სტივენ ჰოკინგის ზოგიერთმა თეორიამ რევოლუცია მოახდინა ჩვენს მიერ სამყაროს უკეთ აღქმის საქმეში. მათ რიცხვშია შავი ხვრელების “აორთქლების” პროცესი, რომელსაც ჰოკინგის გამოსხივება უწოდეს, დიდი აფეთქების თეორია და პარადოქსული თეორემა შავი ხვრელის ფართობის შესახებ. თუმცა, ცნობილი ფიზიკოსის ზოგიერთი ჰიპოთეზა ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული და მეცნიერთათვის დღემდე თავსატეხად რჩება.
ინფორმაციის გაქრობა შავ ხვრელში
იგულისხმება ჰიპოთეტური მოვლენა, რომელიც, ჰოკინგის აზრით, შავ ხვრელში უნდა ხდებოდეს. მოვლენა სრულ წინააღდმეგობაშია კვანტურ მექანიკასთან და სერიოზულ პარადოქსს წარმოადგენს, რომლის ამოხსნაზე მეცნიერები ათწლეულებია მუშაობენ.
თვითონ ჰოკინგის წარმოდგენით, სინამდვილეში, ინფორმაცია არ იკარგება. ის ინახება შავი ხვრელის სინგულარობის შემომფარგლავი ნაწილაკების ღრუბელში, რომელსაც მან “რბილი თმები” უწოდა. ამასთან, ამ თეორიის ცალსახა დადასტურება ჯერ კიდევ არ არსებობს (რაც შავი ხვრელების შესახებ უნდა ვიცოდეთ; შავი ხვრელის სინგულარობის მიღმა).
პირველადი შავი ხვრელი
შავი ხვრელები, მასიური ვარსკვლავების კოლაფსის შედეგად ჩნდება. ამასთან ერთად, შეიძლება არსებობდეს შავი ხვრელები, რომლებიც დიდი აფეთქებიდან მალევე სპონტანურად წარმოიქმნა.
ჰოკინგი იყო პირველი, ვინც ეს ჰიპოთეზა წამოაყენა. მისი აზრით, პირველად ხვრელებს ნებისმიერი მასა შეიძლება ჰქონდეს, ძალიან პატარიდან, ძალიან დიდამდე. კოსმოლოგთა ვარაუდით, პირველადი შავი ხვრელები მასებით 1014 -დან 1023 კილოგრამამდე, ბნელი მატერიის სახით შეიძლება იყოს წარმოდგენილი. თუმცა, დამზერით დაგროვებული მონაცემები მიუთითებს, რომ ეს ნაკლებად შესაძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ არ გვაქვს ისეთი მოწყობილობა, რომელიც ამომწურავ პასუხს მოგვცემდა (უახლოესი შავი ხვრელი და შეჯახება პირველად ხვრელთან).
თეორია დაცული ქრონოლოგიის შესახებ
რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, ფიზიკის კანონები დროში მოგზაურობას არ გამორიცხავს. დროში გადაადგილების შესაძლებლობა, აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის ზოგიერთ ზუსტ ამონახსნებში მათემატიკურად არის დადსტურებული, რაც საკუთარ წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას გვაძლევს.
ჰოკინგი თვლიდა, რომ წარსიულში მოგზაურობა ლოგიკურ პარადოქსებს აჩენს, რომლებიც ვერ იარსებებს. ამიტომ, უნდა არსებობდეს აქამდე უცნობი წინაღობა, რომელიც ჩაკეტილი დროისმაგვარი მრუდების წარმოქმნას აფერხებს (დროის მარყუჟი: მოგზაურობა წარსულში).
სამყაროს დასასრულის წინასწარმეტყველება
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, ჰოკინგი სამყაროს აღსასრულის შესახებაც წერდა.
მაგალითად, ის ვარაუდობდა, რომ ჰიგსის ბოზონმა შეიძლება წარმოქნას ვაკუუმური ბუშტი, რომელიც სამყაროს გადაყლაპავს.
გარდა ამისა, ის მტრულად განწყობილი უცხოპლანეტელების გამოჩენასაც გვიწინასწარმეტყველებდა, თვითონ კი მათი ძებნის საქმეში მაინც მონაწილეობდა.
ასტროფიზიკოსის თქმით, სამყაროში 100 მილიარდზე მეტი გალაქტიკაა, მათში არსებული ასეულ მილიონობით ვარსკვლავით. ნაკლებად შესაძლებელია, რომ სიცოცხლე მარტო დედამიწაზე გაჩნდა. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ როგორ გამოიყურებიან ისინი. ” საკმარისია შევხედოთ ჩვენს თავს, რომ გავიგოთ, რამდენად მრავალფეროვანი და განვითარებული შეიძლება იყოს სიცოცხლე. უფრო განვითარებული არამიწირერი ცივილიზაცია დამპყრობელი შეიძლება აღმოჩნდეს, დამპყრობელი, რომელიც ცდილობს მოახდინოს პლანეტების კოლონიზაცია.
პარალიზებული მეცნიერი გვაფრთხილებდა: “უცხოპლანეტელები თუ დედამიწამდე მოვლენ, ვფიქრობ, რომ დაგვემართება იგივე, რაც ინდიელებს დაემართათ, ამერიკაში კოლუმბის გამოჩენის მერე” (”უცხოპლანეტელების მოძებნა თუ გვინდა, ჩვენი თავი მათ ადგილზე უნდა დავაყენოთ”).
მიუხედავად იმისა, რომ სტივენ ჰოკინგი ბევრ რამეში მართალი იყო, იმედია, ამ უკანასკნელში იგი ცდებოდა 🙂