ამ მაღალი გარჩევადობის ფოტოზე, სფერული ვარსკვლავთგროვა, კენტავრის ω (ომეგა (NGC 5139) არის გამოსახული, მდებარე 17 000 სინათლის წლის იქეთ დედამიწიდან. 150 სინათლის წლის ზომის გროვაში დაახლოებით 10 მილიონამდე ვარსკვლავია თავმოყრილი. ყოველი მათგანი გაცილებით ხნიერია, ვიდრე ჩვენი მზე. 200 ცნობილი სფერული გროვიდან, რომლებიც ჩვენი გალაქტიკის ჰალოში (სუსტად მანათობელი, გაიშვიათებული გაზებისა და ვარსკვლავებისგან შემდგარი სივრცე გალაქტიკების გარშემო) მოგზაურობენ, კენტავრის ომეგა ყველაზე დიდია. ჩვეულებრივ, გროვის შემადგენელი ვარსკვლავების ასაკი ერთნაირია ხოლმე, თუმცა აქ სხვადასხვა პოპულაციის ვარსკვლავებსაც ვხვდებით, რომელთა ასაკი და მეტალების (წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ნივთიერებებს ასტრონომები მეტალებს უწოდებენ) შემცველობა საკმაოდ განსხვავებულია. როგორც ჩანს, ეს გროვა ჯუჯა გალაქტიკის ბირთვის ნარჩენია, რომელიც წარსულში ჩვენმა გალაქტიკამ მიიერთა.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის ავტორებმა, ამ გროვის 150 ათასი ვარსკვლავის კინემატიკა გააანალიზეს, “ჰაბლის” ოცწლიან არქივში დაგროვებული მონაცემების გამოყენებით და ანომალიურად დიდი სიჩქარის მქონე შვიდი ვარსკვლავი აღმოაჩინეს, გროვის ცენტრიდან 3 კუთხური წამის მანძილზე. გროვის ცენტრის ვარსკვლავების გაფანტვის ორგანზომილებიანი სიჩქარე (ანუ ფიზიკური სიჩქარის პროექცია მზის მიმართულებით პერპენდიკულარულ სიბრტყეზე) 63 კმ/წმ. უტოლდებოდა, ხოლო მათ შორის ყველაზე სწრაფების სიჩქარე 113 კმ/წმ-ს. რომ არა დამატებითი მიზიდულობის წყარო, ეს ვარსკვლავები გროვის ფარგლებს ათას წელიწადში დატოვებდნენ. ხუთი ვარსკვლავის კინემატიკის მონაცემების გამოყენებით, რომელთა მოძრაობების მახასიათებლები განსაკუთრებული სანდოობით დადგინდა, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ძლიერი გრავიტაციის წყარო, შავი ხვრელია, არანაკლებ 8200 მზის მასით. ე.წ. ვარსკვლავური მასის შავი ხვრელებისა (150-მდე მზის მასით) და ზემასიური შავი ხვრელების (მილიარდიბით მზის მასით) არსებობა უკვე დამტკიცებულია, რასაც ვერ ვიტყვით მასებით მათ შორის მოქცეულ შავ ხვრელებზე. კენტავრის ომეგას შემთხვევაში გამოდის, რომ საუბარია დიდი ხნის ნანატრ შუალედური მასის შავ ხვრელზე. თუ ის ნამდვილად არსებობს, უნდა ჩაითვალოს დედამიწასთან უახლოეს მასიურ შავ ხვრელად – რა თქმა უნდა, სანამ ამ ტიტულის სხვა პრეტენდენტები გამოჩნდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ კენტავრის ომეგაში გაზის სიმკვრივე დაბალია, გაზი შავ ხვრელზე უნდა ეცემოდეს (აკრეცია) და თავს სითბური გამოსხივებით ამჟღავნებდეს. ამ გამოსხივების ძებნა “ჯეიმს ვების” კოსმოსური ტელესკოპით განხორციელდება. ასევე აუცილებელია მონაცემების შეგროვება ვარსკვლავების სამგანზომილებიანი სიჩქარის შესახებ გროვის ცენტრთან, რაც გააუმჯობესებს მათი დინამიკის რაოდენობრივ მოდელირებას. ამისთვის საჭირო იქნება ახალი საზომი სისტემები, რომლებიც მომავალ სახმელეთო სუპერტელესკოპებზე დამონტაჟდება.
თუ NGC 1539-ში შუალედური შავი ხვრელის არსებობა დადასტურდება, გაჩნდება კითხვა მათი არსებობის შესახებ სხვა დიდი გროვების ცენტრებში, რომლებიც ჯუჯა გალაქტიკების შთამომავლები არ არიან. ზოგადად, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა წინ (რაც შავი ხვრელების შესახებ უნდა ვიცოდეთ).