შესაძლოა, ჯეიმს ვების სახელობის (ჯეიმს ედვინ ვები და NASA) კოსმოსური ტელესკოპით, პირველად იქნა შემჩნეული III პოპულაციის ვარსკვლავები – პირველი ვარსკვლავები, რომლებიც დიდი აფეთქებისთანავე ჩამოყალიბდა. ეს ვარსკვლავები მხოლოდ წყალბადის, ჰელიუმის და ლითიუმის კვალისაგან შედგება (სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი).

ტოლედოს უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა, არი ვისბალის ხელმძღვანელობით, ამ ტელესკოპის მიერ ახლახან აღმოჩენილი შორეულობის კანდიდატი ობიექტი LAP1-B შეისწავლა. მკვლევარები თვლიან, რომ ეს ობიექტი ემთხვევა პირველად ვარსკვლავებთან დაკავშრებულ სამ ძირითად თეორიულ პროგნოზს: ბნელი მატერიის ჰალოში ფორმირება (ბნელი მატერია სამყაროს ”ბავშვობის დროინდელ” ფოტოზე), რომლის მასა დაახლოებით 50 მილიონი მზის მასაა, უკიდურესად მასიური ვარსკვლავების არსებობა, რომელთა მასა ათეულებიდან ასობით მზის მასამდე მერყეობს და რამდენიმე ათასი მზის მასის მცირე გროვებში თავმოყრა. სისტემის გარშემო არსებული გაზიც ძალიან მცირე მეტალურობას ავლენს, რაც შეესაბამება იმ გარემოს, რომელშიც პირველი ზეახლები, პირველი მძიმე ელემენტების გამოტყორცნას იწყებდა (ზეახალი ვარსკვლავი).
თუ ანალიზი დადასტურდა, ე.ი. ჩვენ ვხედავთ სულ პირველ ვარსკვლავებს, როცა სამყაროს ასაკი 200 მილიონი წელი იყო დიდი აფეთქებიდან, რაც ახლანდელი ასაკის 1 პროცენტია (რა არის დიდი აფეთქება?).
ობიექტი-კანდიდატი LAP1-B, კოსმოსურმა ტელესკოპმა გრავიტციული ლინზირების ეფექტის საშუალებით აღმოაჩინა, რომელიც ჩვენსა და შორეულ ობიექტს შორის მდებარე გალატიკურმა გროვამ წარმოქმნა (MACS J0416).

კვლევის თანახმად, სისტემის ფორმირება 50 მილიონი მზის მასის მქონე ბნელი მატერიის ღრუბელში მოხდა, რაც პოპულაცია III-ის თეორიულ პროგნოზებს ემთხვევა. სისტემის ვარსკვლავები ზემასიურებია – ათეულობიდან ათასეულობით მზის მასებით, თავმოყრილი რამდენიმე ათასი მზის მასის გროვებში. ეს კიდევ ერთი თეორიული შესაბამისობაა, რომ ეს ვარსკვლავები პატარა ჯგუფებში იბადებოდნენ, არა დიდ პოპულაციებში (პირველი ვარსკვლავები).
შემომფრაგლავი გაზის ანალიზით, მეტალების უკიდურესად მცირე რაოდენობა გამოვლინდა, რაც პირველად, მძიმე მეტალებით ჯერ კიდევ დაუბინძურებელ გარემოზე მიუთითებს, რომლებიც მოგვიანებით, ვარსკვლავების ზეახლებად აფეთქებებით წარმოიქმნა. აზოტი, ნახშირბადი და ჟანგბადი, რომლებსაც ასტრონომები მეტალებს უწოდებენ (ყველაფერს, რაც წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმეა), იქ მინიმალური რაოდენობითაა წარმოდგენილი.
მიუხედავად ამისა, რჩება გაურკვევლობებიც: მაგალითდ, პირველი ზეახლების მიერ გამოტყორცნილი მატერიის რაოდენობა შეიძლება არ ემთხვეოდეს თეორიით პროგნოზირებულს, ხოლო ადრეული სამყაროს ფიზიკის სიმულაციებს კვლავ შეზღუდვები აქვს (ადრეული სამყაროს ახალი კომპიუტერული მოდელი).
კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ LAP1-B “სანიმუშო შემთხვევას” წარმოადგენს, რომელმაც მომავალი კვლევები სწორ გზაზე შეიძლება დააყენოს, რომ “ჯეიმს ვებისა” და გრავ. ლინზირების კომბინირებული მეთოდი სხვა ანალოგიური სამიზნეებისთვის იქნეს გამოყენებული. ამ თვალსაზრისით, აღმოჩენა, თუნდაც არ იყოს საბოლოო, მნიშვნელოვანი ეტაპია და კოსმოსში უძველესი ვარსკვლავების აღმოჩენის ახალ დაკვირვებით მიდგომას უწყობს ხელს (კიდევ “ჯეიმს ვების” შესახებ).