ა.შ.შ-ს მასაჩუსეთსის უნივერსიტეტის პროფესორმა, მარკ ჰაიერმა (Mark Heyer), ირმის ნახტომის გაზის ღრუბლების მოძრაობის შესახებ ბოლო 20 წლის განმავლობაში დაგროვებული მონაცემები მუსიკად გარდაქმნა (techtimes).
2 წთ. და 29 წმ. ხანგრძლივობის კომპოზიცია სპეციალური პროგრამით შეიქმნა, რომელიც მათემატიკურ ალგორითმებს იყენებს. თითოეული ტიპის გაზის ღრუბლისთვის, ინსტრუმენტთა განსხვავბეული ჯგუფი შეარჩიეს. იონიზებული გაზის მოძრაობა – საქსოფონი, ატომურის – აკუსტიკური ბასი, მოლეკულურის – ფორტეპიანო და დასარტყამი ინსტრუმენტები.
ჰაიერი, ”ირმის ნახტომის ბლუზს” რამდენიმე თვე ქმნიდა — ”ასტრონომიაც მიყვარს და მუსიკაც, ეს კი მათი გაერთიანების თავშესაქცევი ფორმაა”.
ირმის ნახტომში 200-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავია. შორეული მომავლისთვის, დაახლოებით 4 მილიარდი წლის მერე, ის, მაგელნის დიდსა და პატარა ღრუბლებს (მეზობელი ჯუჯა გალაქტიკები) მიიერთებს, ხოლო 5 მილიარდი წლის მერე – ანდრომედას შეუერთდება (ქვეყნიერების დასასრული(ირმომედა)).