მეცნიერთათვის ცნობილია, რომ ზემასიური შავი ხვრელი მისი შემომფარგლავი გალაქტიკის ფორმირებასა და შემდგომ განვითარებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. გალაქტიკის აქტიური ბირთვის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელი მისი შემომფარგლავი გარემოდან დიდი რაოდენობით მატერიას შთანთქავს. ამ ეტაპზე, შავი ხვრელის გარშემო გალაქტიკის აქტიური ბირთვი(კვაზარი) ფორმირდება(ctive galactic nucleus, AGN), ხოლო ზეგავლენას, რომელსაც ის გალაქტიკაზე ახდენს, უკუკავშირი უწოდეს – AGN. ეს უკუკავშირი სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამომჟღავნდეს – აქტიურ ბირთვს შეუძლია გააცხელოს, დაშალოს, შთანთქოს ან ”გაანიავოს” გაზი, რომლისგანაც ვარსკვლავები ფორმირდება და გალაქტიკის შემდგომი ზრდა შეაჩეროს. მათემატიკურ მოდელებში აქტიური ბირთვის უკუკავშირი, მოდელირებული გალაქტიკების ევოლუციის ყველა სტადიაზე უნდა იყოს გათვალისწინებული.
ასტრონომები, აქტიური ბირთვის ზემოქმედებასთან დაკავშირებულ მოვლენებს, დედამიწიდან სხვადასხვა მანძილზე მდებარე და არსებობის სხვადასხვა ფაზაში მყოფ გალაქტიკებში სწავლობენ. დაკვირვებები ხილულ, ინფრაწითელსა და რენტგენის დიაპაზონში მიმდინარეობს – კანარის დიდი ტელესკოპი(GTC), ძალიან დიდი ინტერფერომეტრი(VLTI), ”ნუსთარი”, ”სვიფტი” და ”სუზაკუ”.
ახლა ამ კვლევებში ატაკამას ანტენათა დიდი მილიმეტრულ/სუბმილიმეტრული მასივიც(ALMA) ჩაერთო. ასტრონომიის ისტორიაში პირველად, გალაქტიკა NGC 1068-ის აქტიური ბირთვის შემომფარგლავი გაზის დისკოს მილიმეტრული დიაპაზონის მკაფიო ფოტოები იქნა მიღებული. გაზის ღრუბელს დისკოს ფორმა აქვს, დიამეტრით 7-10 პარსეკი(23-33 სინათლის წელი). მთლიანობაში, დისკოს რეგულარულ ბრუნვასთან ერთად, მასში არაწრიული მოძრაობებიც დაიმზირება, გამოწვეული ბირთვიდან ამოფრქვეული მაღალი სიჩქარის მქონე გაზების, მაღალი ენერგიის გამოსხივებისა და ნაწილაკთა ჭავლების(ჯეტი) ზემოქმდებით(შეჯახებათა სერიები ჯეტებში; ჩვენი გალაქტიკის ჯეტები რენტგენის დიაპაზონში).
”ახლა უკვე ვიცით, რომ გალაქტიკათა აქტიურ ბირთვებს ძალიან რთული აღნაგობა აქვს და ისინი უფრო დინამიურია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. ეს კომპაქტური რეგიონები ზემასიური შავი ხვრელის შემომფარგლავი გაზისა და მტვრის ღრუბლებით არის ფორმირებული, რომელთა თვისებები ბირთვის აქტურობაზეა დამოკიდებული. გალაქტიკის ცენტრიდან გაზის შესვლისა და გამოსვლის პროცესები ერთმანეთს ცვლის, ”კვებავს” ზემასიურ შავ ხვრლს და ახალი ვარსკვლავების დაბადების ტემპს არეგულირებს” – ამბობს ქრისტინა რამოსი, კვლევის წამყვანი ასტრონომი(გალაქტიკათა პლაზმური ჭავლების გამოცანა).