სატურნის ყველაზე დიდი ბუნებრივი თანამგზავრის, ტიტანის სტრატოსფეროში, ნასას სპეციალისტთა მიერ აღმოჩენილი ღრუბელი, ამ ციური სხეულის შესახებ არსებულ ყველა მონაცემს ეწინააღმდეგება.
ნახშირბადისა და აზოტის შენაერთებისგან(აცეტილენდინიტრილი) შემდგარი ღრუბელი, სატურნის ორბიტაზე მოძრავმა ავტომატურმა თანამგზავრმა – ”კასინი”, აღმოაჩინა. ტიტანზე ღრუბლების ფორმირება იგივენაირად ხდება, როგორც დედამიწაზე და მეცნიერების გაღიზიანებას ამ ობიექტში აღმოჩენილი გაყინული ქიმიური ნივთიერებები იწვევს.
პირველად, მსგავსი მოვლენა კოსმოსურმა აპარატმა – ”ვოიაჯერი”, 1980 წელს დააფიქსირა, თუმცა მაშინ ღრუბლის ქიმიური შემადგენლობა ვერ დადგინა. ინფრაწითელი დიაპაზონის კომპოზიტური სპექტრომეტრის(CIRS) დახმარებით გაირკვა, რომ ობიექტის წარმოსაქმნელად ასჯერ მეტი აორთქლებული აცეტილენდინიტრილია საჭირო. ქერი ანდერსონის თქმით(NASA,CIRS), ამ უჩვეულო მოვლენის აღმოჩენა, დედამიწისა და ტიტანის სტრატოსფეროთა ერთნაირობაზე შეიძლება მეტყველებდეს. დედამიწაზე ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა ქლორის შემცველი ნივთიერებები გაყინული წყლის კრისტალებს უერთდება(ადრე, დედამიწის ატმოსფერო ტიტანისას ჰგავდა).
”კასინი”, სატურნთან 2004 წლის 30 ივნისს მივიდა და მის პირველ ხელოვნურ თანამგზავრად იქცა, ორბიტალური სიჩქარით 15 კმ/წმ. ”კასინის” ბორტზე მიმაგრებული იყო ზონდი ”ჰიუიგენსი”, რომელიც 2005 წლის 14 იანვარს, სატურნის უდიდეს თანამგზავრზე, ტიტანზე დაეშვა. „კასინისა“ და ტიტანის ჩახლართული „ცეკვა“, მისიის „დამასრულებელი აქტისთვის“ მზადებაა – 2017 წლის 15 სექტემბერს, ის სატურნის ატმოსფეროში შეიჭრება და არსებობას შეწყვეტს.