მტვერში ჩაფლული შვიდი და

 ნუთუ ეს სახელგანთქმული ვარსკვლავური გროვა პლეადებია? ცნობილია, რომ პლეადები ელვარე ცისფერი ვარსკვლავების თავმოყრის ადგილია, თუმცა, ინფრაწითელ დიაპაზონში გადაღებულ ფოტოზე(ტალღ. სიგრძე 24, 12 და 4,6 მიკრონი), მათი შემომფარგლავი მტვერი უფრო კაშკაშებს, ვიდრე თვითონ ვარსკვლავები. ფოტოები ნასას კოსმოსური ტელესკოპის – WISE-ს საშუალებით გადაიღეს, რომელიც ინფრაწითელი დიაპაზონში მუშაობს.

WISE(NASA).

 პლეადებს, იგივე M45, შვიდ დასაც უწოდებენ. მასიური ვარსკვლავების სინათლე და ქარი, ნისლეულის მტვერს ანიავებს, რის გამოც ის ბოჭკოსებრ ძაფებს წარმოქმნის, რაც ფოტოზეც დაიმზირება. გამოსახულება 20 სინათლის წლის ზომის სივრცეს მოიცავს, ხოლო პლეადებამდე მანძილი 450 სინათლის წელია, მდებარეობს კუროს თანავარსკვლავედში.

 გინახავთ ოდესმე პლეადები? თუ ეს ასეც არის, თქვენ მასში არსებულ მტვერს მაინც ვერ შეამჩნევდით. ეს არის ყველაზე ცნობილი გაფანტული ვარსკვლავური გროვა ცის თაღზე.  პლეადების კაშკაშა ვარსკვლავების დანახვა შეუაიარღებელი თვალით, განათებული ქალაქის პირობებშიც არის შესაძლებელი. თუმცა, თუ გროვას ფოტოს ბნელი ადგილიდან ხანგრძლივი დაყოვნებით გადავიღებთ, პლაეადების ვარსკვლავების გარშემო ვარსკვლავთშორისი მტვრის ღრუბლებს შევამჩნევთ.

PLEADA

 ამ ფოტოს გადაღების ჯამური დაყოვნება 30 საათს უტოლდება და მოიცავს ცის მონაკვეთს, რომელიც სავსე მთვარის ზომაზე რამდენიმეჯერ დიდია. არსებობს ლეგენდა, რომელიც ჩვენ დროში გაჩნდა – მას შემდეგ, რაც გროვას სახელი დაარქვეს, მისი ერთ-ერთი ვარსკვლავი ჩაქრა და ახლა, მხოლოდ ექვსი ვარსკვლავის დანახვაა შესაძლებელი. თუმცა, ვარსკვლავთა რიცხვი, რომელთა დანახვა პლეადებში შეგვიძლია, ნამდვილად შვიდს უტოლდება, რაც დაკვირვების ადგილსა და მხედველობაზეა დამოკიდებული.

 პლეადები, ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე გაფანტული ვარსკვლავთგროვაა, რომლის შეუიარაღებელი თვალით დანახვა ზამთარში ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია შესაძლებელი, ხოლო ზაფხულში – სამხრეთ ნახევარსფეროში. ბევრი ასტრომოყვარული ცდილობს ამ ფანტასტიური ვარსკვლავური გროვას გადაღებას, რომელიც დაკვირვების ყოველ ჯერზე თითქოს სხვანაირად გამოიყურება.

ქართველი ასტროფოტოგრაფის, დავით დვალის მიერ გადაღებული პლეადები.

 პლეადები ძველთაგანვეა ცნობილი და ბიბლიაში, ჰომეროსის – ”ილიადასა” და ”ოდისეაშიც” არის მოხსენიებული. პირველად ვინ და როდის აღმოაჩინა უცნობია. M45 დაახლოებით 100 მილიონი წლისაა და 3000-მდე ვარსკვლავისგან შედგება, რომელთა შორის ცხელი ცისფერი ვარსკვლავებიც არის, მისი დიამეტრი 12 სინათლის წელია. ხსენებული კაშკაშა ვარსკვლავებიდან 14-ის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. პლეადების ვარსკვლავთა საერთო მასა 800 მზის მასის ტოლფასია.

2 comments

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *