“მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მთვარე ენცელადეზე ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ” – კვლევის შედეგები დოქტორმა დრეიბექ-მაუნდერმა, 4 ივლისს, ასტრონომიის ეროვნულ შეხვედრაზე წარადგინა (techexplorist.com).
სატურნის პატარა მთვარე ენცელადე დიდი ხანია მეცნიერების გაცხოველებული ინტერესის საგანად არის ქცეული – რამდენიმე წლის წინ, კოსმოსურმა ხომალდმა ”კასინიმ” მის გარშემო წყლის ორთქლის ნაკადები დააფიქსირა.
ახლახანს კი ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევარებმა 30-მეტრი დიამეტრის სახმელეთო რადიოტელესკოპის – IRAM (დასპირტული კომეტა), გამოყენებით ენცელადეს გარშემო ორგანული ნივთიერების – მეთანოლის მაღალი კონცენტრაციები გამოავლინეს. შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ ენცელადეს ზედაპირის ქვეშ არსებულ ოკეანეში კომპლექსური ქიმიური პროცესები მიმდინარეობს.
ენცელადეს ორთქლის ნაკადები სატურნის ამ პატარა მთვარის ზედაპირზე არსებული წყლის ყინულის სქელი ფენების ბზარებიდან ამოიფრქვევა და პლანეტის გარე-E რგოლის არსებობის საფუძველია (რგოლების რუკა). საინტერესოა, რომ მეთანოლის რაოდენობა ენცელადეს ორთქლის ნაკადებში იგივეა, რაც დედამიწისეულ ოკეანეებში.
დოქტორი დრეიბექ-მაუნდერი განმარტავს: „მზის სისტემის შორეულ ყინულოვან მთვარეებზე წყლისა და ორგანული ნივთიერებების არსებობა, შესაძლოა, სიცოცხლის ფორმებზე მიუთითებდეს, თუმცა ენცელადეზე ამ კონკრეტული დაკვირვებების შედეგები მსგავსი განცხადებების გაკეთების საშუალებას არ იძლევა”.
ნუ გამოვიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს:
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მეთანოლის მაღალი კონცენტრაციის არსებობა, სულ მცირე, ორი მიზეზით შეიძლება აიხსნას: 1. ნივთიერება დიდი რაოდენობითაა ენცელადეს ოკეანეში; 2. ნივთიერება ენცელადედან ამოფრქვევის შემდეგ წარმოიქმნება, ვინაიდან ოკეანური ორთქლი სატურნის მაგნიტურ ველში „ჩაიჭირება“ და მზის ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენას განიცდის.
დოქტორი დეივ ქლემენთსი, სამეცნიერო პროექტის ჯგუფის წევრი, მიიჩნევს, რომ დაკვირვების შედეგები მალე, ”კასინის” მიერ ენცელადეზე ჩატარებული დამატებითი კვლევითი მონაცემებით იქნება გამყარებული. თუმცა, ამ ხომალდის მისიის ამოწურვის შემდეგ, მეცნიერებს დედამიწიდან მოუწევთ დაკვირვებების ჩატარება.
დოქტორი დრეიბექ-მაუნდერის თქმით: „კვლევებმა დაადასტურა, რომ ენცელადეზე მოლეკულების დაფიქსირება დედამიწაზე ბაზირებული ტელესკოპების საშუალებითაც შეიძლება, მაგრამ სატურნის მთვარეების ზედაპირისქვეშა ოკეანეების რთული ქიმიური პროცესების გარკვევა, მხოლოდ ორბიტერებით იქნება შესაძლებელი – ეს ის ხომალდებია, რომლებმაც მომავალში უშუალოდ მათი ოკეანეებიდან ამოფრქვეული ორთქლის ნაკადებში უნდა იმოძრაონ“.