თეორიული ფიზიკისა და ასტროფიზიკის სფეროში მოღვაწე მეცნიერთა ჯგუფმა, რომელშიც საუთჰემფთონის უნივერსიტეტის(დიდი ბრიტანეთი), ვათერლოოსა და პერიმეტრის ინსტიტუტების(კანადა), INFN, ლეჩესა და სალენტოს უნივერსიტეტის(იტალია) მეცნიერები შედიან, ამტკიცებენ, რომ ჩვენი სამყარო მართლაც უზარმაზარი და რთული ჰოლოგრამაა. მათ, კოსმოსურ მიკრტოტალღურ ფონში(დიდი აფეთქების ”ექო”) არსებული დარღვევებისა და არაერთგვაროვნებების ანალიზი მოახდინეს. ამ ანალიზმა ისეთი რამეები გამოავლინა, რაც ტრადიციული ფიზიკით ვერ აიხსნება, თუმცა, ჰოლოგრამული სამყაროს თეორიის ჩარჩოებში საკმაოდ კარგად ჯდება.
აქ არც აღმოჩენილ ფაქტებზე ვისაუბრებთ, არც გამოთვლებსა და დასკვნებზე, რადგან ძალიან ძნელი და სპეციფიურია. ვისაც მეტი სურს გაიგოს, ნაშრომს ინტერნეტ-ჟურნალში Physical Review Letters შეგიძლიათ გაეცნოთ.
ჰოლოგრამული სამყაროს თეორია, წინა საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში გაჩნდა. ის გვეუბნება, რომ სამივე სივრცული განზომილება და დრო, სამყაროს კიდეების ორგანზომილებიან სიბრტყეშია მოქცეული. ”წარმოიდგინეთ, რომ რასაც თქვენ სამგანზომილებიან სივრცეში ხედავთ, თავისებურ ორგანზომილებიან სიბრტყეშია მოქცეული. ეს იდეა, ჩვეულებრივ ჰოლოგრამებს ეფუძნება, რომელშიც სამგანზომილებიანი გამოსახულების შესახებ ინფორმაცია, პირობითად ორგანზომილებიანი სიბრტყის შიგნით არის მოქცეული. ამ შემთხვევაში, სიბრტყეში არა უბრალოდ გამოსახულებაა ჩაკოდირებული, არამედ მთელი სამყარო” – ამბობს საუთჰემფთონელი მათემატიკის პროფესორი კოსტას სკენდერისი.
სკენდერისის მიერ მოყვანილი მაგალითი ძნელი აღსაქმელია. შეგვიძლია დავამატოთ, რომ ეს ყველაეფრი 3D ფილმის ყურებას გავს, სადაც ორგანზომილებიან ეკრანზე პროეცირებულ სამგანზომილებიან გამოსახულებას ვხედავთ, სიმაღლით, სიგანითა და რაც მთავარია, სიღრმის შეგრძნებით. სამყაროს შემთხვევაში, ამ სამგანზომილებიან გამოსახულებაზე შეხება შეგვიძლია, ყველაფერი აბსოლუტურად რეალურად გვეჩვენება.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, მეცნიერული აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური მიღწევების ხარჯზე, კოსმოსური მიკროტალღური ფონის ”თეთრ ხმაურში”, რომელიც დიდი აფეთქების დროს გამოსხივებულ და ახლა შესუსტებულ სინათლეს წარმოადგენს(სამყაროს გაფართოების გამო), უამრავი რაოდენობის მონაცემი იქნა ამოღებული. ამ ინფორმაციის გამოყენებით, მეცნიერებმა ისეთი არაერთგვაროვნებები აღმოაჩინეს, რომლებიც კვანტური თეორიის განტოლებებით აიხსნება. საინტერესოა, რომ კვანტური თეორიის ყველაზე უფრო მარტივი პოსტულატებით, ადრეული სამყაროსთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა უჩვეულო ეფექტი შეიძლება აიხსნას.
”ფარდობითობის ზოგადი თეორია, მაკროსამყაროს ფიზიკას საკმაოდ კარგად ხსნის, თუმცა, კვანტურ დონეზე – მოიკოჭლებს. კვანტური გრავიტაციის ერთიანი თეორიის შექმნა ვერ ხერხდება და დღევანდელი დღისთვის, მხოლოდ ჰოლოგრამული სამყარო უშვებს ასეთი კავშირის არსებობას” – დასძენს სკენდერისი(როდის შეიქმნება ”ყველაფრის თეორია”?).
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი მტკიცებულებები, ჰოლოგრამული სამყაროს თეორიას განავითარებს, რომელიც სივრცის, დროისა და მატერიის გაჩენის, ყველაზე უფრო ადრეული სამყაროს შესახებ არსებულ შეკითხვებზე მოგვცემს პასუხებს(სამყარო ჰოლოგრამაა?!; ჰოლომეტრი: დრო-სივრცის მიკროსკოპი; ვირტუალური სამყარო – ახალი რელიგია?).