ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსური ტელესკოპით აღმოჩენილ ამ მასიურ და მკვრივ გალაქტიკამდე მანძილი ახლა 25 მილიარდი სინათლის წელია (nature.com).
ადრეული გალაქტიკების უკიდურესად სწრაფი წარმოქმნა კოსმოსური ისტორიის პირველი მილიარდი წლის განმავლობაში, გალაქტიკების ფორმირების შესახებ ჩვენს წარმოდგენებს ჩიხში აქცევს. “ჯეიმს ვების” გამოჩენამ კი ეს პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა, დაადასტურა რა დიდი აფეთქებიდან პირველი რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში ფორმირებული გალაქტიკების ნამდვილად არსებობა. ასევე უცნაურია ამ გალაქტიკებში მაღალეფექტური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების სწრაფი შეჩერება, რამაც დიდი აფეთქებიდან 1,5 მილიარდი წლის მერე, სამყაროს, მასიური, მოწითალო და ევოლუციონირებული გალაქტიკები დაუტოვა.
გალაქტიკა GS-9209, დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 600-800 მილიონი წლის მერე წარმოიქმნა და ამ მომენტისთვის, აღმჩენილთა შორის ყველაზე ადრეულ გალაქტიკად ითვლება. მისგან წამოსულმა სინათლემ 12,5 მილიარდი წლის მერე მოაღწია ჩვენამდე, თუმცა, სამყაროს გაფართოების გამო, ის ახლა გაცილებით შორსაა.
მიუხედავად იმისა, რომ GS-9209 დაახლოებით 10-ჯერ პატარაა ირმის ნახტომზე, მასში იმდენივე ვარსკვლავია, რამდენიც ჩვენს გალაქტიკაში. მათი საერთო მასა დაახლოებით 40 მილიარდჯერ აჭარბებს მზის მასას, და მათი ფორმირება ძალიან მოკლე დროში მოხდა, სანამ GS-9209 წყნარ გალაქტიკად გადაიქცეოდა. ახლა გალაქტიკის ასაკი, როგორსაც მას ასტრონომები ხედავენ, 1,25 მილიარდი წელია.
GS-9209-ის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელი, რატომღაც, ასეთი რაოდენობის ვარსკვლავების მქონე გალაქტიკებისთვის დამახასიათებელ ასეთ ობიექტებზე ხუთჯერ მასიურია. ზემასიური შავი ხვრელების ზრდას უზარმაზარი რაოდენობის მაღალენერგიული გამოსხივება ახლავს თან, რომელიც ვარსკვლავების ფორმირებისთვის აუცილებელ გაზს აძევებს გალაქტიკიდან, რამაც GS-9209-ში მნათობების წარმომქმნელი პროცესები შეაჩერა (დიდი აფეთქება, “ჯეიმს ვები” და “პანიკა”).