მზის სისტემის სამი ვარსკვლავთშორისი სტუმარი

 ვარსკვლავთშორისი კომეტები და ასტეროიდები პოტენციურად ძალიან საშიში ციური სხეულებია. მზის სისტემის კუთვნილი ასეთი ობიექტები, როგორც წესი, დედამიწის ორბიტასთან ახლოს მრავალი გავლის მერე თუ შეიძლება გადავიდნენ ჩვენთვის საშიშ ორბიტებზე, რაც გარკვეულ დროს გვაძლევს შეძლებისდაგავარ მოვემზადოთ ასეთი კატასტროფისგან თავის დასაცავად. სისტემის გარედან მომავალ სხეულებს კი ასეთი ორბიტები ვერ ექნება და აქ მხოლოდ ერთხელ ჩნდებიან.

 თუ შემთხვევით მათი და დედამიწის ტრაექტორიები გადაიკვეთა, საფრთხის მოსაგერიებლად რაიმე ზომების მიღება შუძლებელი იქნება, თან არც ასეთი საფრთხეებისგან დამცავი, მუდმივ მზად ყოფნაში მოყვანილი ტექნიკა გვაქვს.

 ახლახანს აღმოჩენილი  3I/ATLAS

 ის, ივლისის დასაწყისში, მზიდან დაახლოებით 430 მილიონი კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს და დედამიწელებისთვის ერთ-ერთი პოტენციურად საშიში ტიპის ციური სხეულია. საბედნიეროდ, ეს კონკრეტული ობიექტი, მიუხედავად ზომისა (10-20 კმ.), ჩვენს პლანეტას საფრთხეს არ უქმნის.

 2025 წლის 1 ივლისს, სამშაბათს, ATLAS-ის (ასტეროიდული საფრთხის შეტყობინების სისტემა) რობოტიზებული ტელესკოპების სისტემამ აღმოაჩინა სხეული, რომელსაც თავდაპირველად A11pl3Z დაარქვეს, მისი პარამეტრების დადასტურების შემდეგ კი 3I/ATLAS (ATLAS-ის მიერ აღმოჩენილი მესამე ვარსკვლავთშორისი ობიექტი) ეწოდა.

 58 კილომეტრი წამში სიჩქარით მოძრავი სტუმრის ორბიტის ექსცენტრისიტეტია – 6,15. ყველა ორბიტა, რომლის ექსცენტრისიტეტი ერთზე მეტია, ჰიპერბოლურია, ანუ ისინი ღია მრუდებს ქმნიან. შესაბამისად, 3I/ATLAS არ მზის გარშემო ბრუნავს, არამედ მზის სისტემაში ღია მრუდზე მოძრაობით გადის.

 სიჩქარეც ამაზე მიუთითებს: ის აღემატება მესამე კოსმოსურ სიჩქარეს, ანუ სიჩქარეს, რომელიც საჭიროა მზის გრავიტაციის დასაძლევად და ჩვენი სისტემის, ასევე სამყაროში არსებული პლანეტური სისტემების დიდი უმრავლესობის დასატოვებლად. 3I/ATLAS, ადამიანების მიერ აღმოჩენილი მესამე ასეთი ვარსკვლავთშორისი „მოხეტიალე“ ციური სხეულია.

 ასტეროიდი ოუმუამუა (1I/Oumuamua)

 სხვა ვარსკვლავის სისტემიდან ჩვენთან შემოჭრილი ობიექტი ჯერ კომეტა ეგონათ, შემდეგ, უცხოპლანეტელთა ხომალდიც კი, რადგან კოსმოსური ქვისთვის შეუფერებელად იქცეოდა – ძალიან სწრაფად მოძრაობდა, სიჩქარესაც მოუმატა, შემოვიდა უცნაური დახრილობთ; ასეთი მახასიათებლების მქონე ობიექტს, ვერც იუპიტერი, ვერც ნეპტუნი და ვერც ოორტის ღრუბელი ვერ გამოუშვებდა ჩვენკენ. დეტალური შესწავლის მერე, ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ ამ ასტეროიდის ყინულოვანი წიაღი, რაღაც ნახშირბადის მაგვარით უნდა ყოფილიყო დაფარული, რის გამოც არ უჩნდებოდა კუდი. კიდევ უფრო უცნაურია სიგარისებრი ფორმა, ზომით 1:8-ზე, რაც ყველაზე დამაჯერებელ ახსნას ითხოვდა. საბოლოოდ, ყველაზე მარტივი ახსნა მოიძებნა — ოუმუამუას მილიარდობით წლიანი მოგზაურობა ირმის ნახტომში.

