მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკოსების (MIT) თქმით, ადრეულ სამყაროში არსებული ფერადი მუხტის მატარებელი, ჰიპოთეტური ეგზოტიური შავი ხვრელები, ახლა, ბნელი მატერიის შემადგენელი შეიძლება იყოს (journals.aps.org).
სტივენ ჰოკინგის ჰიპოთეზის თანახმად (სტივენ ჰოკინგის 4 თეორია, რომლებიც ჯერ არ დადასტურებულა), ბნელი მატერია, დიდი აფეთქების მერევე წარმოქმნილი (წამის მეკვინტილიონედში), ატომის ზომისა და ასტეროიდის მასის მიკროსკოპული ბნელი ხვრელებისგან შეიძლება შედგებოდეს. ახალი კვლევის მიხედვით, ამ პროცესმა კიდევ უფრო პატარა შავი ხვრელები (პროტონზე პატარა) უნდა გააჩინოს, რომელთაც ბირთვულ-ფიზიკური მახასიათებელი, ე.წ. ფერადი მუხტი გააჩნია.
ფერადი მუხტი, კვანტური ქრომოდინამიკით (QCD) აღიწერება (მოკლედ კვანტური ქრომოდინამიკის შესახებ) და გლიუონებსა (ძლიერი ურთიერთქმედების გადამტანი) და კვარკებს მიეწერება. ეს მახასიათებელი ჩვეულებრივი მუხტის მსგავსია, თუმცა არა ორი (+–) ნიშნით, არამედ სამით — წითელი, მწვანე და ცისფერი (არომატული კვარკები 🙂) (მოკლედ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ).
პირველი მეკვინტილიონედი წამის განმავლობაში, მთელი მატერია, გლიუონებისა და თავისუფალი კვარკების ნაზავს წარმოადგენდა, ამიტომ თუ ატომის ზომის ნებისმიერი შავი ხვრელი ამ ნაწილაკებს შთანთქავდა, ფერად მუხტს მიიღებდა. უფრო მეტიც, ექნებოდათ ხვრელისთვის დასაშვები ფერადი მუხტების მაქსიმალური მნიშვნელობა, გახდებოდნენ რა სუპერდამუხტულები.
ფერადი მუხტის მქონე შავი ხვრელები, მატერიის სრულიად განსხვავებული სახე იყო, რომელიც, სავარაუდოდ, გაჩენის მერევე გაქრა (“აორთქლდა“). ამავდროულად, მათ შეეძლოთ გადამწყვეტი როლი ეთამაშათ სამყაროში პირველი ატომური ბირთვების ჩამოყალიბებაში, რომლებმაც შავი ხვრელების გაქრობამდე დაიწყო გამოჩენა. ასეთმა დისბალანსმა შესამჩნევი კვალი შეიძლება დატოვოს, რომლის აღმოჩენაც ასტრონომებს მომავალში შეუძლიათ.
ამგვარად, ამ თეორიული აღმოჩენის თანახმად, პირველადი (პირველყოფილი) შავი ხვრელებით, ბნელი მატერიის ბუნება შეიძლება აიხსნას, რაც ახალი კოსმოლოგიური კვლევების ჰორიზონტებს აფართოებს (მოუხელთებელი ბნელი მატერია; ბნელი მატერია- WIMP, PIDM თუ HYPER?).