ამ სურათზე, პირველად აღმოჩენილი კომპაქტური გალაქტიკური ჯგუფი – სტეფანის კვინტეტია წარმოდგენილი (ფრანგი ასტრონომი, ედუარდ ჟან-მარი სტეფანი, 1877 წ.). გამოსახულება შედგენილია ”ჰაბლის მემკვიდრეობის” სახელით ცნობილი მონაცემებით. ეს ჯგუფი დედამიწიდან 300 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. სინამდვილეში, ხუთიდან, მხოლოდ ოთხი მდებარეობს ერთმანეთთან ახლოს. “ზედმეტი” გალაქტიკის გამორჩევა არ არის ძნელი. ოთხი ურთიერთქმედი გალაქტიკა (NGC 7319, 7318A, 7318B, DA 7317) მოყვითალო ელფერითა და დეფორმირებული ფორმებით გამოირჩევა, ჩანს მარყუჟები და კუდები (ვარსკვლავებისა და გაზებისგან შემდგარი), წარმოქმნილი გრავიტაციული მოქცევებით. მოცისფრო დიდი გალაქტიკა, NGC 7320, ჩვენთან გაცილებით ახლოსაა – 40 მილიონი სინათლის წელი, ასე რომ ის არ არის ხსენებული ჯგუფის შემადგენელი ნაწილი. NGC 7320-ში ზოგიერთი ცალკეული ვარსკვლავის გარჩევაც კი შეიძლება, რაც მისი სიახლოვის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორია. სტეფანის კვინტეტის მოძებნა პეგასის თანავარსკვლავედის მიმართულებით არის შესაძლებელი. ახლა, სხვადასსხვა დიაპაზონებში მომუშავე ახალი და ძველი ასტრონომიული ინსტრუმენტებით მიღებული მონაცემების შედარებით გაირკვა, რომ სტეფანის კვინტეტის ჯგუფში, აქამდე არნახული დარყმითი ტალღა გაჩნდა. გალაქტიკა NGC 7318B, დანარჩენებს 3,2 მილიონი კილომეტრი საათში სიჩქარით შეეჯახა და წარმოუდგენლად მძლავრი დარტყმითი ფრონტი წარმოიქმნა, რომელიც ზებგერითი სიჩქარით მოძრავი რეაქტიული თვითმფრინავის ხმოვან დარტყმას ჰგავს. ასეთი დიდი სიჩქარეების მიუხედავად, უზარმაზარი ზომების გამო, შეჯახების პროცესი მილიონობით წლები მიმდინარეობს, ხოლო ვარსკვლავებს შორის დიდი მანძილების გამო, მათი შეჯახებებიც იშვიათია, შეშფოთებები, ძირითადად, გალაქტიკებში არსებულ გაზის მასებში ხდება (academic.oup.com) (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).
სტეფანის კვინტეტი
Posted by