ახალი მონაცემების ანალიზით, რომლებიც ”მესენჯერმა” გადმოსცა, მერკურის მუდმივი ჩრდილის ქვეშ მყოფ კრატერებში გაყინული წყლის არსებობა დამტკიცდა(Science;NASA).
მეცნიერთა დასკვნები მონაცემთა სამ დამოუკიდებელ ბლოკს ეფუძნება. ”მესენჯერის” ნეიტრონულმა სპექტროგრაფმა მერკურის პოლარულ კრატერებში წყალბადის ატომის დიდი რაოდენობა აღმოაჩინა, რაც იქ წყლის არსებობაზე მეტყველებს. ობიექტის ნეიტრონული ალბედოს(არეკვლის უნარი) საკვლევი მოწყობილობა DAN-ი, უახლეს მარსმავალ ”ცნობისმოყვარეობაზეც” არის დაყენებული.
სპექტრომეტრის მონაცემთა მიხედვით პრაქტიკულად სუფთა ყინულის საფარის სისქე რამდენიმე ათეულ სანტიმეტრს შეადგენს. ამასთან ერთდ, გაყინული წყალი, მიუხედავად იმისა, რომ კრატერებში ზოგან ზედაპირზეც ამოდის, ძირითადათ 10-20 სანტიმეტრის სისქის ბნელი ნივთიერებებითაა დაფარული. მეცნიერებმა ჯერჯერობით არ იციან, რას წარმოადგენს ეს ნივთიერება, თუმცა ვარაუდობენ, რომ მასში ორგანული ნაერთებია, რომლებიც, როგორც წყალი, კომეტებმა მიიტანეს.
მერკურის მუდმივად დაჩრდილული ჩრდილოეთ პოლუსი.
მტკიცებულებათა მეორე ბლოკი მერკურის პოლუსის რელიეფის კვლევას ეფუძნება. ის ლაზერული(1) სიმაღლის მზომით ჩატარდა – MLA. კრატერების შიგნით არსებობენ ადგილები, რომლებსაც ინფრაწითელი დიაპაზონის ახლო ნაწილში არეკვლის მაღალი უნარი გააჩნიათ. ეს კი სპექტრომეტრის მონაცემების სისწორეს კიდევ უფრო ამყარებს.
და ბოლოს, რელიეფზე ახალი მონაცემების მიხედვით მეცნიერებმა მერკურის ზედაპირის ტემპერატურის კომპიუტერული მოდელირება ჩაატარეს, რამაც პლანეტის ცივ რეგიონებში გაყინული წყლის არსებობის შესაძლებლობა დაადასტურა.
მერკურიზე გაყინული წყლის არსებობის ვარაუდი ჯერ კიდევ წინა საუკუნის სამოცდაათიან წლებში გამოითქვა. ის მერკურის ბრუნვის ღერძის მისსავე ეკვატორთან მუდმივად პერპენდიკულრულ მდგომარეობაში ყოფნას ეფუძნებოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში მზე ზოგიერთ კრატერს ვერასოდეს გაანათებს. პირველი ექსპერიმენტული მტკიცებულება არესიბოს დიდი რადიოტელესკოპის გამოყენებით იქნა მიღებული, ახლა კი ეს ”მესენჯერითაც” დამტკიცდა.