 2017 წელს აღმოჩენილი ასტეროიდი ოუმუამუა, 26 კმ/წმ. სიჩქარით შემოიჭრა მზის სისტემაში, სისტემიდან გასვლისას კი 87 კმ/წმ-მდე აჩქარდა. ტრაექტორია შემოსვლისა და გასვლის მერეც იმაზე მიუთითებდა, რომ ის გრავიტაციულად არ იყო დაკავშირებული მზესთნ. სავარაუდოდ, ქნარის თანავარსკვლავედის მიმართულებიდან წამოსული, ჰიპერბოლურ ორბიტაზე (ჰიპერბოლური ტრაექტორიაასტროდინამიკასა და ციურ მექანიკაში, ობიექტის ტრაექტორია ცენტრალური სხეულის გარშემო, რომლის სიჩქარე საკმარისია ცენტრალური სხეულის მიზიდულობის დასაძლევა.) 26 კმ/წმ. სიჩქარით მოძრავი ოუმუამუა, მზის აპექსის (საითაც მზის სიჩქარეა მიმართული) მიმართულებიდან შემოვიდა, რაც მეტად უფროა მოსალოდნელი, ვიდრე სხვა მიმართულებებიდან.

 მეცნიერები თვლიან, რომ ეს იყო გაყინული წყალბადის შემცველი წაგრძელებული ფორმის ობიექტი, რომელიც რომელიღაც ვარსკვლავთან ფორმირების პროცესში მყოფ ყინულოვან პლანეტას (პლანეტოშენადედი) მოსწყდა. მზის სისტემიდან გასვლისას მისი აჩქარება ამ წყალბადის სწრაფი აორთქლებით შეიძლება აიხსნას (კიდევ ოუმუამუას შესახებ).

2I/ბორისოვი

 კომეტა 2I/ბორისოვი, მეორე აღმოჩენილი კოსმოსური ობიქტია ასტეროიდ (1I/) ოუმუამუას შემდეგ, რომელიც ამ უკანასკნელის მსგავსად, ჰიპერბოლურ ორბიტაზე მოძრაობს, ხოლო მზესთან მიახლოების სიჩქარე კი სისტემაში მის გარედან შემოფრენაზე მეტყველებს. ეს გამოსახულება ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპით გადაიღეს, 2019 წლის 12 ოქტომბერს. როგორც სხვა კომეტები, მისი ბირთვიც მტვრით არის შემოფარგლული (კომა), სავარაუდოდ, მისი დიამეტრი 2-დან 16 კილომეტრამდე უნდა იყოს. ფოტოს გადაღების მომენტში კომეტამდე მანძილი 418 მილიონი კილომეტრი იყო. მინიმალურ მანძილზე ჩვენს მნათობთან 2019 წლის 8 დეკემბერს მივიდა – 300 მილიონი კილომეტრი (ანუ 2 ასტრონომიული ერთეული). დაფიქსირდა 2 აელვარება, რაც კომეტის დაშლაზე მიუთითებდა. მისი დიდი ფრაგმენტი დაახლოებით 7 მარტს იქნა ამოტყორცნილი მზის მიმართულებით, შესაძლოა, იმ დროს მომხდარი2 აფეთქებიდან ერთ-ერთის  დროს. როგორც ჩანს, ამოტყორცნილი ფრაგმენტი 2020 წლის 6 აპრილისთვის გაქრა.

 ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) ფართოზოლოვანი (ულტრაიისფერიდან ინფრაწითელამდე) სპექტრომეტრის, X-shooter-ის  გამოყენებით, ვარსკვლავთშორის კომეტა 2I/ბორისოვის ცივ კომაში აირისებრი ატომური ნიკელი იქნა აღმოჩენილი.

 უცნაურია, რომ ასეთი ობიექტები აქამდე ვერ აღმოვაჩინეთ, სავარაუდოდ, ასეთი შეხვედრები გაცილებით ხშირად უნდა ხდებოდეს, ამ სამის აღმოჩენა კი მათი ზომებითა და მზესთან ახლოს მისვლის წყალობით მოვახერხეთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.