NASA–მ „ყინულოვან გიგანტებზე” განსახორციელებელი მომავალი მისიის კონცეფციების შესწავლა დაასრულა

 NASA–მ, პლანეტურ მეცნიერებათა ათწლიანი პროგრამის ფარგლებში,  ამოუცნობ „ყინულოვან გიგანტებზე” განსახორციელებელი მომავალი მისიების უმნიშვნელოვანესი საკითხების მიმოხილვა დაასრულა (nasa.gov), რომლის ფარგლებშიც უზარმაზარ პლანეტებს – ურანსა და ნეპტუნს შეისწავლიან. ეს პროგრამა NASA–ს 2022-2032 წლების პრიორიტეტებშია და მისი განხორციელებისათვის საჭირო ხელსაწყოების, კოსმოსური ხომალდების, ფრენის ტრაექტორიებისა და სხვა ტექნოლოგიური დეტალების დაწვრილებით აღწერას მოიცავს.

 „ჩვენ გვინდა დაწვრილებით აღვწეროთ ამ პლანეტებისა და მათი დინამიური, ყინულოვანი  მთვარეების გარემოსეული პარამეტრები, რგოლების  აგებულება და უცნაური მაგნიტური ველები” – ამბობს NASA–ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის (JPL) მეცნიერი მარკ ჰოფსთადტერი.

 დღემდე, ურანი და ნეპტუნი მხოლოდ ერთმა კოსმოსურმა აპარატმა, „ვოიაჯერ 2“-მა მოინახულა: მან ურანს 1986, ხოლო ნეპტუნს 1989 წელს ჩაუფრინა, როდესაც თავისი გრანდიოზული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში, იუპიტერსა და სატურნს გასცდა (სურ. 1).

სურ. 1. მარცხნივ: 1986 წელს, ურანთან ჩავლისას, ხომალდმა – „ვოიაჯერ 2“, ცისფერი ნისლის გაუვალი ფარდის მიღმა ძალზე მცირე რაოდენობის დეტალები შეამჩნია, რომლის ქვეშაც, მეცნიერთა ვარაუდით, საინტერესო სტრუქტურის ღრუბლოვანი საფარი იმალება. მარჯვნივ: ნეპტუნის ეს გამოსახულება ასევე ხომალდ „ვოიაჯერ 2“–ს ეკუთვნის, ის დიდ ლურჯ ლაქასა და მის გადღაბნილ თანამგზავრს გვიჩვენებს (NASA/JPL-Caltech).

 „ზუსტად არ ვიცით, როგორ ჩამოყალიბდა ეს პლანეტები და მათი მთვარეები; ამ ციური სხეულების დეტალურად შესწავლა აუცილებელია, რომ მიღებული მონაცემები მზის სისტემის წარმოქმნის საერთო თეორიას მივუსადაგოთ” – ამბობს NASA–ს გოდარდის კოსმოსური ცენტრის მეცნიერი ემი საიმონი.

 ანგარიშში დაწვრილებითაა აღწერილი პოტენციური თანამგზავრების, დასაშვები მოდულების, ყველგანმავლებისა და ზონდების ტექნიკური დეტალები, რომლებიც ურანისა და ნეპტუნის, და მათი მთვარეების დეტალურად შესწავლისათვის იქნება გამოყენებული. ამ მისიის ფარგლებში, ხელსაწყოები პლანეტურ ატმოსფეროებში ჩაყვინთავენ და ვიწრო კუთხური ხედვის კამერის გამოყენებით, მათ სტრუქტურულ გამოსახულებებს შესასწავლად დედამიწაზე გადმოაგზავნიან; ზონდები კი ქიმიურ შედგენილობას გაარკვევენ.

 ურანს 27 ცნობილი მთვარე ჰყავს, ნეპტუნს კი – 14. ამ აპარატების მეშვეობით მათი შესწავლაც მოხდება.

 ურანსა და ნეპტუნს „ყინულოვან გიგანტებს” უწოდებენ, თუმცა ნამდვილი ყინული მათში არც ისე ბევრია. სამაგიეროდ, ამ პლანეტების მასის 2/3–ს, როგორც ჩანს, მასიური ოკეანეები შეადგენს, რომლებიც ასევე მასიური ღრუბლოვანი საფარველის ქვეშ იმალებიან. ეს მათ ფუნდამენტურად განასხვავებს “ჭეშმარიტად გაზის” პლანეტების – იუპიტერისა და სატურნისაგან, რომლებშიც მასის 85% გაზია. აქვე გავიხსენოთ, რომ სხვა პლანეტები, მათ შორის ჩვენი მშობლიური დედამიწაც, თითქმის 100%–ით მყარი, კლდოვანი ქანებისაგან შედგება (სურ. 2.). „ყინულოვანი გიგანტების” ჩამოყალიბების ზუსტი მექანიზმი უცნობია, ხოლო მათი ცვალებადი, უცნაურად ორიენტირებული მაგნიტური ველები მეცნიერთა განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს (მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

 სურ. 2. ილუსტრაციები პლანეტების შედარებით ზომებსა და მათ დღეისათვის ცნობილ შედგენილობებს გვიჩვენებს: იუპიტერი და სატურნი თითქმის მთლიანად წყალბადისა და ჰელიუმისაგან შედგება, პატარა პლანეტები – მყარი ქანებისაგან, ხოლო ურანი და ნეპტუნი – დიდი რაოდენობით თხევადი, ზემკვრივი, (სუპერკრიტიკულ) მდგომარეობამდე ჩაპრესილი იონიზებული წყლისაგან (JPL/Caltech, based on material from the Lunar and Planetary Institute).

 შემდეგ დოკუმენტში NASA მისიათა პრიორიტეტული ფორმების დეტალებს განიხილავს, ხოლო საბოლოო, მესამე დოკუმენტში – ფართო საზოგადოებას დამტკიცებულ მისიათა ნუსხას წარუდგენს. ყინულოვანი პლანეტებისა და მათი მთვარეების კონცეფციათა შემუშავება–შესწავლაში აქტიურად მონაწილეობს ევროპის კოსმოსური სააგენტოც – ESA. დოკუმენტის სრული (529 გვერდი) და ასევე, შემოკლებული ვერსიაც, შეგიძლიათ იხილოთ აქ; planetary.org.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.