ქვის მეტეორიტთა უმრავლესობა ხონდრიტია. მათ ასე, სფერული ან ელიფსური ფორმის, ძირითადად, სილიკატური შემადგენლობის (სილიციუმის მჟავას მარილები) ჩანართების – ხონდრების გამო უწოდეს. ხონდრების უმეტესობის ზომა 1 მილიმეტრია, ზოგჯერ, რამდენიმე მილიმეტრიც. ხონდრები ნამსხვრევ ან წვრილადკრისტალიზებულ მატრიცაშია, რომელიც ხონდრებისგან კრისტალური აღნაგობით უფრო განსხვავდება, ვიდრე ქიმიური შემადგენლობით. ხონდრიტების ქიმიური შემადგენელი პრაქტიკულად მზის იდენტურია, გაზების გამოკლებით, როგორებიცაა წყალბადი და ჰელიუმი. ამიტომ ითვლება, რომ ხონდრიტები უშუალოდ მზის შემომფარგლავი პროტოპლანეტური ღრუბლისგან ჩამოყალიბდა, ნივთიერებათა კონდენსაციითა და აკრეციით, შუალედური გაცხელებით (პეტროლოგური გარდაქმნა).
ყველაზე გავრცელებულია ე.წ. ჩვეულებრივი ხონდრიტების ტიპი, ამიტომაც უწოდეს ჩვეულებრივი, ისინი დანარჩენებზე უფრო ხშირად გვხვდება. იყოფა სამ ჯგუფად: H, L და LL (H — ინგლ. high, მაღალი; L —low, დაბალი). მეტეორიტთა ეს ჯგუფები ერთნაირი თვისებებით გამოირჩევა, თუმცა განსხვავდება რკინისა და სიდეროფილური (რკინისმაგვარი თვისებებით, H > L > LL, Au, C, Co, Fe, Ge, Ir, Mo, Ni, Os, P, Pd, Pt, Re, Rh, Ru, Sn) ელემენტების შემცველობით. ასევე, დაჟანგული და მეტალური რკინის შემცველობის განსხვავებული თანაფარდობით(LL > L > H). მეტალური რკინის რაოდენობა იზრდება ჯგუფ LL-დან L-მდე და შემდგომ – H-მდე.
H ხონდრიტები, ძირითადად, პეტროლოგიური ტიპებით არის წარმოდგენილი 3-6, L და LL ხონდრიტები პეტროლოგიური ტიპებით 3-7. ჩვეულებრივი ხონდრიტები ხშირ შემთხვევაში სითბურ მეტამორფოზს განიცდის – 400°C (ტიპი 3)-დან 950°C (ტიპი 6-7)-მდე ტემპერატურაზე, ასევე, დარტყმით ზემოქმედებას 1000 ატმოსფროს ტოლფასი წნევის დროს. ხონდრები, ნამსხვრევი მასალით ივსება და უსწორმასწორო ფორმებს იღებს.
არსებობს ნახშირბადიანი, ენსტატიტური (მთლიანად თავისუფალი რკინის შემცველობით, ანუ ნულოვანი ვალენტობით, ან სილიკატურები რკინის გარეშე), R (ნაპოვნია მხოლოდ ერთი) და K ხონდრიტები (ბრეკჩია).
ქვის მეტეორიტები.
ახონდრიტები, მრგვალი ფორმის ჩანართების არმქონე ქვის მეტეორიტებია. სტრუქტურითა და შემადგენლობით, დედამიწისეულ ბაზალტებს ჰგავს. ყველა ახონდრიტმა სხვადასვა ხარისხის დნობა გადაიტანა, სწორედ ამ პროცესმა გააქრო მათში ხონდრები. ახონდრიტები, ნაპოვნი მეტეორიტების 8% შეადგენს. მათი უმრავლესობა ე.წ. HED ტიპს ეკუთვნის და ბევრი გეოქიმიკოსის აზრით, მათი წარმომავლობა უკავშირდება ასტეროიდ ვესტას (1). სხვა ახონდრიტები აქ მთვარიდან, მარსიდან და ჯერ კიდევ არაიდენტიფიცირებული ასტეროიდებიდან მოხვდა.