პლუტონის ცისფერი ცა

 ავტომატურმა ზონდმა – ”ნიუ ჰორაიზონსი” (ახალი ჰორიზონტები), პლუტონის ცისფერი ცა გადაიღო და გაყინული წყლის მარაგი აღმოაჩინა (nasa).

 თხელი ატმოსფეროს სურათი, რომელიც ძალიან ჰგავს ტიტანის ატმოსფეროს, ზონდზე არსებული მრავალსპექტრული კამერით (MVIC) მიიღეს, მას ისეთს ვხედავთ, როგორსაც ადამიანის თვალი დაინახავდა.


“New Horizons”(NASA).

 კვამლისებური სფეროს მოცისფრო იერი, აზოტისა და მეთანის ურთიერთქმედებით აიხსნება, რომელიც პლუტონის ატმოსფეროს ზედა ფენებში მზის სინათლის მოქმედებით მიმდინარეობს. რეაქციით მიღებული თოლინები (მძიმე ნახშირწყლები), უმცირესი ნაწილაკების სახით, პლუტონის ზედაპირზე ცვივა. სპეციალისტთა აზრით, ამ ნაწილაკების ფერი რუხი ან წითელი უნდა იყოს. ის ფაქტი, რომ ნაწილაკებზე ცისფერის გაბნევა ხდება, მათ მცირე ზომაზე მიუთითებს (თინდალის ეფექტი).

plutonis yinuli

 ზონდზე არსებული სხვა ინსტრუმენტით – Ralph (ხილული და ინფრაწითელი დიაპაზონების კამერა), გაყინული წყლის მარაგებიც აღმოჩინეს, მთელს პლანეტაზე გაბნული უამრავი პატარა წარმონაქმნების სახით. ყინულის მეტი რაოდენობა, რატომღაც იქ არის, სადაც მოწითალო ფერის თოლინების ნალექებია.

sterni alan
ალან სტერნი, პლუტონის აღმომჩენის – ქლაიდ თომბოს სურათით ხელში.

 ”ეს მიკროსამყარო ცოცხალია…. არის ამინდი” – ამბობს პლანეტოლოგი ალან სტერნი. საუბარია აქტიურ გეოლოგიაზე და ამინდზე, რომელიც მზის სისტემის ყოფილ პლანეტაზე დაიმზირება. ”2015 წელი სამუდამოდ შევა მეცნიერულ სახელმძღვანელოებში” – დასძენს სტერნი.

 შეგახსენებთ, რომ ავტომატური ინტერპლანეტური სადგური ”ახალი ჰორიზონტები”, 2015 წლის 5 სექტემბრიდან გადავიდა მონაცემთა გადმოცემის პიკურ ფაზაზე, მონაცემებისა, რომლებიც 14 ივლისს, პლუტონთან მაქსიმალურად მიახლოების დროს შეაგროვა. ათობით გიგაბაიტი მონაცემების გადმოცემა ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. აპარატმა მოგზაურობა გააგრძელა და 2019 წლის იანვარში, ასტეროიდი 2014 MU69, იგივე აროკოთი შეისწავლა (კიდევ მისია ”ნიუ ჰორაიზონსი”-ს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.