კომეტა 29P/შვასმანი-ვახმანი, რომელიც კენტავრების ოჯახს („კენტავრების“ წარმოშობა) ეკუთვნის და მზის სისტემის შიდა ნაწილში მოძრაობს, პერიოდით 14,7 წელი, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, წლის განმავლობაში სიკაშკაშის სწრაფი მატებიბით გამოირჩევა სხვებისგან. ბრიტანელმა მეცნიერებმა კიდევ ერთი ასეთი აელვარება დააფიქსირეს, რომელმაც მისი ნათობა 300-ჯერ გაზარდა (britastro).
კომეტა 29P/შვასმანი-ვახმანი 1 (29P/Schwassmann-Wachmann), 1927 წლის 5 ნოემბერს, გერმანელმა ასტრონომებმა, არნოლდ შვასმანმა და არნო არტურ ვახმანმა, ჰამბურგის ობსერვატორიიდან აღმოაჩინეს, როდესაც მასზე მომხდარმა ანთებამ კომეტის ელვარება 13,5 ვარსკვლავურ სიდიდემდე გაზარდა (თვალით შეიმჩნევა 5m. რაც უფრო მცირეა ეს რიცხვი, მით მეტია ობიექტის ნათობა, გადადის მინუსებშიც).
ამ კრიოვულკანურ კომეტაზე, 48 საათში 4 ამოფრქვევა მოხდა, ხოლო კრიომაგმიდან არეკლილმა მზის სინათლემ ის ასეულობითჯერ ააელვარა. საკმაოდ დიდი ზომის, 60 კილომეტრი დიამეტრის მქონე 29P/შვასმანი-ვახმანი, მეცნიერთათვის გამოცანად რჩება – ამ აფეთქებების პროგნოზირება შეუძლებელია, აქტიური კრიოვულკანიზმის მიზეზი კი ახლაც უცნობია (კრიოვულკანიზმი მზის სისტემაში).
მიუხედავად ამისა, 2010-2014 წლებში ჩატარებული დაკვირვებებით გაირკვა, რომ ამ ანთებებს გარკვეული პერიოდულობა მაინც აქვს, ხდება საშუალოდ ყოველ 57,6 ± 0,4 დღეში. ასეთი პერიოდულობა, ღერძის გარშემო კომეტის ბირთვის ბრუნვით შეიძლება აიხსნას, ხოლო აფეთქებები – კრიოვულკანიზმით.
ამ პროცესების მთავარი მამორავებელი ძალა მეთანის ყინულია, რომელიც ბირთვის ქერქის ქვეშ დნება (წნევაზე >12> კილოპასკალი) და იწყებს ძლიერად აქროლადი აირების შეწოვას, როგორიცაა CO და N2. როცა ასეთი ადგილები მზის მხარეს არის მიბრუნებული, ყონული რბილდება, ქვეშ დაგროვებული გაზი ქერქს აწვება, წნევა ბზარს აჩენს, რომლიდანაც ნახშირჟანგი ამოიფრქვევა და მტვერიც თან ამოაქვს. ამის მერე, პატარა ბირთვის გრავიტაციის ზემოქმედებით, ბზარი იკეტება და ამოფრქვევათა შემდეგი ციკლი მზადდება. ამ პროცესის დროს გამოთავისუფლებული მტვერი და გაზი, იმ პირველადი მატერიის ნაწილია, რომლისგანაც მზე და მისი სისტემის პლანეტები მილიარდობით წლის წინ ჩამოყალიბდა. არსებობს ვარაუდიც, რომ კომეტებში არსებული რთული ორგანული ნაერთები, იმ ნივთიერებათა ნაწილია, რომლებისგანაც ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე გაჩნდა. სწორედ ამიტომ არის კომეტები უაღრესად საინტერესო ასტრონომთათვის (მისია “როზეტა“), რადგან მათში მზის სისტემის ისტორიაა შენახული (ჰიპოთეზა გაზისა და მტვრის დისკოს შესახებ).