი მაგალითია სპირალური გალაქტიკა NGC 1232. ეს დეტალური გამოსახულება ძალიან დიდი ტელესკოპებიდან(VLT) ერთ-ერთით მიიღეს, ევროპის სამხრეთულ ობსერვატორიაში. ხილულ ნაწილში ამ გალაქტიკის გარე კიდე მილიონობით ელვარე ვარსკვლავებითა და ბნელი მტვროვანი კომპლექსებით არის წარმოდგენილი, რომლებიც ცენტრის გარშემო შემოხვეული სპირალების გრავიტაციულ მორევში არიან ჩაძირული. მკლავების გასწვრივ, გაფანტული ვარსკვლავთგროვებია, რომლებიც ელვარე ცისფერი ვარსკვლავებით არის დასახლებული, მათ შორის კი ჩაბნელებული ვარსკვლავთშორისი მტვრის კომპლექსებია. მილიარდობით უფრო სუსტი ნორმალური ვარსკვლავები ცუდად ჩანს, თუმცა მათი აღმოჩენა მაინც შესაძლებელია. ამ ვარსკვლავების საერთო მასა იმდენად დიდია, რომ გალაქტიკის შიდა ნაწილში მიმავალ დინამიკურ პროცესებს სწორედ ისინი მართავენ. ნივთიერების კიდევ უფრო გრანდიოზული მარაგი კი საერთოდ არ ჩანს, მისი ბუნება ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება – ეს ყოვლისმომცველი ბნელი მატერიაა, რომლის არსებობით აიხსნება გალაქტიკების კიდეზე მდებარე ხილული, ჩვეულებრივი მატერიის მოძრაობა(ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.